„თუკი 8 მარტს მოხდა შეთანხმება, მაშინ უნდა აღასრულო - ტყუილი უფრო უარესია, ვიდრე შეთანხმების დარღვევა“

„თუკი 8 მარტს მოხდა შეთანხმება, მაშინ უნდა აღასრულო - ტყუილი უფრო უარესია, ვიდრე შეთანხმების დარღვევა“

„ე.წ. პოლიტპატიმრების თემით ასეთი აპელირება რომ ხდება და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებმა უნდა გადაგვიწყვიტონ, როგორ წარიმართოს საქართველოში პოლიტიკური პროცესები, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის სუვერენული“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი.

8 მარტის შეთანხმების თაობაზე ამხელა დაპირისპირება წარმოიშვა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. მხარეები ერთმანეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას შეთანხმების ჩავარდნის გამო. ხომ არ მანიპულირებს ორივე პარტია და რამდენად არის არსებითი პოლიტპატიმრების გამოშვების საკითხით აპელირება, ისევე, როგორც საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა?

- საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა აუცილებელია, მთავარია, ეს საკითხი დროში მოესწროს და ხელოვნურად არ გაიწელოს. „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, ხელოვნურად არ გაიწელოს ეს პროცესი. აქ მეორე საკითხია, პოლიტპატიმრები არიან თუ არა ეს ადამიანები?! ამ ხალხს იმდენად მძიმე წარსული აქვს, რომ პოლიტპატიმარს ვერ ვუწოდებთ, უბრალოდ, ბევრ კითხვას აჩენს თავად ის პროცესი, როგორც მოხდა მათი დაკავება. მიუხედავად იმისა, მე რა დამოკიდებულება მაქვს მათ მიმართ, მამუკა მდინარაძეს, თუ არჩილ თალაკვაძეს რა განწყობა აქვთ ამ ადამიანების მიმართ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუკი 8 მარტს მოხდა შეთანხმება მათ გათავისუფლებაზე, მაშინ ეს იქნება სიტყვის გატეხვა. თუ შეთანხმებას მიაღწიე, ცხადია, უნდა აღასრულო ის, რაც იმ შეთანხმებაში წერია. ტყუილი უფრო უარესია, ვიდრე შეთანხმების დარღვევა.

მაგრამ ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, რა შეთანხმებას მიაღწიეს დახურულ კარს მიღმა მხარეებმა.

- ამას ვერ გავიგებთ. პოლიტიკური პარტიები ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, რომლის არც სტენოგრამა არსებობს, არც წერილობითი დოკუმენტი, რაც გამოააშკარავებდა ან ერთი, ან მეორე მხარის გეგმას. ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ ყველა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რადგან საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებაში ამხელა ვნებათაღელვაა, კომპრომისზე უნდა წავიდნენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, თუნდაც ის, ვინც არ თვლის ამ ადამიანებს პოლიტპატიმრებად, ისინიც უკვე მოწადინებულნი არიან, რაღაც შეიცვალოს, რადგან დაიღალა ხალხი საარჩევნო სისტემაზე ლაპარაკით. ერთხელ და სამუდამოდ, ეს პროცესი უნდა დასრულდეს. თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება საქართველოში, რეალურად, ეს ადამიანებზე არ აისახება. იმ პოლიტიკურ პარტიებს რომ გადახედოთ, რომლებიც ასე გამალებით იბრძვიან ამ სისტემის შენარჩუნებისთვის, თუ შეცვლისთვის, ყველა მიხვდება, რომ ეს პარტია გინდა აგირჩევია, გინდა არა. აქედან გამომდინარე, ხალხს აქვს განწყობა, ერთხელ და სამუდამოდ, ეს პროცესი დასრულდეს. ეს ბერკეტი მთლიანად „ქართული ოცნების“ ხელშია, რომ სწრაფად დაასრულოს ეს პროცესი.

ყველაზე ცუდია, რომ დღეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებით მანიპულირება მიმდინარეობს. ზოგიერთი განცხადება გულწრფელია, ზოგიერთი კი მოტივირებულია კონკრეტულ პარტიასთან კავშირით. ამ საკითხის ასეთი ხარისხით აპელირება რომ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის სუვერენული და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებმა, სხვა ქვეყნის ელჩებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ წარიმართება საქართველოში პოლიტიკური პროცესები. დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის რჩევის მომცემი უცხოელების უმეტესი ნაწილი საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერია, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც მთავარი არგუმენტი ხდება ის, რომ რომელიღაც ევროპარლამენტარმა, ან რომელიღაც ქვეყნის ელჩმა რახან ასე თქვა, ეს არის მართალი და ამიტომ უნდა შევასრულოთ მისი მოთხოვნა, ეს საკუთარი სუვერენიტეტის საკუთარივე ხელით უგულებელყოფაა. სანამ არ გვექნება უნარი, ჩვენვე გადავწყვიტოთ პრობლემები, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები იქნებიან ოპოზიციაში, მანამ „ქართულ ოცნებას“ ყოველთვის ექნება მცირე მორალური უპირატესობა, ნებისმიერი რამ მიასაღოს საზოგადოებას. „ნაცმოძრაობა“ ისეთი შავი ლაქაა საქართველოს ისტორიაში, რომ მის ფონზე ნებისმიერი ქმედების გამართლება ხდება.

ცალკეული ექსპერტები გამოდიან რჩევით, ხომ არ სჯობს, ხელისუფლებამ სხვებსაც გადაუნაწილოს ძალაუფლება, რადგან ძალიან რთული წელი ელოდება კორონავირუსის შემდგომ პერიოდში ხელისუფლებას და მხოლოდ „ნაცებისა“ და „ქართულ ოცნების“ გამუდმებული ორთაბრძოლის მომსწრენი არ უნდა გავხდეთ.

- ერთხელ თქვა გიორგი მარგველაშვილმა, დემოკრატია უნდა იყოს მრავალპარტიული. ეს არ არის უბრალოდ ვიღაცის სურვილი, ეს დაფუძნებულია იმაზე, ვინ შევა პარლამენტში, ვინ იქნება მმართველი ძალა, რამდენი იქნება ოპოზიცია, იქნება თუ არა კოალიცია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალთა ბალანსზე. ამიტომ არაფრის მომცემია ექსპერტების მხრიდან თეორიული ოცნება იმაზე, როგორი მოდელი იქნებოდა უკეთესი. ამას სჭირდება ბრძოლა და არა თეორიულ მსჯელობაში ამ პროცესის გადაყვანა. მეც ვიცი, რომ ასეთი მოდელი კარგი იქნებოდა, მაგრამ ამას სჭირდება კონსოლიდაცია, მთლიანი მედიასივრცის ცვლილება, რომ მედიამ შინაარსზე გააკეთოს აქცენტი და ყოველდღიურად ამ პარტიების სისულელეებს არ გვაყურებინოს.

პოლიტიკოსებს შორის მართლაც პაექრობა უნდა იყოს, ადამიანებს რეალური არჩევანი უნდა ჰქონდეთ, თუ ვის როგორი ხედვა აქვს საზოგადოების ცხოვრებაზე. ამას ხალხის გააქტიურება სჭირდება. როგორც ჩანს, პოლიტიკური კლასი ამ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. ამდენი წელია, ვერავინ აიღო ეს პასუხისმგებლობა. ამიტომ საზოგადოებამ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა გამომდინარე იქიდან, რომ უნდობლობა და დიდი ნაპრალია საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის.

თუკი ვირწმუნებთ, რომ პოლიტპატიმრების ნაწილში ოპოზიცია მართალია, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი სიტყვის უკან წაღების გამო უკვე მეორედ მიადგა რეპუტაციული ზიანი „ქართულ ოცნებას“?

- რეპუტაციული ზიანი დიდი ხანია, მიადგა „ქართულ ოცნებას“. ეს ზიანი მიადგა მაშინ, როდესაც ყველა პროგრესული რეფორმის რევიზია მოხდა, რომელიც 2012 წელს იყო გაცხადებული, რადგან ხან მსხვილ ბიზნესსა და ბანკებს ვერ გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა, ხან ვიღაცის ინტერესებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, „ოცნებასთან“ დაკავშირებულნი აღმოჩნდნენ, ამას დაემატა მოსამართლეების საკითხი. არაფერს ვამბობ, რომელი სისტემაა უკეთესი, მაჟორიტარული, პროპორციული, თუ სხვა, უბრალოდ, სიტყვის გატეხვაა ძალიან ცუდი. მაჟორიტარული და პროპორციული იქნება თუ არა სისტემა, ეს კი არ არის პრობლემა, არამედ პოლიტიკოსი რომ თავის თავს უფლებას აძლევს, რაღაცას დაჰპირდეს მთელ საზოგადოებას, თვითონ აწარმოოს კამპანია და შემდეგ უარი თქვას დანაპირებზე, გადააგდოს საზოგადოება.

„ქართული ოცნების“ მიერ დანაპირების შეუსრულებლობა ხომ არ ნიშნავს, რომ სიმპათიები „ნაცებისა“ და „ევრონაცების“ სასარგებლოდ მიემართება?

- „ნაციონალებს“ ჰგონიათ, რომ ლეგიტიმაცია გააჩნიათ. არჩევნებზე ბევრი ადამიანი, რაღაც მოსაზრებებით, სამწუხაროდ, შესაძლოა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს მხარს უჭერს და არა „ნაციონალურ მოძრაობას“. მითი, თითქოს მან ვითომ რეფორმები გაატარა, დღესაც ჩანს. რეალურად, დღეს ჩვენ ყველაზე პერიფერიული ეკონომიკა გვაქვს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი ყველაზე პერიფერიული ეკონომიკა. „ქართულმა ოცნებამ“ ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით იგივე კურსი გააგრძელა, მაგრამ, რადგან საკუთარი მედია აქვთ, ასე ჩანს, თითქოს რაღაც ლეგიტიმაცია და ძალა ამ პარტიებს გააჩნიათ. მართლაც გაცოფებული რევანშისტული ძალა - „ნაცმოძრაობა“ რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, მის წინააღმდეგ მთელი ერი გაერთიანდება. ეს წარმოუდგენელი ამბავი იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროცესით „ოცნება“ გადარჩება. ადამიანები „ნაციონალების“ მიმართ არიან სიძულვილით გამსჭვალულნი, თორემ თამაში, რასაც „ოცნება“ თამაშობს, გინდაც ამ პანდემიის პერიოდში, რომ მე ვარ და ჩემი ნაბადი და არ მაინტერესებს სხვისი მოსაზრება, სიძულვილით არ განაწყობს ადამიანებს „ოცნების“ მიმართ, უბრალოდ, „ქართული ოცნება“ იქნება ის ძალა, რომლის არჩევის სურვილიც არავის ექნება. ადმინისტრაციული და სხვა რესურსების საფუძველზე მოახდენს თავის კვლავწარმოებას. ეს ამ ქვეყნის განვითარებისთვისაა დიდი ტრაგედია. ვიღაცას დეპუტატის მანდატი ექნება, თუ არ ექნება, ცისფერი ლოგო ექნება თუ არა „ოცნებას“ და ექნება თუ არა რამდენიმე ოფისი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ქვეყნის განვითარება არ შეფერხდეს.

 

Aburjga Tasmanieli ორი პოლიტიკური პარტია (სინამდვილეში ორი სექტა) ხალხის ზურგს უკან საიდუმლოდ გაურიგდა ერთმანეთს და გარკვეული მანჭვა გრეხის შემდეგ (დაახლოებით 2 თვე გაგრძელდა) პრეზიდენტი იძულებული გახდა შეესრულებინა ამ ნაძირალა სექტანტების საიდუმლო გარიგება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოსადმი აშკარად მტრული ძალები დასავლეთიდან ღიად-საჯაროდ გვემუქრებოდნენ, რომ გადაწყვეტილება რაღაც გროშების გამოყოფაზე, რომელიც თითქოს გამოგვიყვეს, კოვიდით დაზიანებული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად (???) გადაიხედებოდა თუ პრეზიდენტი არ შეიწყალებდა მძიმე, კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებულ და გასმართლებულ 2 პირს, და 1 გაუსამართლებელ, მაგრამ ბრალდებულ განგსტერს! ასეთია მოკლე შინაარსი ამ ამბისა. ეს არის იმ სისტემური მოვლენის 1 კერძო, ოღონ ძალიან ცხადი გამოვლინება, რომელსაც გამუდმებით გენერირებს ე.წ. დემოკრატია, თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია! როგორც ვიცით დემოკრატიის არსებობის აუცილებელი ნაწილია პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირება! ბოლო 32-35 წლის მანძილზე საქართველოში ჯერ იატაკქვეშეთიდან, შემდეგ კი ლეგალურად მომქმედი პოლიტიკური პარტიები თავიანთი მოქმედებით არიან ისეთი საშინელი მოვლენების გენერაციის წყარო როგორებიცაა: სამოქლაქო ომი, სამშობლოს ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა, ეკონომიკის გაჩანაგება, რაიონების, სოფლების დაცლა, დემოგრაფიულ- ემიგრაციული კრიზისი, ქართული ენის დაკნინება დამრცობა, იერიში მართლმადიდებლურ მრწამსსზე, ერისათვის ყალბი არაქრისტიანული (ლგბტ და სხვა) იდეოლოგიის თავს მოხვევა, სიწმინდეების, ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფა.... და კიდევ მრავალი სხვა, რომელი ერთი მოვთვალო?! კიდევ რა უნდა მოხდეს, როდის უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რომ ბოროტების სათავე საერთოდ პოლიტიკური პარტიების არსებობაშია! ყველაფერ ამ უმსგავსობას ცხადია, ყველა ხედავს, მაგრამ რატომღაც პოლიტიკური პარტიების არსებობა ისეთ აქსიომად განიხილება, რომელიც ევკლიდეს მე-5 პოსულატზე მყარად დგას რიგითი მოქალაქის ფსიქიკაში! შეიძლება ჩვენი საყვარელი სამშობლო საქართველო აღარც კი იყოს, მაგრამ პოლიტიკური პარტიები აუცილებლად უნდა ფუნქციონირებდნენ! ასეთია დღევანდელი მოცემულობა. ამიტომ სათავეშივე უნდა მოხდეს პრობლემის აღმფხვრა - პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე უნდა დაწესდეს მინიმუმ 25 წლიანი მორატორიუმი. პარლამენტის პროპორციული არჩევნებიც შესაბამისად უნდა გაუქმდეს. სრული ძალაუფლება პრეზიდენტს. მთავრობა არჩევითი! ...
3 წლის უკან