ზურაბიშვილის „გადაწყვეტილება“ - ოპტიმალური გამოსავალი თუ მათხოვრობა დასავლეთის კარზე?!

ზურაბიშვილის „გადაწყვეტილება“ - ოპტიმალური გამოსავალი თუ მათხოვრობა დასავლეთის კარზე?!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციისა და მათთან დაახლოებული დასავლელი პარტნიორების მიერ პოლიტპატიმრებად შერაცხული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. როგორც თავად აღნიშნა, გადაწყვეტილება მან პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად მიიღო და არა პოლიტპატიმრები, არამედ დამნაშავეები გაათავისუფლა:

„არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ სრული სერიოზულობით ვაცხადებ, რომ საქართველოში დღეს პოლიტპატიმრები არ არსებობენ. დამნაშავე დამნაშავედ რჩება, სასჯელისგან თავისუფლდება და არა დანაშაულისგან... მარტო ჩემი პასუხისმგებლობით ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან. პრინციპულობის გამო, ჩემს ემოციებსა და პირად შეხედულებებს ვერ და არ დავაყენებ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ!“, - ეს იყო პრეზიდენტის არგუმენტი.

მანამდე კი, მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა:

საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა და გაჩნდა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე, საპარლამენტო არჩევნები ორივე მხარისთვის მისაღები მოცემულობით, მშვიდ გარემოში ჩატარდებოდა. მოლაპარაკება 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შედგა. სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია თავიდან აიცილონ და შესაბამის დოკუმენტსაც ხელი მოაწერეს.

აღნიშნულ საკითხს ანალიტიკოსთა ნაწილი, იმთავითვე ფრთხილი ოპტიმიზმით მოეკიდა და ეჭვი გამოთქვა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემის გარშემო გაერთიანება, მხოლოდ ფორმალური ხასიათის შეიძლებოდა ყოფილიყო, რაც დიდიწილად, დასავლელი პატრნიორების გავლენის შედეგად მოხდა. მათივე განმარტებით, ამ ნაბიჯით ხელისუფლება, ოპოზიციის სასარგებლოდ, კომპრომისზე წავიდა და მათ, შეთანხმების მისაღწევად, ოპტიმალური გამოსავალი შესთავაზა...

ეჭვი მალევე დადასტურდა და გაირკვა, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის, საარჩევნო სისტემის ასეთი მოცემულობა სულაც არ ყოფილა ერთადერთი პირობა. მათი განცხადებით, შეთანხმება ე.წ. პოლიტპატიმრების, გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასაც ითვალისწინებდა.

ოპოზიციის მოთხოვნებს მხარს უჭერდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ამერიკელი და ევროპელი პატრნიორები და საქართველოს ხელისუფლებისგან ე.წ. პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიერ 500 მილიონი ევროს ოდენობის თანხით დახმარება, რასაც ევროკავშირი საქართველოს რეფორმების განხორციელების, COVID -19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და მის მიერ გამოწვეულ სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად ჰპირდებოდა, შესაძლოა, გადახედილიყო, რადგან საქართველოს შემთხვევაში, დახმარების საკვანძო კომპონენტი დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან:

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის დახმარების ხარჯების ნაწილი დაკავშირებული იქნება განსაკუთრებულ პირობებთან საქართველოსთვის, კონკრეტულად მიმდინარე რეფორმების დანერგვასთან კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემისა და საარჩევნო რეფორმის მიმართულებით“, - აცხადებდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი.

აქვე, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიში პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა მარტში გაფორმებული ხელშეკრულების დაცვისკენ: „დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“. პერიოდულად, მსგავსი შინაარსის განცხადებებს აქვეყნებდნენ: წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი, ევროპარლამენტის პოლონელი წევრი ანდჟეი ჰალიცკი, შეხვედრის ფასილიტატორები და მოუწოდებდნენ საქართველოს ხელისუფლებას, შეთანხმების მეორე ნაწილის თანახმად, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ პოლიტპატიმრები: გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი.

სენატორთა და კონგრესმენთა მოთხოვნის საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე განმარტავდა, რომ იმ პირთა გათავისუფლება, რომელთაც ოპოზიცია პოლიტდევნილებად წარმოაჩენდა, საზოგადოებისთვის მიუღებელია და მოუწოდებს იმ დიპლომატებს, რომლებიც მოდერატორებად იყვნენ წარმოდგენილი ოპოზიციისა და ხელისუფლებას შორის გამართულ შეხვედრებზე, საჯაროდ დაედასტურებინათ, რომ ოპოზიციის პატიმარი ლიდერების გათავისუფლების საკითხი 8 მარტის მოლაპარაკებაზე არ განხილულა:

„ვთხოვთ მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ მოლაპარაკების შინაარსს. კერძოდ, ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემისა და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება“.

ამერიკელ სენატორ ჯიმ რიშს კი, მოწოდების საპასუხოდ, აშშ-ის მოქალაქემ თამარ თორაძემ ღია წერილით მიმართა:

„1992 წლის თებერვალში, გიორგი (ჟორიკა) რურუამ, თავისი ბანდის წევრებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ჩემი ძმები - ზაზა და ლაშა თორაძეები. 1992 წლის 3 მარტს, გიორგი რურუამ და მისმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ, საავადმყოფოდან მომავალი, მანქანაში ჩაცხრილეს ჩემი ძმა ლაშა, ასევე ჩემი დედა და მამა. შემდეგ - ჩვენს სახლს ალყა შემოარტყეს და ჩემი და მცირეწლოვანი დების თვალწინ ჩაცხრილეს ჩემი ორი ძმა - კახა და იმედო. რამდენიმე ხანში გიორგი რურუამ და მისმა დაჯგუფებამ, მიაგნეს და გაიტაცეს ჩემი უფროსი ძმა - ზაზა. ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ კი, ჩემი უმცროსი ძმა, პაატა გაიტაცეს. ზაზას და პაატას ასავალ-დასავალი დღემდე არ ვიცით - ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულები არიან“.

For.ge-ს კითხვებზე, არსებული კანონმდებლობით, რა შემთხვევაში აღიარებენ დამნაშავეს პოლიტპატიმრად და უგულავას, რურუასა და ოქრუაშვილის პოლიტპატიმრად მოხსენიების რა საფუძვლები არსებობს, ადვოკატი ლაშა სტურუა განმარტავს, რომ ევროპის საბჭოს რეზოლუციის თანახმად, სადაც პოლიტპატიმრის საბოლოო დეფინიცია განისაზღვრა, ეს ადამიანები პოლიტმატიმრები არ არიან:

„ევროსაბჭოს კრიტერიუმები ყველა იმ საქმეს მოიცავს, სადაც იკვეთება პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებების ალბათობა. ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსის სტანდარტი განსაზღვრულია 2012 წლის 26 ივნისის ევროპის საბჭოს რეზოლუციით, შემდეგი კრიტერიუმებით:

 ა) ადამიანს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის დანაშაული და საქმე მთლიანად გაყალბებული იყო...

ბ) ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ სასჯელი დანაშაულის არაპროპორციული, მკაცრი იყო;

გ) გამოძიებამ და სასამართლომ ბრალდება სამართლიანობის პრინციპის დარღვევით განიხილა;

დ) ბრალდება მოიცავს როგორც ჩადენილ, ასევე გამოგონილ დანაშაულს;

ე) ადამიანი, სხვა პატიმრებთან შედარებით, პატიმრობის უარეს პირობებშია (დისკრიმინაციის პრინციპი).

ვარაუდი, რომ პირი პოლიტიკური პატიმარია, უნდა დადასტურდეს prima facie „პირველადი მტკიცებულებებით“, რის შემდეგაც, სახელმწიფომ, რომელმაც თავისუფლება აღუკვეთა ამ პირს, უნდა დაამტკიცოს, რომ საქმის არსი, რისთვისაც გამოყენებულია აღკვეთის ეს ზომა:

ა) სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს;

ბ) დაცული იყო პროპორციულობისა და არადისკრიმინაციულობის მოთხოვნები და თავისუფლების აღკვეთა არის სამართლიანი პროცესუალური გარჩევის შედეგი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაკვირველია, ეს ადამიანები პოლიტიკურ პატიმრებად არ შეიძლება ჩაითვალონ.

რაც შეეხება შეწყალებას, ეს არ გახლავთ სამართლებრივი აქტი, ეს პოლიტიკური აქტია, რომლის მიხედვითაც, მსჯავრდებული თავს სცნობს დამნაშავედ და წერს განაცხადებას შეწყალებაზე. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს უფლება (და არა ვალდებულება), შეიწყალოს დამნაშავე. პრეზიდენტს აქვს დამნაშავის შეწყალების უფლება საკუთარი ინიციატივითაც, ანუ იმ შემთხვევაშიც, თუკი მას ბრალდებული განაცხადით არ მიმართავს“, - განმარტავს იურისტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ, პრეზიდენტი სწორედ რომ საკუთარი ინიციატივით, სრულიად მოულოდნელად ათავისუფლებს ციხიდან „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ხაზგასმით აცხადებს, რომ არავის, სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, შიშით თუ რეკომენდაციით არ იწყალებს, ეს მხოლოდ მისი ექსკლუზიური უფლებაა:

„არავის, არც მანამდე და არც ახლა არ ვიწყალებ სხვისი თხოვნით, კარნახით, ზეწოლით, მუქარით, რეკომენდაციით, შიშით თუ კიდევ რამით და ეს უკვე არაერთხელ დავამტკიცე. პრეზიდენტის ამ ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე არავინ „უნდა“-თი არ უნდა საუბრობდეს, მით უმეტეს, არ ვიწყალებ ჩემს გარეშე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც არც მონაწილეობა მიმიღია და არც ინფორმირებული ვყოფილვარ. თუმცა, არაერთხელ შევთავაზე მხარეებს საპრეზიდენტო პლაფტორმის გამოყენება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური შეცდომაა დამნაშავეების ბედი პირდაპირ თუ ირიბად, თუნდაც განიხილებოდეს საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება თვითონ შეწყალებული პატიმრებისთვისაც ისეთი მოულოდნელია, რომ საპატიმროდან გათავისუფლებულები უცებ, ვერც კი აცნობიერებენ, უსაყვედურონ თუ მადლობა გადაუხადონ სალომე ზურაბიშვილს. მაგალითად, დაბნეული გიგი უგულავა თავსდამტყდარ ბედნიერებას „ძუძუების დალოცვად“ მიიჩნევს, ბიძინა ივანიშვილს კი „ჩაინიკს“ ადარებს და მისთვის არც რჩევის მიცემა ეზარება:

„სალომე ზურაბიშვილი ბოლო სიტყვებით მლანძღავდა, მაგრამ მივხვდი, რომ ძუძუები ილოცებოდნენ ამ დროს... შემიძლია ივანიშვილს მისთვის გასაგებად ვუთხრა, როცა გეუბნებიან, „ჩაინიკი“ ხარო, ერთი ადგილიდან ბოლი უნდა გამოუშვა, მთელმა მსოფლიომ უთხრა, რომ „ჩაინიკია“ და შესაბამისად, უნდა იმოქმედოს“, - განაცხადა უგულავამ.

მადლიერებას ციხიდან გათავისუფლებული ირაკლი ოქრუაშვილიც თავისებურად გამოხატავს და მადლობას ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს უხდის:

„ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა... მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში, რომლის ნაწილიც, რა თქმა უნდა, ჩვენი გათავისუფლება იყო. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ოპოზიციის ყველა ლიდერს და განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს, ასევე ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს! რომ არა მათი ძალისხმევა, მათი შეფასებები, ალბათ, ეს შედეგი არ დადგებოდა“, - აღნიშნავს ოქრუაშვილი...

საგულისხმოა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მადლიერების ობიექტები სრულიად სამართლიანად განსაზღვრა, რადგან სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, ოპოზიციის გარდა, აღფრთოვანებული დარჩა: კელი, კარლი, ანდრიუსი, მარინა, ანა, ჯეიმსი, ჯიმი, ანდჟეი, ადამი, ვიოლა... და ფასილიტატორთა სრული შემადგენლობა... სენატორები საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურნენ და ერთსულოვნად აღნიშნეს, რომ ეს არის 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილი.

„მტკიცედ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად განახორციელონ შეთანხმება მისი შინაარსის და სულისკვეთების დაცვით და საკუთარი როლი შეასრულონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღებაში, შემოდგომაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. კვლავ ყურადღებით დავაკვირდებით 8 მარტის შეთანხმების ყველა ასპექტთან დაკავშირებულ სამომავლო წინსვლას“ , - განაცხადეს მათ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მოულოდნელი აღმოჩნდა მმართველი გუნდის არაერთი წარმომადგენლისთვისაც. მაგალითად, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას, საზოგადოების რისხვის შიშით, უბრალოდ, ვერ გაბედავდა... „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ გარკვეულ საკითხებში პრეზიდენტს პრინციპულად არ ეთანხმება, თუმცა თვლის, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ, მათი ყოფნა პოლიტიკაში... „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ კი ფაქტი პოლიტიკოსისთვის გასაგებ, თუმცა არაპოპულარულ გადაწყვეტილებად შეაფასა და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონია. აქვე, მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ პოლიტიკური პირების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა...

ეს ყველაფერი, წესით, მომავალი არჩევნების მშვიდ და ურთიერთშეთანხმებულ გარემოში ჩატარების გარანტი უნდა იყოს, რომ არა ერთი გარემოება - ოპოზიცია და დასავლეთი „სანახევრო ფეხმძიმობას“ არც ამჯერად სჯერდება და გიორგი რურუას გათავისუფლებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოიკოტის გაგრძელებით იმუქრება:

„თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, ბოიკოტი გაგრძელდება. არ არსებობს სანახევრო ფეხმძიმობა, არ არსებობს სანახევრო შეთანხმება. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ არ ვევაჭრებით. ივანიშვილისგან განსხვავებით, ამით არც ჩვენი პარტნიორები არიან დაკავებულები. გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს. გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილი მას დღეს ვერ შეიწყალებდა, ვინაიდან ის ჯერ მსჯავრდებული არაა. არსებობს ბრალდებულის გათავისუფლების მექანიზმიც და თუ ის ვერ იქნება გამოყენებული, მე იმედს გამოვთქვამ, რომ სალომე ზურაბიშვილი შემდეგ მასაც შეიწყალებს“, - ჯერ კიდევ ციხის კართან, მორიგი პრეტენზია გაახმოვანა ახლადგათავისუფლებულმა უგულავამ.

პრეზიდენტის შეწყალების აქტს ნონსენსად აფასებს პარლამენტის ყოფილი წევრი, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ამბობს, რომ ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ „თავი მოიჭრა“. როგორც უფლებადამცველი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზეზიც გახდეს:

„პრეზიდენტის შეწყალების აქტი ნონსენსია იმის ფონზე, რა განმარტებებსაც ის თავად აკეთებს, მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციოდ. როგორც თავად აღნიშნავს, შეწყალებული პატიმრები არ არიან პოლიტპატიმრები და მას არ განუხორციელებია ჰუმანური აქტი, რაც მიუთითებს მხოლოდ ერთს, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ზეწოლის ქვეშ, ფაქტობრივი სახელმწიფოებრივი შანტაჟის ატმოსფეროში. აქედან გამომდინარე, მისი ეს აქტი, სრულიად არალეგიტიმურია, იმ ძირითადი მიზეზის გამო, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ვეღარ წარმოჩინდება, როგორც ჩვენი კონსტიტუციის გარანტი! აღარაფერს ვამბობ ასეულობით ეკონომიკური და სამოხელეო დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებზე, რომლებსაც მეათასედიც კი არ მიუთვისებიათ სახელმწიფოსა თუ კერძო მესაკუთრისგან, უგულავას ნამოქმედართან შედარებით და სხედან ციხეში. ეს ხომ პირდაპირი დისკრიმინაციაა სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ! ეს ყოველივე ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და სრული დესტაბილიზაციისა და ქაოსის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ოცნებამ თავი მოიჭრა!

ვინც დღეს გიგი უგულავას თავისუფლების მცველია, შევახსენებ, რომ 26 მაისი არის გიგი უგულავას და თბილისის მუნიციპალიტეტის კისერზე. მთავარი პასუხისმგებელი პირი, ვისაც საკუთარ თავზე როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აეღო, თბილისის მერი გიგი უგულავა იყო, რომელმაც საგულდაგულოდ ჩაგმანა გზები და არც ერთი გზიდან გასასვლელი ხალხს არ მისცა, რასაც 700 ადამიანის მძევლად აყვანა, 3 ადამიანის სიკვდილი და ათეულობით ადამიანის დასახიჩრება მოჰყვა. გიგი უგულავა ამ დანაშაულებისთვის არ დასჯილა. საერთოდ, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა 26 მაისის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. 48 მილიონის გაფლანგვა არის დანაშაულებრივი სინდიკატის მიერ ჩადენილი დანაშაულის მხოლოდ ძალიან პატარა დეტალი. შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერიას წინააღმდეგ საქმე აღიძრა ლობისტური საქმიანობისთვის, ბიუჯეტიდან თანხების არამართლზომიერ ხარჯვასთან დაკავშირებით, საქმე აღიძრა და არ აღსრულდა. დავით ბაქრაძის წინააღმდეგ საქმე აღიძრა იმის გამო, რომ 375 ათასი ფუნტი სტერლინგი არ აღმოჩნდა მის მიერ დეკლარირებული ბანკში, რომელიც ლონდონში ჰქონია განთავსებული. გიორგი ვაშაძეს 11 ათასი ყალბი პირადობის მოწმობა ჰქონდა დაბეჭდილი მარტო აჭარის რეგიონში, როდესაც აჭარის სუს-ის ყოფილი უფროსი, პატარაძე დაიჭირეს. წაგებული ომის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა კი, წაგებული ომის შემდგომ, მილიარდები იშოვა და ობშორებში გაიტანა, სწორედ იმ წაგებიდან გამომდინარე, სწორედ იმ გათეთრებული თანხებიდან გამომდინარე, აღიძრა საქმე და საბოლოოდ არ აღსრულდა.

ირაკლი ოქრუაშვილმა კი, კერძო სამართლის იურიდიული პირი შექმნა გენერალურ პროკურატურაში იმისთვის, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს, გარდა საპროცესო შეთანხმებებით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელებისა, კონტრიბუციები შეეწირათ ამ კერძო სამართლის პირისთვის, რითაც, ფაქტობრივად, რეკეტი დააკანონა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, შემდეგ კი მთელი თანხა საფრანგეთში გაიტანა და იქ არხეინად ცხოვრობდა. ეს ყველაფერი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე და ვინმეს მოუტრიალდება ენა, თქვას, რომ მათ შორის რომელიმე პოლიტპატიმარია?“- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ბრალდებული გიორგი რურუა, შესაძლოა უახლოეს პროცესზე, პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლონ, რითაც სასამართლო ხელისუფლება პრეზიდენტის დაწყებულ საქმეს მარტივად დაასრულებს:

„რურუასაც შეიწყალებდნენ, რომ ყოფილიყო მსჯავრდებული, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არის ბრალდებული და მისი პროცესი იმართება ორშაბათს, იმედი აქვთ, რომ საპროცესო შეთანხმებით შეძლებენ მის გაშვებას, ან უფრო მარტივად, შეწყვეტენ საქმეს და ვითარების შეცვლის გამო, შეუცვლიან აღმკვეთ ღონისძიებას, მაგრამ იტვიან, რომ შემდეგ სასამართლო იქნება და იმსჯელებენ... მესამე კაცის გაშვების პირობაც დევს ამ მოთხოვნაში და პრეზიდენტის დაწყებულ საქმეს გააგრძელებს სასამართლო ხელისუფლება. ანუ საპრეზიდენტო ინსტიტუტი და სასამართლო ხელისუფლება, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, დასავლეთის ზეწოლის ქვეშაა.

კარგია, თუ თვალი აეხილება საზოგადოებას და მიხვდება, რომ ჩვენ კოლონიადაც აღარ აღგვიქვამენ უკვე და როგორც ადამიანები, აღარც ვასებობთ! ასეა საჭიროო გვითხრეს და კი ბატონო, - ასეა საჭირო! პოლიტპატიმრებად გამოგვიცხადეს ხაზინის ქურდები, კრიმინალები... არ გვინდოდა, მაგრამ გაგვაკეთებინეს! ჩვენ ვემსგავსებით რიგში მდგომ მათხოვარს, რომელსაც თავისი რიგი არასდროს მოუწევს, რადგან ყოველთვის მოიძებნება მიზეზი იმისა, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახში ვერ გამონახონ. რაც მეტია მენტორული ტონი ჩვენი ქვეყნის მიმართ, მით უფრო ცუდდება დემოკრატიის ხარისხი ხელისუფლების შეცდომების გამო, რაც მეტად ცდილობენ გვიჩვენონ, როგორი არასწორი ევროპელები ვართ, მით მეტია აპათია ადამიანებში ამ მისწრაფებისადმი. როდესაც ქცევის წესებს გიწერენ, გკარნახობენ როგორ ისუნთქო, ეს არ ჰქმნის განცდას, რომ თანასწორთა კლუბში იქნები. როდესაც რიგში გაყენებენ და თანაც გაურკვეველი ვადით, ესე იგი გამცირებენ და ამით ჩვენ ვერ ვიამაყებთ!“, - განაცხადა for.ge-სთან დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

შეგახსნებთ, რომ იმ მსჯავრდებულებს, რომლებსაც ოპოზიციური სპექტრი პოლიტპატიმრებად წარმოაჩენს, გაფლანგული მილიონების, იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებასა და ჯგუფურ ძალადობაში ედებოდათ ბრალი. კერძოდ, პატიმრის სტატუსი გიგი უგულავამ მესამედ, 48 მილიონის გაფლანგვის საქმეზე, გამამტყუნებელი განაჩენის გამო მოირგო, მას სამარტოო საკანში 3 წელი და 2 თვე უნდა გაეტარებია. გიორგი რურუას საქმე კი, გასული წლის 20-21 ივნისის აქციას უკავშირდება, მთავარი არხის ერთ-ერთ დამფუძნებელს, გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასაც ედავება. ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გაასამართლეს, ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი. მას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის გამო, 5-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

 

 

 

Katana . მადლობა ავტორს - ნონა ქარქაშაძეს! - საუკეთესო მასალაა, რაც კი ამ თემაზე შემხვედრია.
ჩემი დიდი პატივისცემა და სიყვარული დიმიტრი ლორთქიფანიძეს! ( რომელსაც მხოლოდ კომპიუტერის მეშვეობით ვიცნობ).
ასეთი სწორად მოაზროვნე, ეროვნული სულისკვეთების, ნამდვილი პატრიოტი ადამიანი რომ გყავს და ომბუდსმენად ლომჯარიას ნიშნავ, ეს დანაშაულია ქვეყნის წინაშე!
ერთმნიშვნელოვნად!!!
3 წლის უკან