მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას ეკონომისტთა ნაწილი რადიკალურია. პროფესორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ჩვენ თუ არ გადავაწყობთ ეკონომიკას და ისევ ტურიზმზე ვიქნებით ჩამოკიდებული, ეს ქვეყანას ხეირს ვერ მოუტანს. ამდენად, ლადო პაპავას აზრით, ანტიკრიზისულ გეგმაში პირველი უნდა ყოფილიყო არა ტურიზმი, არამედ - სოფლის მეურნეობა.
რა სარგებელს მოუტანს ჩვენს ეკონომიკას მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა? ამის შესახებ For.ge-ს თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ეკონომიკის დოქტორი ვახტანგ ჭარაია ესაუბრა.
ოპოზიციამ პოსტკრიზისულ გეგმაში ეკონომიკის გადარჩენის გზა ვერ დაინახა. რატომ მაინცდამაინც ტურიზმი და ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ გეგმით უფრო მსხვილ ბიზნესს უწყობენ ხელს, ვიდრე მცირე და საშუალო ბიზნესს? არის ეს ეკონომიკის გახსნის გეგმა პოსტკრიზისულ სიტუაციაში?
- საბედნიეროდ, ანტიკრიზისული გეგმა ფარავს როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირებსაც, ანუ ფარავს, როგორც რიგით მოქალაქეებს, ასევე, ბიზნესსექტორს, უშუალოდ ბიზნესსექტორის შიგნით კი ფარავს, როგორც მსხვილ, ისე მცირე და საშუალო ბიზნესს შესაბამისი პროგრამებით. მაგალითად, მცირე და საშუალო ბიზნესს საშუალება ექნება, 30-ათასლარიანი საგრანტო პროექტით ისარგებლოს. შედარებით უფრო მსხვილ ბიზნესს შესაძლებლობა ექნება, აიღოს თანხა თუნდაც ისე, რომ ამის უზრუნველყოფის ფინანსური რესურსი არ ჰქონდეს, ანუ საგარანტიო ფონდიდან აიღოს თანხა, პირობითად 50-ათასლარიანი თანხით, თუ მას ასეთი თანხა მოეპოვება და დაიწყოს 500-ათასლარიანი ბიზნესიც კი საგარანტიო ფონდის დახმარებით. რეალურად ამის გაკეთების შესაძლებლობა აქამდე არ იყო, ახლა კი უკვე არის ამის შესაძლებლობა. მაგალითისთვის, მცირე სასტუმროებს ცალკე დახმარება აქვს, საშუალო და მსხვილ სასტუმროებს სხვა ტიპის დახმარება. სოფლის მეურნეობის მინისტრის გამოსვლა ჯერ კიდევ წინაა, მან უნდა დააანონსოს, თუ რას აპირებს სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში მცირე მეწარმეებისა და გლეხებისთვის. წინასწარი ცნობებით, მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება. შეიძლება ეს არ არის ბიზნესისთვის იმ მოცულობის ფინანსური დახმარება, რომელიც საქართველოს აქცევს შვეიცარიად, მაგრამ საქართველოს რეალობაში ამ დახმარების გარეშე ბიზნესი უბრალოდ ვერ გაქაჩავდა. შეუძლებელია, საქართველოს ბიუჯეტს ამაზე მეტი მოვთხოვოთ. შეიძლება პრიორიტეტების მიხედვით თანხების გადანაწილებაზე ვიდავოთ, სიტყვაზე, ისიც შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საგარანტიო ფონდს 300 მილიონი კი არ უნდა ჰქონოდა, არამედ 400 მილიონი, საგარანტიო დაფინანსება 30 ათასი ლარი კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ-25 ათასი, ან 50 ათასი ლარი და ჯამურად უფრო მეტი დახმარება უნდა ყოფილიყო მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ვიდრე მსხვილი ბიზნესისთვის, მაგრამ ეს დავისა და გემოვნების საგანია. ფაქტია, თითქმის ყველა მიმართულების ბიზნესი იღებს ამა თუ იმ დახმარებას, მათ შორის, გადასახადების გადავადების, გადასახადების გაუქმების, საბანკო სექტორთან შუამდგომლობის მხრივ. საკმაოდ ფართოა ჩამონათვალი, რითაც ანტიკრიზისული გეგმა დაეხმარება ბიზნესსექტორს.
საქართველოს შესახებ „ბიბისი“-ზე განუწყვეტელი რეკლამები რომც გადასცენ, ეს არ ნიშნავს, რომ ტურისტები მოგვაწყდება. პოსტსტრესული გარემოს შემდეგ სამსახურდაკარგულ უცხოელებს ექნებათ კი იმის განწყობა, იმოგზაურონ საქართველოში? აქ ვგულისხმობ სოლიდური შემოსავლის და არა მწირი შემოსავლების მქონე ტურისტებს, რომლებიც ისედაც არ გვაკლდა.
- არ ვიცი, რატომ ამბობენ, თითქოს ტურიზმით ვიწყებთ. უფრო ადრე ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა, ბიზნესექტორის სხვა წარმომადგენლებს როგორ დაეხმარება; ჯანდაცვამ გამოაცხადა, თავისი კუთხით რა ნაბიჯებს დგამს. ახლა ეტაპობრივად ტურიზმის ჯერი დადგა, შემდეგ იქნება სხვა სექტორის ჯერი.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პირველი პრიორიტეტია ტურიზმი, შემდეგ სოფლის მეურნეობა და ასე მიყვებიან თანდათანობით.
- დიახ, შეძლებისდაგვარად, ასე მიდის ეს პროცესი. გეგმის დასახვა მარტივი არ არის. ტურიზმის ადმინისტრაციამ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოახერხა, დაედო თავისი ხედვა ამ მიმართულებით. რატომ არ უნდა წარადგინონ მათ ეს ხედვა და რატომ უნდა ელოდონ, სანამ, პირობითად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარადგენს თავის ხედვას? დღეს ტურიზმის პრიორიტეტების შესახებ აღნიშნეს, ხვალ კი შეიძლება სოფლის მეურნეობის პრიორიტეტებზე ისაუბრონ. არა მგონია, სოფლის მეურნეობა უგულებელყოფილი იყოს და ტურიზმზე გადაიაროს ყველაფერმა. მთლიანობაში, როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე ტურიზმში, თუ ნებისმიერ სხვა სექტორში ძალიან მნიშვნელოვანია დროის ეფექტი. ახლა ტურიზმის სფერო განვიხილოთ. თუკი ავიაკომპანიებს არ ეცოდინებათ, როდიდან ხსნის საქართველო საზღვარს და საქართველოს მთავრობამ ამის შესახებ მათ აცნობოს საზღვრის გახსნამდე ერთი კვირით ადრე, მაშინ საერთაშორისო ვიზიტორი ვერ მოასწრებს დაგეგმვას, საქართველოში ჩამოვიდეს თუ არა. ამის მოფიქრებასაც კი ვერ მოასწრებს. სასტუმრო ბიზნესისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მან იცოდეს, როდის დატვირთოს თავისი სასტუმროები და რა დრო აქვს მოსამზადებლად.
საიდან ელით ტურისტებს? ადრე ძირითადად ჩვენი სამეზობლოდან ჩამოდიოდნენ, ახლა კი, ალბათ, საეჭვოა, საქართველოში ჩამოსვლა ისურვონ, რადგან პანდემიამ სამეზობლოშიც არასახარბიელო სიტუაცია წარმოშვა.
- რთულია ამის თქმა, მაგრამ მსოფლიოში არის ცალკეული ქვეყნები, რომლებმაც გადალახეს ეს ეპიდემია და ბოლო დღეებში არ უფიქსირდებათ კორონავირუსის ახალი შემთხვევები. შეიძლება, ძალიან შორეული მაგალითია, მაგრამ ასეთია ახალი ზელანდია. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ახალი ზელანდიელი ტურისტები ააყვავებენ საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ ხვალ-ზეგ ასეთი ქვეყნები კიდევ გამოჩნდებიან, რომლებიც ვირუსისგან თავისუფალი და სანდონი იქნებიან. პირობითად, ტანზანიამ რომ გვიჩვენოს, კორონავირუსის შემთხვევები ნული მაქვსო, შეიძლება არ დავუჯეროთ, რადგან იქაური ხელისუფლება შეიძლება არ იყოს იმდენად სანდო, მაგრამ, როდესაც თუნდაც ახალი ზელანდია ამას იტყვის, მისი მთავრობის განცხადება სანდოა. ანუ იქნება სპეციალური დერეფნები, სადაც გვეცოდინება, რომ ტურისტები ვირუსისგან თავისუფალი ქვეყნებიდან შემოდიან. ქართველებსაც შეუძლიათ, წავიდნენ საზღვარგარეთ. ამ ეტაპზე ძალიან ძნელია ზუსტი რაოდენობის დასახელება, რამდენი ვიზიტორი ჩამოვა, ან რას დახარჯავს საქართველოში, მაგრამ უკვე გამოჩნდა პირველი მაგალითი იმისა, რომ ცალკეული ქვეყნები ახერხებენ გამოვიდნენ კორონავირუსული პრობლემისგან.
სააკაშვილიც ტურიზმზე ამყარებდა განსაკუთრებულ იმედს, მაგრამ 21-ე საუკუნე მაინც ვირუსებისა და ეპიდემიების საუკუნეა. ვირუსების მორიგი ტალღები ისევ მოსალოდნელია და შესაძლოა, ტურიზმის განვითარებაც შეჩერდეს. ამ შემთხვევაში, თქვენ, როგორც ეკონომისტი, რას უფრო ანიჭებთ მნიშვნელობას, მოკლევადიანი ეფექტის მქონე ტურიზმს, თუ გრძელვადიანად განვითარებულ სოფლის მეურნეობას, რომელიც თვითკმარი უნდა იყოს ჩვენთვის და გადაგვარჩინოს?
- მე მომხრე ვარ, ყველა მიმართულებით იყოს მოძრაობა, არ არის საკმარისი სოფლის მეურნეობაზე ცალსახად დამოკიდებულება და სოფლის მეურნეობის გაღმერთება. ისევე, როგორც არც ინდუსტრიის გაღმერთებაა საკმარისი და წარმატების მომტანი. ასევე, არ შეიძლება ტურიზმის გაღმერთება. მაგალითად, თუ ტურიზმში ერთ ქვეყანაზე - რუსეთზე ვართ დამოკიდებული, ამან შეიძლება პრობლემა შეგვიქმნას. იგივე ითქმის ვაჭრობაზეც. ჩვენი ღვინის უდიდესი ნაწილი გადის რუსეთში. თუ ჩვენ ვაწარმოებთ ყურძენს, ჩამოვასხამთ ღვინოს და მერე ისევ რუსეთზე ვიქნებით დამოკიდებულნი, არც ეს იქნება სტაბილურობის გარანტი. შეძლებისდაგვარად, ყველა მიმართულებით უნდა ვიყოთ დივერსიფიცირებულნი.
ჩვენს ქვეყანაში ტურიზმი შედარებით უკეთ იყო წინ წაწეული, ვიდრე სხვა სექტორები. სოფლის მეურნეობას, ინდუსტრიალიზაციას ჯერ კიდევ სჭირდება მხარდაჭერა. ასევე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი მთელი ეკონომიკისთვის. უფრო მეტად მზა პროდუქციის წარმოებაზე გადასულ ქვეყნად უნდა ვაქციოთ საქართველო. ძირითადად ჩვენ ვიყავით ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყანა. თუნდაც იმავე ტურიზმსაც დიდწილად ვემსახურებოდით იმპორტირებული პროდუქციით, იქნებოდა ეს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ავეჯი, ტანსაცმელი, თუ გართობის ინდუსტრია. ყველაფერში იმპორტირებული წარმოება და მომსახურება ჭარბობდა, სამომავლოდ კი ჩვენ უნდა შევძლოთ, ადგილობრივი წარმოება და მომსახურება შევქმნათ. სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია ამ ხედვაში, მაგრამ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის მთელი ეკონომიკის ნახევარი და მეორე ნახევარი, რაც გვინდა, ის სფერო უნდა იყოს.
ევროპაში 1960 წლამდე იყო ადამიანების ზოოპარკი, ანუ მხეცების ნაცვლად გალიებში ისხდნენ პაპუასები და ა.შ. რატომღაც მგონია, რომ ჩვენ ტურისტები არ მოგვაკლდება ამდენი პაპუასი ექსპერტი და ასეთი გონება შეზღუდული მთავრობა მსოფლიოში მხოლოდ უკრაინას ჰყავს, ასე რომ ყველა ექსპერტი და მთავრობა ნაცებთან ერთად რომ ჩავსვათ გალიებში იმდენი ტურისტი მოგვაწყდება ტევა არ იქნება...