„რამდენადაც ვიცი, სოროსის ფლანგის დაჟინებული მოთხოვნით აღმოჩნდა სააკაშვილი ზელენსკის გუნდში“

„რამდენადაც ვიცი, სოროსის ფლანგის დაჟინებული მოთხოვნით აღმოჩნდა სააკაშვილი ზელენსკის გუნდში“

საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი, ექს-პრეზიდენტის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა კითხვებს ბადებს, რის გამოც, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის გამოწვევის შესახებ. ამ ეტაპზე საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას.

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი ელჩის კონსულტაციებზე გამოძახებას შეცდომად მიიჩნევს და აცხადებს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მისი დანიშვნა უკრაინის შიდა პოლიტიკაა.

for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ სწორედ სოროსის ფლანგის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ სააკაშვილი ყოფილიყო ზელენსკის გუნდში.

უკრაინის პროკურატურამ სააკაშვილი გამოიჭირა რუსეთის ფსბ-ს მფარველობის ქვეშ მყოფი დევნილი უკრაინელი ოლიგარქის კურჩენკოს ფულით საპროტესტო აქციების დაფინანსებაში. ამის დამადასტურებელი სატელეფონო საუბარი უკრაინის პროკურატურამ გამოაქვეყნა და ფულის გადაცემის მომენტიც აღბეჭდეს. ამის მიუხედავად, ზელენსკიმ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. როგორ ფიქრობთ, ვინ ლობირებს ასე დაჟინებით სააკაშვილს?

სოსო მანჯავიძე: სააკაშვილს სერიოზული პატრონები ჰყავს აშშ-ის გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში. ამავე დროს, ის სარგებლობს გარკვეული რეპუტაციით - მას შეუძლია ძალიან სპეციფიკური პოლიტიკური ამოცანების შესრულება. ის პასაჟები, რომელიც ჩამოთვალეთ, ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურას დიდი ხნის წინ გაისტუმრებდა პოლიტიკურ მიუსავლეთში. ძალიან ბევრი უხამს და პრეზიდენტისთვის შეუსაბამო  ქცევას ვხედავდით სააკაშვილის შესრულებით საქარტველოში და იგივე გაგრძელდა უკრაინაშიც. სააკაშვილი  სკანდალური ხასიათი და საოცარი უნარი - იტყუებოდეს ყოველთვის, ყველგან და ყველაფერზე, ახალი არ არის.  მაგრამ მის მფარველებს ეს არ აწუხებთ, ისევე, როგორც უკრაინელი თუ ქართველი ხალხის ღირსება-მათთვის მთავარია საკუთარი ამოცანების გადაწყვეტა.   ამიტომ გასაგებია, რომ ზელენსკის არ შეეძლო უარის თქმა.

ვისთვის არ შეეძლო ზელენსკის უარის თქმა, ვინ შესთავაზა მას სააკაშვილის კანდიდატურა? ხომ არ იკვეთება აქ რუსეთის ჩართულობა?

- როდესაც ვსაუბრობთ რუსულ მხარეზე, ესეც პირობითია. ჩვენ გვავიწყდება ხოლმე, რომ სამყარო გლობალურია. რუსეთიც არ არის ჰომოგენური, ის ვერ მოქმედებს, როგორც  ზესახელმწიფო, საკუთარი  სამხედრო პოლიტიკური ინტერესებით. იქ არის ძალიან ძლიერი ე.წ. გლობალისტური ფლანგი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამერიკულ და დასავლურ გლობალისტურ ფლანგთან. იგივე - გრეფი, ნაბიულინა, ჩუბაისი და ა.შ.  ეს შემადგენლობა ჯერ ხელისუფლებიდან არ არის ჩამოცილებული.

სულ ტყუილად ჰგონია აქ ზოგიერთ პრორუსულად განწყობილ ადამიანს, რომ  პუტინი და დღევანდელი რუსეთი წარმოადგენს ანტილიბერალურ ბასტიონს. ეს არის უდიდესი სისულელე და არაინფორმირებულობის შედეგი. ანუ, რუსეთი პირიქით, ჩემი აზრით, გაცილებით მეტად განასახიერებს ამ ლიბერალურ მოდელს, ვიდრე იგივე აშშ და ეს კარგად უნდა გვესმოდეს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთში გლობალიზმი არის რუსული სპეციფიკით, ამერიკაში კი, ამერიკული სპეციფიკით.

ჩემი ინფორმაციით სააკაშვილის რეკომენდატორები არიან ის ძალები, რომლებსაც ჩვენთან იცნობენ კოლექტიური სოროსის სახით. უკრაინაშიც არაერთგვაროვანი სიტუაციაა, მიდის განუწყვეტელი ბრძოლა სხვადასხვა დაჯგუფებებს შორის. რამდენადაც ვიცი, სწორედ სოროსის ფლანგის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომ სააკაშვილი ყოფილიყო ზელენსკის გუნდში.

ზელენსკიმ ეს მოთხოვნა შეასრულა იმის მიუხედავად, რომ  სააკაშვილი პარლამენტმა არ დაამტკიცა და ვერ გახდა ვიცე-პრემიერი, ამიტომ  ის დანიშნეს უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად.  მიუხედავად იმისა,რომ ეს თანამდებობა რანგით ნამდვილად ბევრად დაბლაა ვიცე-პრემიერის პოსტზე და სააკაშვილს რეპუტაციულ პრობლემებს უქმნის,  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის ზელენსკის გუნდში. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილს უშუალო წვდომა აქვს პრეზიდენტთან, მისი საკონსულტაციო ორგანოს მდივანია და ეს აძლევს საშუალებას გავლენა იქონიოს პოლიტიკურ პროცესზე. ამიტომ, მე არ ვიტყოდი, რომ ეს უყურადღებოდ უნდა დარჩეს. პირიქით, უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან საკმაოდ სპეციფიკური სიტუაცია შეიქმნა.

რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების გადაწყვეტილება ელჩის გამოწვევის შესახებ? შესაძლებელია უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაუქმება?

- რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მოქმედებებს, არ უნდა მოხდეს ისე, რომ უკრაინასთან, როგორც ქვეყანასთან საბოლოოდ გავიფუჭოთ ურთიერთობა. რუსეთთან დაპირისპირების ფონზე,  უკრაინასთანაც დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასასურველია.

მეორე მხრივ, ამის რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება. უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია არის ძალიან მყიფე. ჩემი აზრით, ზელენსკის მმართველობა ხანგრძლივი არ იქნება, ვინაიდან ის სულ უფრო და უფრო კარგავს  რეიტინგს,  იმ ელექტორალურ ბაზას, რომელზე დაყრდნობითაც მოვიდა ხელისუფლებაში. უკრაინა უახლოვდება ახალი არეულობის სტადიას.

რა როლს ითამაშებს სააკაშვილი და რამდენად დიდი იქნება მისი მოქმედების არეალი?

-საერთოდ, ინსაიდერს მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია პოლიტიკურ პროცესზე. ახლა სააკაშვილი ინსაიდერია და მის სიტყვას და მოქმედებას გაცილებით დიდი ეფექტი ექნება. შესაბამისად, თუ ამ მდგომარეობას გამოიყენებს გარკვეული პოლიტიკური ნაღმის ჩასადებად უკრაინის სტაბილურობაში, მისი რეზონანსი გაცილებით დიდი იქნება. იმ შემთხვებაში, თუ ის დაალაგებს ურთიერთობებს, იქნება უკრაინის მმართველი ძალის გუნდში და გარკვეულ ბერკეტებს გაიჩენს, ბუნებრივია, რომ მას გარკვეული წვდომა გაუჩნდება რესურსებზე.

მიუხედავად უკრაინის პარლამენტის კატეგორიული უარისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სააკაშვილი ძალიან ძლიერ ძალებს სჭირდებოდათ რაღაც მიზნების განსახორციელებლად. მათ შორის შეიძლება იყოს იგივე უკრაინული მიწების გაყიდვა, რომელსაც შეექმნა  სრულიად სამართლიანად ეწინააღმდეგება უკრაინელი ხალხის ჯანსაღი ნაწილი.

ჩვენ გვახსოვს საქართველოში მიმდინარე პროცესები და ის ბრძოლა, რომელიც ვაწარმოეთ ამ მიმართულებით.  პანდემიის შედეგად მიღებულმა ვითარებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართული მიწა იყოს საქართველოს მოქალაქეების ხელში. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ის „რეფორმა“ გასულიყო და ქართული მიწების კრიტიკულად დიდი ნაწილი აღმოჩენილიყო უცხოელი პლანტატორების ხელში.

უამრავი ადამიანი თავის მცირე ნაკვეთზე მოწეული მოსავალის იმედზეა და წარმოვიდგინოთ, რომ გაყიდულიყო ქართული მიწების დიდი ნაწილი, რა სურათი გვექნებოდა.

მიწა არის გაუმრავლებელი რესურსი  და სიმდიდრის წყარო. ქართული მიწა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების ხელში, ისევე, როგორც უკრაინული მიწა უნდა იყო უკრაინელების ხელში. უკრაინამ ახლა უნდა გაიაროს ეს ბრძოლა, რაც ჩვენ გავიარეთ. ეს იმითომ ვთქვი, რომ  სააკაშვილის დანიშვნის ერთ-ერთი მიზანი,  შეიძლება იყოს ხელი შეუწყოს ამ „რეფორმის“ გატარებას,რომელსაც ასე გააფთრებით ლობირებდა მისი გუნდი საქართველოში.  მოგეხსენებათ, რომ უკრაინის მიწის ფონდი მსოფლიოში ერთ-ერთი უფრო მსუყე ლუკმაა,   მისი იაფად შესყიდვით არიან დაინტერესებული გარკვეული  ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც შემდეგ შეძენილი აქტივების მეშვეობით თავიანთ კაპიტალიზაციას გაზრდიან ბირჟებზე და მიიღებენ ზემოგებებს.

თანამედროვე უკრაინა  არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო კორუმპირებული ქვეყანა. ხალხში ძლიერია ანტიოლიგარქიული და ანტიკორუფციული განწყობები და სააკაშვილის, როგორც კორუფციასთან „მებრძოლის“ იმიჯის მქონე ადამიანის გამოყენება შეიძლება რესურსების გადანაწილების მიზნით.  ანუ,  ზელენსკის შეუძლია კორუფციასთან ბრძოლის საბაბით, მოჩვენებითი დაჭერებით, პოპულისტური ლოზუნგებით, პიარით, მოწინააღმდეგე ოლიგარქების გაკულაკებით, თავისი ოლიგარქების წახალისებით, გააკეთოს ელიტარული კორუფციის მობილიზაცია და ისეთი ტერორისტული სისტემის შექმნა, როგორიც სააკაშვილმა შექმნა  საქართველოში. ცხადია, ამ საქმეში ზელენსკი სააკაშვილზე უკეთეს კონსულტანტს ნამდვილად ვერ იშოვნის.

ეს კი შეიძლება იყოს მეორე მიზანი, რისთვისაც მისი გამოყენება უნდა იმ ხალხს, ვინც  მას საქართველოში ყოფნისას მფარველობდა.

 

 

 

trampi ეგ ისედაც იასნია...............
როგორიც ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, ისეთივე დამოუკიდებლები არიან ეგენიც
ვინ ჰკითხავთ მაგათ სერიოზულ საქმეს?? ან ბალი ათი შაურიაო?
ეგ მიშა უკრაინის ბოლომდე დასაშლელად სჭირდებათ, ბოლომდე დასაშლელ-- გასაუბედურებლად... ეტყობა იქაური დაშლის ტემპები ზემდგომებს არ მოსწონთ...........................ჰოოდა ეხლა ეგ ამბები მიშამ უნდა დააჩქაროს...
ისე მაგათ ამბებზე გოგავას სტატია ზუსტდაა გამოწერილ-გამოჭრილი .
ჩვენ 9 წელი როგორღაც ხო გავუძელით და რაღაც ცოტა კიდევ ხო გადავრჩით? ვნახოთ აბა ეგენი 9 წლის მერე როგორ იქნებიან ...
მაგათი მოსახლეობა 46 მილიონიდან უკვე 30--სს ჩამოსცდა...ვნახოთ.... 4 წელი კიდევ წინ აააქვთ .. მერე ვილაპარაკოთ
არადა რა ქვეყანა იყო, რა მრეწველობა, რა სოფელი .......
,ოკლედ ჩვენი არ იყოს მაგათაც კაი მეგობრები ჰყავთ
3 წლის უკან