ახლა, როდესაც კომპანიები მასობრივად ამუშავებისთვის ემზადებიან, დღის წესრიგში დადგა ეროვნული ვალუტის სტაბილურობის საკითხი, რომელიც ბოლო დროს ყოველდღე საფრთხის ქვეშაა. ბიზნესი შოკიდან გამოსვლას იწყებს და ღიად ითხოვს სტაბილურ გარემოს საფინანსო ბაზარზე. ამ დროს ქვეყანაში მცოცავი გაუფასურება გრძელდება.
ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ლარის მორიგი დევალვაციის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გაუფასურების ახალი ტალღა ბიზნესს კლავს.
„2014 წლიდან მოყოლებული ჩვენი ვალუტის კურსი 1.65-დან 3.20-მდე ჩამოვიდა. აბა, წარმოვიდგინოთ, ამ წლებში კურსი 1.65-ზე რომ ყოფილიყო, რამდენი ასეული მილიონი ჩაიდებოდა ქვეყნის ეკონომიკაში და რამდენი ახალი სამუშაო ადგილი თუ ბიზნესი შეიქმნებოდა?“ - აღნიშნა ფხაკაძემ და დასძინა: „ლარის კურსი იყო 2.78 და გახდა 3.20. ლარის დევალვაციის ახალი ტალღა ბიზნესისთვის არის მკვლელი და შოკის ამპლიტუდა ძალიან დიდია“.
ქვეყანაში იმდენად რთული ვითარებაა შექმნილი, რომ მოცემულ კრიზისულ სიტუაციაში მთავარია ლიკვიდობის მართვა, რათა კომპანიები გადარჩნენ. მსხვილი ბიზნესი უკვე პირდაპირ ხელს იშვერს ეროვნული ბანკისკენ, „რომლის პოლიტიკამაც ქვეყანა სავალუტო კრიზისამდე მიიყვანა“. თემურ ჭყონიას შეფასებით, არა მხოლოდ პანდემიის პირობებში, არამედ მის მიღმაც, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებები გაუგებარია.
„ჩვენი აზრით, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი არ არის მიმართული ბიზნესის განვითარებისთვის. სებ-ი თავის მონეტარულ პოლიტიკას ატარებს, რომელიც ბიზნესის განვითარებასთან თანხვედრაში არ არის. მას რაღაც თავისი ვალდებულება აქვს, რომელიც ჩვენ არ ვიცით და ბიზნესთან ურთიერთკავშირში საერთოდ არ არის.
სამწუხაროდ, სებ-ის პრეზიდენტს არც აინტერესებს ბიზნესს რამე უჭირს, თუ არა. მე არც ვიცი, რა როლი აკისრია მას ეკონომიკაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ატარებს თავის პოლიტიკას, რომელიც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის.
სებ-ის პრეზიდენტი ბიზნესს აჩვევს და მას ასე ჰგონია, რომ სხვადასხვა კურსი არის სტაბილური - ჯერ 2.80 ლარი (1 აშშ დოლარის ღირებულება) რომ იყო და 3.00 გახდა, თქვა, რომ დავუბრუნდებით სტაბილურობას და სტაბილური რომელი ციფრია, არ ვიცით. რა არის ეს სტაბილურობის მაჩვენებელი?
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საუბრობს, რომ ლარის კურსს განსაზღვრავს ტურიზმი, ბალანსი ექსპორტსა და იმპორტს შორის, ეკონომიკის განვითარება, სამეზობლოში სტაბილური ეკონომიკა, ე.ი სამოთხე ჩამოგვიყალიბა... ირგვლივ ყველაფერი კარგად უნდა იყოს, რომ ლარი იყოს სტაბილური და ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი რაღაში გვჭირდება. სამი მილიარდი შევაგოვეთო და ნელ-ნელა დავიწყეთ ამის ინვესტირებას ბიზნესშიო და არ ჩანს.
ნდობის ფაქტორია უმნიშვნელოვანესი და ეს არ არსებობს. 35 წელია ბიზნესში ვარ, საქართველოს ყველა ბიზნესმენს ვიცნობ და ყველასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და არის ერთი რამ, სებ-ის პრეზიდენტს არ ენდობა ქართული ბიზნესი, იმის გამო, რომ ის ბიზნესის განვითრებას ხელს არ უწყობს“, - განუცხადა „კომერსანტს“ ჭყონიამ.
ბოლო რამდენიმე დღეა ლარი მოჩვენებითი სტაბილურობის ნიშნულს (1 დოლარი - 3,16 ლარი) გადასცდა და უკვე 3,22-იან ნიშნულს მიუახლოვდა. მცოცავი გაუფასურება გრძელდება და სწორედ ამან გამოიწვია ბიზნესმენების გაღიზიანება.