მმართველ პარტიაში ზუსტი პასუხი არ აქვთ 22 მაისის შემდეგ ქვეყანაში ისევ იმოქმედებს თუ არა საგანგებო მდგომარეობა. ამასობაში, ეკონომიკა ზარალს ზარალზე ითვლის, ხოლო ბიზნესი უკვე ჩიხში ექცევა. ახლოვდება დრო, როდესაც ბანკების მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდი მთავრდება. შეიძლება ბიზნესმა ვერ მოასწროს მობილიზება და მომავალში ფინანსური ვალდებულებების შესრულებაც.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის შემდეგ გაგრძელება დამოკიდებული იქნება არსებულ რისკებზე, იმაზე, თუ რამდენად იქნება შესაძლებელი ყველა შეზღუდვის მოხსნა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მაისის მეორე ნახევარში გამოჩნდება, იქნება თუ არა გაგრძელების საჭიროება.
„თუ 22 მაისისთვის გვექნება ისეთი მოცემულობა, რომელიც აუცილებელს გახდის ამ შეზღუდვების შენარჩუნებას, ალბათ, დაგვჭირდება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ მოცემულობაზე, რაც 22 მაისისთვის იქნება. შესაბამისად, ყველამ ერთად უნდა შევხედოთ იმ ვითარებას, რომელიც მაისის მეორე ნახევარში შეიქმნება და იმის მიხედვით მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას. დღეს ამაზე მსჯელობა ნაადრევია“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასობაში, ქვეყანაში ამოქმედებული საგანგებო რეჟიმი ეკონომიკას ანადგურებს, ბიზნესიც და მოსახლეობაც დღითი დღე სულუფრო ზარალდება. იურისტი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შემოღებულმა მკაცრმა აკრძალვებმა თავისი ფუნქცია დაკარგა.
„მთავრობის წევრებმა არ იციან, რა ხდება იმ ქვეყანაში, რომელსაც ისინი მართავენ. კომენდანტის საათი ვერ ასრულებს იმ ლოგიკურ ფუნქციას, რომლისთვისაც თავის დროზე შემოიღეს. ადამიანები სტუმრად შაბათ-კვირას ცხრა საათამდე წავლენ თუ მას შემდეგ, ამას დაავადების გავრცელების თვალსაზრისით რა მნიშვნელობა აქვს? ხელისუფლების ხელში კომენდანტის საათი სოციალური მართვის ფუნქციას ასრულებს. მთავრობისთვის ძალიან კომფორტული აღმოჩნდა ის, რომ ერთი ბრძანებით სამ-ნახევარი მილიონი ადამიანი სახლში გაუშვა და გამოკეტა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
ბიზნესისთვის შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება დიდი შეღავათი არ არის, რადგან უამრავი აკრძალვა ისევ ძალაშია. თანაც ამასობაში მოახლოვდა დრო, როდესაც ბანკების მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდი მთავრდება. შეიძლება ბიზნესმა ვერ მოასწროს მობილიზება და მომავალში ფინანსური ვალდებულებების შესრულებაც.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ახლა ქვეყანაში ბიზნესის ამუშავება მთავარია, რათა მათ ბანკების მიმართ არსებული ვალდებულებები შეასრულონ.
„კომერციულმა ბანკებმა თავის დროზე გარკვეული გადავადება კომპანიებს გაუკეთეს და მათი სესხების რესტრუქტურიზაციაც მოხდა. თუ ახლა შევხედავთ ეკონომიკის გახსნის ეტაპებს და ბანკების მიერ ბიზნესზე რესტრუქტურიზაციის შეთავაზებულ გეგმებს, ისინი დროში ერთმანეთთან აცდენილია. ამიტომ დროის გადმოწევა და ეკონომიკის ამუშავება მთავარია იმისათვის, რომ ბიზნესმა თავისი ფინანსური ვალდებულებები ბანკების მიმართ შეასრულონ.
შეიძლება ჩვენ მივიღოთ მძიმე სიტუაცია ბანკების კუთხითაც, რადგან თუ ბიზნესი არ ამუშავდა და ვალდებულებების გასტუმრება არ დაიწყო, იქ უკვე შესაძლოა, საბანკო სექტორი ჩაითრიონ. თუ ეს ასე მოხდა, ჩათვალეთ, რომ 5 წელი დაგვჭირდება იმ ნიშნულზე დასაბრუნებლად, რომელიც 2019 წლის დეკემბერში გვქონდა“, -აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.