„ოპოზიციას თუ შარი უნდა, ამ შარს ფასი უკვე დაკარგული აქვს ამ ეპიდემიის დროს“

„ოპოზიციას თუ შარი უნდა, ამ შარს ფასი უკვე დაკარგული აქვს ამ ეპიდემიის დროს“

გლობალური პანდემიის პირობებში, საქართველოს ხელისუფლებას არა მხოლოდ ვირუსთან გამკლავება და მოქალაქეების სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევს, არამედ საარჩევნო წლიდან გამომდინარე, ოპოზიციის პრეტენზიებთან გამკლავებაც, მით უფრო, რომ სულ უფრო ცოტა დრო რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე. ოპოზიციას ნერვები თანდათან უფრო ღალატობს იმის შიშით, რომ საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი ნდობა არ გაიზარდოს და სამომავლოდ, სახელისუფლებო სავარძლებით მათი ტკბობა, ფუჭ სიზმრად არ დარჩეს.

რამდენად სწორი პოზიცია აქვს სამთავრობო გუნდს პანდემიასთან ბრძოლის გზაზე, არის თუ არა კანონდარღვევა საპარლამენტო დებატების ფორმატში პარლამენტში ანტიკრიზისული გეგმის არგანხილვა, რა შარზე მიდის ოპოზიცია და გამოუშვებენ თუ არა პოლიტპატიმრებს? – ამ საკითხების ირგლივ for.ge საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას ესაუბრა.

რამდნად მართებულია, როცა ხელისფლება იმ შენიშვნების გათვალისწინების გარეშე მოქმედებს პანდემიის პირობში, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აფიქსირებენ და ზოგადად, როგორ შეაფასებდით ანტიკრიზისული საბჭოს მუშაობას?

– ისეთი უხილავი, ვერაგი პანდემიის ქვეშ ვიმყოფებით, რომ მგონი, ყველა „არამკითხე მოამბე“ განზე უნდა გადგეს, ვინც ახლა მაქსიმალურად ცდილობს თავისი აზრები თავს მოახვიოს ხელისუფლებას და საზოგადოებას. პასუხისმგებლობა საკოორდნაციო საბჭომ აიღო და ვფიქრობ, ყველაფერი გეგმაზომიერად მიდის. ასეთი პანდემიის გამოცდილება, რა თქმა უნდა, არავის გვაქვს, არც - მათ. ჩვენი ეპიდემიოლოგები კარგად უმკლავდებიან ვითარებას. ჩვენი მთავრობა და ჩვენი მოსახლეობა ეპიდემიოლოგებს უსმენს და ვხედავთ, რომ დიდი აფეთქვება არ გვაქვს. თუმცა, არის მსხვერპლი, არიან დაინფიცირებულები. ასე რომ, ამ დროს, რაც უფრო ნაკლები ჩარევა იქნება, უკეთესია. თორემ, აზრები, რაც მეტი იქნება, პოზიციები უკეთესია და ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ ახლა, ამის დრო ნამდვილად არ არის. დღეს ხელისუფლება მოწინავე ხაზზე ბუნებრვივად დგას, იმიტომ, რომ ხელისუფლებაა და საქმეც ჯერჯერობით კარგად მიყავს. იმედი მაქვს, ბოლომდე ასე იქნება.

პრემიერს აბსოლუტურად გეგმაზომიერად და სწორად მიყავს პროცესი. შეიძლება ვიკამათოთ და რაღაც წვრილმანი შეცდომები შეიძლება იყოს და ასეც იქნება, რადგან ასეთი პანდემიის გამოცდილება არავის აქვს, მაგრამ თუ გადავხედავთ მსოფლიოში არსებულ ვითარებას, ამ პანდემიურ ამინდს, ჩვენ, რასაკვირველია, ამ მხრივ გაცილებით იოლ მდგომარეობაში ვართ და ვფიქრობ, მაქსიმალურად უნდა დავემორჩილოთ იმ მოწოდებებს, რაც არის.

ხელისუფლებაც და ეპიდემიოლოგებიც გამოსავალს სახლში დარჩენის მოწოდებაში, ჩაკეტილ ქალაქებში ხედავენ, თუმცა ეს არა მხოლოდ ეკონომიკის ჩამოშლას იწვევს და დიდ ზარალს ნახულობს ხალხი და ქვეყანა, არამედ უკვე ისმის მოწოდებები, რომ სრულად მოიხსნას საგანგებო მდგომარეობა..

– რაც შეეხება ეკონომიკას, ბუნებრივია, ეკონომიკა ზარალდება. არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი. იმ საშუალებების ფარგლებში, რაც გვაქვს, მაქსიმალურ მცდელობას არ დაიშურებენ, რომ ჩვენ ეს ქარტეხილიც გავიაროთ. მაქსიმალურად ვცდილობ, პანდემიის პირობებში არ ვიაქტიურო, ერთი-ორი კომენტარი თუ გავაკეთე, იმიტომ, რომ საშუალება უნდა მივცეთ იმ ადამიანებს, ვინც ბრძოლის წინა ხაზზეა, ყველაფერი გააკეთონ, რაც შესაძლებელია. ყველა ინფორმაცია არის პრემიერთან, საკოორდინაციო საბჭოში და მათ უკეთ იციან, რა დროს, რა უნდა გააკეთონ. ამიტომ, ვფიქრობ, ახლა თავის გამოდება, მავანთათვის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნა, ეს არის მცდელობა იმისა, რომ ჩვენც აქ ვართ, დაგვინახეთ. მაგრამ რეალობა საკმაოდ მკაცრია და ახლა ამის დრო არ არის, ამის დროც მოვა.

თქვენ თქვით, რომ პრემიერი კარგად ფლობს სიტუაციას, იგივე ეკონომიკური მდგომარეობის კუთხით, ამ ფონზე პარლამენტის როლი როგორია? პრემიერის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენის შემდეგ გარკვეული კითხვები და შენიშვნები ისმის. პროფესიონალების ნაკლებად ჩართულობაზეც ითქვა...

– რაც შეეხება პარლამენტს, შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეები მონაწილეობენ საკოორდინაციო საბჭოში. ის, რომ ახლა, ამ გახურებული ომის დროს, ჩვენ დებატები გავშალოთ, ეს წარმოდგენა არ არის და გარკვეულწილად, ხელისშემშლელიც იქნება. საზოგადოების ნაწილი შეიძლება შეცდომაში შევიდეს. ჯერ ამ უჩინარ ვირუსს უნდა დამარცხება, რომელიც მთელ მსოფლიოში დადის და მათ შორის, საქართველოშიც. ამ დროს ხმაური და განცხადებები – აქედან დავარტყათ, იქედან, როცა საბოლოო პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, არა მგონია, სწორი იყოს. ვხედავ, როგორ უნდათ, რომ თავიანთი წინადადებები შემოიტანონ და დაანახონ, ჩვენც აქ ვართ. ეს არის უსუსური მცდელობები, რადგან რეალობა გაცილებით უფრო მკაცრია. ეს საგანგებო მდგომარეობა ყველამ ბოლომდე კანონმორჩილად უნდა გავიაროთ. ანალიზის და განხილვის დრო შემდგომ დადგება და დებატებიც იქნება. დღეს, როცა ბრძოლის წინა ხაზზე ვართ, ამ დროს ყოვლად წარმოუდგენლად მეჩვენება პოზიციებს შორის კამათი და დებატები დაიწყოს, თუ როგორ მოვიქცეთ.

ხედავთ, რომ ანტიკრიზისულ გეგმა გზადაგზა, პრაქტიკაში იცვლება, კიდევ დაემატება, ან, თუ საჭიროა გამოაკლდება. მიზანი გამოკვეთილია და ეს მიზანი ყველა ჩვენგანმა ვიცით: ერთი - როგორმე ნაკლები დანაკარგებით გავისტუმროთ ეს ჭირი, მეორე - მოვახერხოთ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა არ ჩამოგვეშალოს და მეორე უკიდურესობაში არ აღმოვჩნდეთ. ვფიქრობ, პრემიერს ეს ძალიან კარგად აქვს გათვიცნობიერებული.

სამთავრობო გუნდი ამას მოახერხებს?

– იმედი მაქვს, მოვახერხებთ, უნდა მოვახერხოთ. ეს სამთავრობო გუნდსაც კარგად აქვს გათვითცნობიერებული. საკოორდინაიცო საბჭოს მუშაობაში ექსპერტებიც ყავთ ჩართული და პროცესი ძალიან მშვიდად, დინჯად, წონასწორობის დაცვით მიდის.

საზოგადოება სწორად შეაფასებს ხელისუფლების ნაბიჯებს? ფაქტია, იგივე ბაზრების გახსნასთან დაკავშირებით სერიოზული ხმაურია და ზოგს გასაყიდად გამზადებული საქონელიც გადაუყარეს.

– მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი საღად, სწორად და რეალობის ადეკვატურობის გათვალისწინებით იქცევა. უპირველესი ადამიანის ჯანმრთელობაა. ვფიქრობ, როცა დაცხება, როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს ვირუსიც აღარ იქნება და ალბათ, ამასობაში ვაქცინაც წამოგვეწევა. ვაქცინაზე მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მუშაობს.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილი ფოქრობს, რომ შეიძლება არჩევნები ისევ ძველი ფორმატით ჩატარდეს და პირობები, რომელზეც შეთანხმება მოხდა, არ შესრულდეს და არც პოლიტპატიმრები იქნენ გამოშვებული.

– ამაზე დღეს საზოგადოება ნაკლებად ფიქრობს. მოვასწრებთ მაისის თვეში შეთანხმების შესრულებას, თუ საშინელი აფეთქების ხელში არ მოვყვებით. იმედი მაქვს, ასეთი ეპიდემიური აფეთქება არ იქნება. მაშინ ყველაფერი მოესწრება. ჯერ უნდა დავადგინოთ, პოლიტპატიმრები სად არიან. მე მგონი, დღეს პოლიტპატიმრები არ არიან. მეორეც, არსად წერია, რომ კონკრეტული გვარები ციხიდან უნდა იქნენ გამოშვებული. გვარები იცით, აღარ ჩამოვთვლი. თუ შარი უნდათ, ამ შარს ფასი უკვე დაკარგული აქვს ამ ეპიდემიის დროს. ვფიქრობ, საზოგადოებაში ოპოზიციის ეს შარი ვეღარ გაიყიდება და მესამე – პარტიამ თუნდაც მმართველმა, როგორ უნდა გაათავისუფლოს პატიმრები, ან როგორ უნდა დაიჭიროს?!. ეგ დრო დიდი ხანია, დამთავრდა. სასამართლოს საქმეში ვეღარავინ ჩაერევა.

დაბოლოს, ბატონო ნუკრი, გეგმაზე ადრე მოხსნილ შეზღუდვებზე რას იტყვით? პრემიერმა განაცხადა, რომ 11 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით ჩაკეტილი მიმოსვლა აღდგება, გარკვული მაღაზიები მუშაობას დაიწყებენ. არ ფიქრობთ, რომ ეს სიჩქარე საარჩევნო პროცესთან არის კავშირში და საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებას შეიძლება უკავშირდებოდეს?

– ვიმეორებ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ამჟამად არაფერი ემუქრება, თუ ვირუსის აფთქება არ მოხდა, რაც ნაკლებად მოსალოდნელია. რაც შეეხება ქალაქებს შორის ჩაკეტილი მიმოსვლის აღდგენას, ეს უკავშირდება რეალურ ვითარებას, ინფიცირებულთა ზომიერ მატებას, რომელიც კონტროლს ექვემდებარება.