„სავარაუდოდ, ჩინეთმა უკვე გაანადგურა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს ვირუსის წარმომავლობას“

„სავარაუდოდ, ჩინეთმა უკვე გაანადგურა დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს ვირუსის წარმომავლობას“

აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ბინგ ლუ, რომელიც „kovid-19“-თან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. პროფესორს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები თავისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. პროფესორის სახლთან ახლოს მანქანაში პოლიციამ კიდევ ერთი ცხედარი აღმოაჩინა. გამოძიება ვარაუდობს, რომ მეცნიერი სწორედ აღნიშნულმა პიროვნებამ მოკლა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და პროფესორი ერთმანეთს იცნობდნენ.

„ლუ SARS-SoV-2-ის ინფექციის უჯრედულ მექანიზმს და მის მიერ გამოწვეული გართულებების ციტოლოგიურ საფუძვლებს სწავლობდა და მნიშვნელოვანი აღმოჩენის ზღვარზე იყო“, - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„kovid-19“-ის გავრცელების წყაროდ ჩინეთი ითვლება. მიღებული ეკონომიკური და ჰუმანიტარული ზარალის გამო ჩინეთისგან კომპენსაციას მოთხოვნაზე უკვე საუბრობს აშშ. ვირუსი გავრცელდა თუ არა შემთხვევით? გამოვიდა თუ არა უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიიდან, გაჩნდა თუ არა უხანის ცხოველების ბაზარში ან სადმე სხვაგან? - ამ ეპატზე მტკიცებით ფორმაში საუბარი რთულია, რადგან ჩინეთის მთავრობა ჯერჯერობით უფლებას არ აძლევს ამერიკის ხელისუფლებას, გააგზავნონ გამომძიებლები და ადგილზე გაეცნონ ვითარებას, რათა მსოფლიომ გაიგოს ფაქტობრივი პირველწყარო. ჩინეთის ხელისუფლების უარი კი, აძლიერებს ეჭვს, რომ ჩინეთმა მიზანმიმართულად დამალა ინფორმაცია.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, აქვს ნანახი მტკიცებულებები, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთის, უხანის ლაბორატორიიდან წამოვიდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებულ შტატებს გააჩნია იმის მტკიცებულება, რომ ჩინეთმა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია დამალა.

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მსოფლიოს არაფერი გაეგო, თუ რა ხდებოდა. არის ამის უამრავი მტკიცებულება, რომელთაგან ზოგიერთი რამ საჯაროა. ჩინეთის ხელისუფლება ცდილობდა მათ გაჩუმებას, ვინც შეეცადა გაემჟღავნებინა, თუ რა ხდებოდა ქალაქ უხანში, სადაც დაიწყო ინფექციის აფეთქება. პეკინმა დეზინფორმაციის კლასიკური კომუნისტური კამპანია ჩაატარა. დონალდ ტრამპმა გასაგებად თქვა, რომ აპირებს დამნაშავეებს პასუხი აგებინოს და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ შევხედავთ ვირუსის ევოლუციას ღამურებში, მეცნიერული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ვირუსი არ შეიძლება ხელოვნურად შექმნილიყო ან გამიზნულად ყოფილიყო მანიპულირებული.

„დროთა განმავლობაში ევოლუციას თუ დავაკვირდებით, ეს ძლიერი განმსაზღვრელი იქნება, რომ ვირუსი ბუნებრივად გაჩნდა და შემდეგ სხვა სახეობებზე გადავიდა“,- აღნიშნა ენტონ ფაუჩიმ.

ჩინეთში კი აცხადებენ, რომ აშშ-ის განცხადებები „კოვიდ-19“-ის ჩინეთის ლაბორატორიიდან გავრცელების თაობაზე რესპუბლიკური პარტიის 2020 წინასაარჩევნო სტრატეგიაა. ჩინეთის საგარეო საქმეთა უწყება მოუწოდებს აშშ-ს, შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება საერთაშორისო საზოგადოებაში.

„აშშ საკუთარი პრობლემებით უნდა იყოს დაკავებული. მე მჯერა, რომ ეს არის „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო სტრატეგია. ეს ძალზედ ნათელია და ჩვენ ასეთი ხრიკები მოგვბეზრდა. ბატონი პომპეო ვერავითარ მტკიცებულებას ვერ წარადგენს, რადგან მას ასეთი მტკიცებულება არ აქვს. ეს საკითხი უნდა განიხილონ მეცნიერებმა და არა პოლიტიკოსებმა, რომლთაც შიდა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰუა ჩანინგმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთის მსგავსად, ჩინეთის ოფიციალური პირის განცხადებებში ისმის ბრალდებები ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ. ჩინეთი, რომელიც რუსეთი პარტნიორია, იზიარებს ოფიციალური რუსეთის შეხედულებს.

ჩინეთის ერთ-ერთმა გაზეთმა 10 შეკითხვით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს ტრამპს. საინტერესო სწორედ მეათე შეკითხვაა - „რა გამოკვლევა ტარდება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებულ აშშ-ის ლაბორატორიებში“?

კითხვის შემდეგ, მოყვანილია რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის მოსაზრება, რომ ამ ლაბორატორიებში ამერიკელები ამუშავებენ ბიოლოგიურ იარაღს, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება.

მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ არის ნახსენები საქართველო, for.ge-სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმიანობაე საზოგადოებრივი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ასეთი ბიოლოგიური კვლევითი ლაბორატორია არის საქართველოში და სამწუხაროდ, ჩინეთი ცდილობს ეს თემა გადაიტანოს სხვა მიმართულებით.

„რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას, უხანის ლაბორატორია მუშაობდა ამ თემაზე. დიდი ეჭვია და ამას ამბობენ აშშ-ის სპეცსამსახურები, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიიდან არის წამოსული, მაგრამ აქ არის ორი საკითხი: ა) წამოსულია შეგნებულად და მერე ვეღარ მოთოკეს; ბ) ადამიანური შეცდომაა და გამოეპარათ. ეს ორი ვარიანტია. დანარჩენი უკვე ჩინეთზეა დამოკიდებული და უნდა აღიაროს“, - აცხადებს ბესიკ ალადაშვილი.

მისი თქმით, მოსაპოვებელია დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს ვირუსის წარმომავლობას, თუმცა მისი თქმით, დიდი ალბათობით, ჩინეთმა უკვე გაანადგურა ეს დოკუმენტები და ამას ამტკიცებენ სპეცსამსახურები.

„ჩინეთი ავტორიტარული ქვეყანაა, საბჭოთა კავშირის პროტოტიპია. როგორც საბჭოთა კავშირში დამალეს ჩერნობილის ფაქტი, ასევე ჩინეთსაც რომ დაემალა ინფორმაცია, არ უნდა გაგვიკვირდეს. ვინ უნდა აგოს პასუხი? - ეს არის გლობალური თემა, რომელიც უკვე გახდა გეოპოლიტიკური საკითხი. მოდის არჩევნები და ტრმპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორი შედეგით გამოვა. 26 მილიონი უმუშევარია აშშ-ში და ბუნებრივია, ტრამპი ცდილობს იპოვოს განტევების ვაცი და საგარეო პრობლემები გადაიტანოს საშინაო პრობლემებზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა კი, სოციალურ ქსელში ეხმიანება ჩინეთ-ამერიკა-რუსეთის ურთიერთბრალდებებს და წერს: „ბიოლოგიური ლაბორატორიების ხსენებისას ჩინეთი აშშ-ს უტევს და ცდილობს პასუხისმგებლობა აშშ-ს აჰკიდოს“.

გოგავას თქმით, სულ ცოტა ხნის წინ ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამერიკელი სამხედროებიც კი მოიხსენია ვირუსის გავრცელების შესაძლო წყაროდ, კერძოდ, ის ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ოქტომბერში უხანში სამხედრო ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. გოგავას განცხადებით, რუსების, ჩინელების და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ ლუგარის ლაბორატორიაზე შეტევაზე პასუხი, ჩვენი მხრიდან, უნდა იყოს გამჭვირვალობა, რომლის დემონსტრირებას ქართული მხარე ახდენს.

„2018 წლის ნოემბერში გაერო-ს ეგიდით 17 ქვეყნის 22 სპეციალისტი ეწვია ლუგარის ლაბორატორიას და მისი ინსპექტირება მოხდა. დაიდო დასკვნაც, რომლის მიხედვით საქართველო „ბაქტერიოლოგიური და მომწამლავი იარაღის შემუშავების, წარმოების და დაგროვების აკრძალვის შესახებ საერთაშორისო კონვენციას“ არ არღვევს. ამ კონვენციის წევრი 1996 წლის მაისიდან ვართ.

2019 წელს ქართულმა მხარემ ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად სპეციალისტების გამოგზავნა რუსეთსაც შესთავაზა. მიუხედავად ქართული მხარის მიერ დემონსტრირებული გამჭვირვალობისა, არ წყდება კრიტიკული განცხადებები რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე. ესეც გასაგებია, გამომდინარე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაბალი ნიშნულიდან.

გაოცებას კი იწვევს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება იმის თაობაზე, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ამერიკელების მიერ შექმნილი ბიოლაბორატორიები ადგილობრივი მოსახლეობის და მეზობელი ქვეყნების შეშფოთებას იწვევს. ამ მოსაზრების დასტურად კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადება მოჰყავს. დარწმუნებული ვარ ქართული მხარე კვლავაც მოიწვევს ექსპერტებს ყველა იმ ქვეყნიდან, ვინც ეჭვის თვალით უყურებს ჩვენს ლაბორატორიას და მის საქმიანობას. ეს მნიშვნელოვანი იქნება მითების გასაქარწყლებლად“, - წერს გოგავა.

თუმცა გოგავას მოსაზრებით, აქ მთავარი არის ჩინური მხარის განცხადება. მართალია, კონკრეტულად ლუგარის ლაბორატორიაზე არ არის საუბარი, მაგრამ გენ შუანის მიერ დასახელებულ ლაბორატორიებში ქართული კვლევითი ცენტრიც იგულისხმება, რადგან გამორიცხვა გაკეთებული არ არის. გოგავას განცხადებით, ეს განცხადება კეთდება იმ ფონზე, როდესაც სწორედ ჩინური უხანიდან მოხდა „კოვიდ 19“ - ის გავრცელება მსოფლიოში.

„ფრანგი მიკრობიოლოგის, ნობელის პრემიის ლაურეატის ლუკ მონტანიეს განცხადებით, უხანის ბიოლოგიური ლაბორატორია საუკუნის დასაწყისიდან სწორედ კორონავირუსებზე სპეციალიზირდება. ლუკ მონტანიემ ნობელის პრემია 2008 წელს შიდსის ვირუსის გენომის გაშიფრვაში მიიღო. ის აცხადებს, რომ „კოვიდ 19“ არის ხელოვნურად შექმნილი, სადაც კორონავირუსს დაამატეს შიდსის და მალარიის ვირუსების გენომის ფრაგმენტები.

არსებობს ინდოელი მიკრობიოლოგების კვლევაც, რომელიც ასევე ადასტურებს „კოვიდ 19“-ის გენომში შიდსის ვირუსის ფრაგმენტის არსებობას. ამ ფაქტს ემატება ისიც, რომ ჩინეთმა, სადაც „კოვიდ 19“ გავრცელება ოქტომბერ-ნოემბრიდან დაიწყო, მხოლოდ 31 დეკემბერს შეატყობინა ეს ფაქტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და მსოფლიოს ქვეყნებს. მსოფლიოსთვის ვირუსის გავრცელების დაგვიანებული შეტყობინების შედეგად, ბევრი ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას და შედეგად ადამიანები დაიღუპნენ.

ვფიქრობ, ქართველი სპეციალისტები უნდა ჩაერთონ ვირუსის წარმოშობის და გავრცელების შესახებ გამოძიებაში, რომლის ინიცირებას აშშ აუცილებლად მოახდენს. თუ დამტკიცდა ვირუსის ხელოვნური კომპოზიციის ჰიპოთეზა ან უხანში ვირუსის მასიური გავრცელელების ფაქტის ორი თვის განმავლობაში დაფარვა, ჩვენ ჩინეთისგან უნდა მოვითხოვოთ კომპენსაცია მიღებული ეკონომიკური და ჰუმანიტარული ზარალის გამო. ზარალი კი უზარმაზარია, ეკონომიკის ბლოკირებისთვის $3 მილიარდზე მეტი ახალი ვალის აღება გვიწევს, რომ არაფერი ვთქვათ ეკონომიკის დაკარგულ მოსალოდნელ 4.5%-იან ზრდაზე ($0.8 მლრდ) და ეკონომიკის($17.7 მლრდ.) შემცირებაზე, რომლის ოდენობა ჯერჯერობით დათვლადი არ არის“, - წერს ირაკლი გოგავა.