დაიწყო მკვეთრი ვარდნა - ბინების რეალიზაცია ერთბაშად შემცირდა

დაიწყო მკვეთრი ვარდნა - ბინების რეალიზაცია ერთბაშად შემცირდა

უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება სწრაფად და დრამატულად იცვლება. კვლევამ დაადასტურა, რომ დაწყებულია მკვეთრი ვარდნა, რომელიც დიდხანს არ გამოსწორდება. უცხოელები ბაზრიდან გაქრნენ, ხოლო ადგილობრივებს მატერიალური შესაძლებლობა აღარ შერჩათ, რომ შენაძენი გააკეთონ.

როგორც „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული, მარტის პირველ ნახევარში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვის მაჩვენებელი ზრდას განაგრძობდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის შემდეგ მკვეთრად დაეცა და თვის მეორე ნახევარში 37.6%-იანი ვარდნა აღინიშნა.

„2020 წლის მარტში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედებამდე უძრავი ქონების გაყიდვები იზრდებოდა. 2020 წლის იანვრისა (+0.9%) და თებერვლის (+7.7%) მაჩვენებლების შემდეგ, ბინების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა მარტში (-7.7%). აქ აღსანიშნავია, რომ რეალიზაცია განაგრძობდა ზრდას მარტის პირველ ნახევარში, მაგრამ მკვეთრად შემცირდა მეორე ნახევარში და 37.6%-იანი კლება დაფიქსირდა.

2020 წლის მარტში დედაქალაქის გარეუბანში გაყიდვები უფრო აქტიური იყო, შეადგენდა რა რეალიზებული ობიექტების ნახევარს. ტოპ-5 უბნიდან 4 გარეუბნის (გლდანი, სამგორი, ისანი, დიდი დიღომი) წილი ჯამური გაყიდვების 49.9%-ს შეადგენდა. ჩვენი მოლოდინით, იპოთეკური სესხების რეგულაციები და მოსახლეობის შემცირებული მსყიდველუნარიანობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს გარეუბნებში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდას“, - აღნიშნულია კვლევაში.

ვითარების დრამატულობას ადასტურებს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი. მისი ვარაუდით, მნიშვნელოვნად დაეცემა მოთხოვნა უძრავ ქონებასა და საცხოვრებელ სახლებზე.

„ცხადია, უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ პანდემიის პირობებში იკლო. ამ მდგომარეობაში ნაკლებად აქვს ხალხს სურვილი, შეიძინოს ბინა, რადგან ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ამ დროს ადამიანი დიდ არჩევანს აკეთებს. ამ შემთხვევაში ბინის შეძენის საშუალება და დრო არ იყო, ასევე სერიოზულად იმოქმედა ლარის კურსმაც ბინებისა და უძრავი ქონების გაყიდვაზე. ჩემი დაკვირვებით, საარჩევნო წლებში ყოველთვის მოლოდინის რეჟიმში გადადიან მყიდველები, ამ დროს ისინი ფიქრობენ, შეიძინონ უძრავი ქონება, თუ დაელოდონ არჩევნების შემდგომ პერიოდს. უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ბინის შეძენა სტაბილური ქვეყნის ფუფუნებაა, არავინ ყიდულობს ბინას და სხვა უძრავ ქონებას, სადაც არ არის სტაბილურობის იმედი.

ამ ყველაფერს დაემატა კორონავირუსი და სრულიად სხვაგვარი გამოწვევის წინაშე დავდექით. სავარაუდოდ, ყველაფერი ერთად წლის ბოლომდე დაგვანახებს შედეგს, მაგრამ უკვე შეიძლება თქმა, რომ მნიშვნელოვნად დაეცემა მოთხოვნა უძრავ ქონებასა და საცხოვრებელ სახლებზე“, - განაცხადა როსტომაშვილმა.

სამშენებლო სფეროს სპეციალისტი უჩა ზაქაშვილი კი მიიჩნევს, რომ რეალური მდგომარეობა იმაზე მძიმეა, ვიდრე ეს „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული. ვითარების აღდგენა პანდემიის დასრულებიდან მალევე შეუძლებელი იქნება და მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში თუ მოხერხდება.

„კვლევებში, რომლებიც ქვეყნდება, არის საუბარი, რომ ბინების რეალიზაციამ 37%-ით იკლო, თუმცა, ჩემი აზრით, მდგომარეობა ბევრად უფრო დრამატულია. ბაზარზე აქტიურობდნენ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.უცხოელების ნაწილი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, ჩაკეტილი საზღვრების გამო. რაც შეეხება ჩვენს მოქალაქეებს, აქაც ანალოგიური სიტუაციაა. ეს გამოწვეულია, რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემებით.

სამშენებლო ბაზარმა ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. ჩემი პირადი პროგნოზი ასეთია, რომ კორონავირუსის გადავლის შემდეგაც ბინების გაყიდვის იმავე ნიშნულზე დაბრუნება ძალიან რთული იქნება“, - განაცხადა ზაქაშვილმა.

dimpi რა პრობლემაა? ჩამოვასახლოთ პაკისტანელები, ჩინელები, ზანგები, ჩუქჩები
დემოგრაფიული პრობლემაც გადავჭრათ
4 წლის უკან