„ამერიკელებმა სააკაშვილის ხელისუფლებას არ გადასცეს ლუგარის ლაბორატორია - ამ ავანტურისტის ხელში, შესაძლოა, ლაბორატორია გაუქმებულიყო.“

„ამერიკელებმა სააკაშვილის ხელისუფლებას არ გადასცეს ლუგარის ლაბორატორია - ამ ავანტურისტის ხელში, შესაძლოა, ლაბორატორია გაუქმებულიყო.“

რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია არაერთხელ გამხდარა რუსული პროპაგანდის და დეზინფორმაციის სამიზნე, თუმცა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, ლუგარის ლაბორატორია ერთდროულად გახდა თავდასხმის ობიექტი, როგორც რუსეთის ხელისუფლების, ასევე ქართული ოპოზიციის მხრიდან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ მოსკოვმა იცის, ვაშინგტონის მიერ საქართველოსათვის ლუგარის ლაბორატორიაში სამხედრო კვლევების გაფართოების შეთავაზების შესახებ.

რუსული პროპაგანდა

ზახაროვა ამტკიცებს, რომ პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენლები უკანასკნელ პერიოდში იმყოფებოდნენ ლუგარის ლაბორატორიში და საქართველოს მთავრობას შესთავაზეს კვლევების მასშტაბის გაფართოება. ამავდროულად, მისი თქმით, მხედველობაში უნდა გვქონდეს ამერიკელების მუშაობა საშიში დაავადებათა პათოგენური აგენტების შექმნაზე და მოდიფიკაციაზე, მათ შორის სამხედრო მიზნებით, მესამე მსოფლიოს ქვეყნების ლაბორატორიებში.

„საბჭოთა კავშირის ყოფილ წევრ ქვეყნებში აშშ ბიოტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ორგვარი დანიშნულების მქონე ბიოლოგიური კვლევების ლაბორატორიებს ქმნის. საკუთარ საზღვრებთან ახლოს რუსეთი მსგავს ქმედებას ვერ დაუშვებს“, - ამბობს მარია ზახაროვა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლუგარის ლაბორატორია კრემლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის სამიზნე გახდა. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ რუსული მედია პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვირუსთან ბრძოლაში ლუგარის ცენტრის როლი გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი და Covid-19 აშშ-ის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღია, რომელიც ამერიკამ, სამხედროების გამოყენებით და ლუგარის ლაბორატორიის გავლით, ხელოვნურად გაავრცელა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ რამე კეთდება კარგი საქართველოში და კერძოდ ლუგარის ლაბორატორიაში, ეს რატომღაც აღიზიანებს ჩვენს მეზობლებს. გამყრელიძე ზახორვას საქართველოში ეპატიჟება, რომ დააკვირდეს, რითი არის დაკავებული ლუგარის ლაბორატორია.

„მივმართავ მათ, ქალბატონ ზახაროვასაც მოვიწვევ ლუგარის ლაბორატორიაში თუ აინტერესებს. მათი წარმომადგენლები, ჟურნალისტები, რუსი მეცნიერები ბევრჯერ არიან ნამყოფი აქ და იციან, რითი ვართ დაკავებული. ჩვენ დაკავებული ვართ სამეცნიერო კვლევითი მუშაობით, რომელიც ადგება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, ეპიდემიებთან ბრძოლას, ეპიდემიების პრევენციას. საქართველოს მთავარი პოლიტიკური და ფინანსური პარტნიორი არის აშშ. 2003 წლიდან მოყოლებული, სწორედ, აშშ-მ გააკეთა საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელში უზარმაზარი ინვესტიცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რუსული პროპაგანდა და ხელისუფლების ოპონენტების განცხადება თანხვედრაშია ერთმანეთთან. „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება პირდაპირ იყენებს იმ რესურსს, რასაც პრორუსული დეზინფორმაცია და „ბოტებისა“ და „ტროლების“ ფაბრიკა ჰქვია. კაპანაძე ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის გავრცელება დიდი ხნის განმავლობაში პრორუსული ძალების მიერ ხდებოდა.

„ნამდვილად სამწუხაროა, რომ საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე და ამ შეტევის უკან, როგორც წესი, იდგნენ ხოლმე ის ძალები, რომლებიც პრორუსულ დღის წესრიგს ატარებდნენ და ახდენდნენ დასავლური ორიენტაციის დისკრედიტაციას, ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციას და მხარს უჭერდნენ ხელისუფლებას. პირდაპირი თანხვედრა იყო იმ ძალებს შორის, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიას „აშავებდნენ“ და ასევე, „აშავებდნენ“ ხელისუფლების ოპონენტებს“, - აღნიშნავს სერგი კაპანაძე.

სააკაშვილის მითები და რეალობა ლუგარის ლაბორატორიის შესახებ

საქართველოს ექს–პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორია მისი იდეით აშენდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რიჩარდ ლუგარი მისი მეგობარი იყო და ლაბორატორიის საკითხი, ვაშინგტონში, ერთ–ერთ წვეულებაზე გადაწყდა. მისივე განმარტებით, ლუგარი მაშინ მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან. სააკაშვილის ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორია არის „კლასიკური მაგალითი“ რუსული პროპაგანდის და „ქოცების“ ტყუილების, რომლებმაც ვერ ააღებინეს ხელი მეგობრების დახმარებით საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმის გაკეთებაზე“.

რეალურად, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, რომელიც ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა, მისი მშენებლობა 2004 წელს აშშ–სა და საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების და 2002 წელს აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების – „ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ – საფუძველზე დაიწყო.

ამ უნიკალური ლაბორატორიის მშენებლობა ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებით დაიწყო. მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, შევარდნაძემ გადაწყვეტილება არ შეცვალა. ლუგარის ლაბორატორია ქვეყნის უსაფრთხოების ერთ–ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. რეგიონის ყველაზე მძლავრი ლაბორატორია და ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი ბიოლოგიური და სამედიცინო დაცვის თვალსაზრისით. ლუგარის ლაბორატორიას სწრაფად შეუძლია ბევრი საშიში ვირუსის და ბაქტერიის იდენტიფიცირება.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში. მისივე შეფასებით, ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგებლობაა.

„ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში, იმ დროს როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის. ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები, უბრალოდ, სიცრუე და უპასუხისმგებლობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ აშშ-ის ელჩის შეშფოთება სავსებით გასაგებია, რადგან, მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორია არის აშშ-ს მიერ საქართველოში განხორციელებული უმსხვილესი პროექტი და მისი დისკრედიტაცია ძალიან სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია.

„რუსეთისათვის მსგავსი პროექტების არსებობა უსიამოვნოა უკვე იმიტომ, რომ ის პოსტ-საბჭოთა სივრცეს თავისი გავლენის სფეროდ განიხილავს და მსგავსი მასშტაბის პროექტების განხორციელება მისთვის იდეოლოგიურ პრობლემასაც წარმოადგენს.ამიტომ, რისეთი ცდილობს ლუგარის ლაბორატორიის დემონიზებას და მისი ბიოლოგიურ საფრთხედ წაროჩენას, რასაც ემსახურებოდა, მაგალითად, უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის ბრიფინგი რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ძნელი არ არის, აგრეთვე, გარკვეული საინფორმაციო და პოლიტიკური ძალების მიერ ამ საკითხის გარშემო ატეხილ საინფორმაციო ხმაურში იგივე ინტერესები დავინახოთ“, - აცხადებს მანჯავიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, ამავე დროს, სრულიად მიუღებელია სერგი კაპანაძის მიერ გამოთქმული უხერხული მტკიცება იმის შესახებ, რომ ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაციას იგივე ძალები აწარმოებენ, რომლებიც ევრონაცებს ებრძვიან.

„მე პირიქით ვიტყოდი - სწორედ სრულიად არაპოპულარული „ევრონაცებისა“ და მათი მოკავშირეების გაიგივებამ აშშ-ს პოლიტიკასთან გამოიწვია მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში ანტიამერიკული განწყობების გაღვივება, რაც ნამდვილად არის მეტად სერიოზული პრობლემა, რომელიც სწრაფ გადაწყვეტას საჭიროებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია იხსენებს, რომ ამერიკული მხარე კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ლუგარის ლაბორატორია საქართველოსთვის სამართვად მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გადაეცა. მისი თქმით, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ლაბორატორიას არავითარი კავშირი არ გააჩნია აშშ–თან და მთლიანად საქართველოს კუთვნილებაა.

„საინტერესო დეტალია ის, რომ სანამ საქართველოში არ შეიცვალა ხელისუფლება, ამერიკელებმა ცოცხალი თავით არ მისცეს სააკაშვილს ეს ლაბორატორია. ამ ლაბორატორიის გადმოცემა საქართველოს ხელისუფლების ხელში მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისიუფლებაში მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“. მცდელობის მიუხადავად, ამერიკელებმა სააკაშვილის ხელისუფლებას არ გადასცეს ლაბორატორია, რადგან სააკშვილი იმდენად ავანტურისტი იყო, რომ მის ხელში, შესაძლოა, ეს ლაბორატორია გაუქმებულიყო. მით უმეტეს, რომ სააკაშვილმა დაამყარა ალ–ქაიდას დაჯგუფებასთან კავშირები და საეჭვო ურთიერთობები დაამყარა ირანის მიმართულებით, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთზე. ყოველივე ამან გამოიწვია ობამას ადმინისტარციის ერთგვარი ეჭვები სააკაშვილის პიროვნების მიმართ. როგორც კი სააკაშვილის რეჟიმი მშვიდობიანად წავიდა, 2013 წელსვე, ამერიკელებმა სრულად გადასაცეს ლუგარის ლაბორატორია საქართველოს მთავრობას. ის პროპაგნდა, რომელსაც რუსეთი და სააკაშვილი ერთდროულად ეწევიან ლუგარის ლაბორატოორის წინააღმდეგ, ეს ფსიქოლოგიური საინფორმაციო ომის კლასიკური მაგალითია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი გოგავა for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორია აშშ-სა და საქართველოს შორის დიდი შეთანხმების ნაწილია, რომლის ფარგლებში საქართველომ, 90-იან წლებში უარი თქვა ბრითვულ ტექნოლოგიებზე, სანაცვლოდ მიიღო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, დახმარება აშშ-სგან, ასევე მიიღო ლუგაროს ლაბორატორია.

„ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით ბირთვულ ტექნოლოგიებზე, რომესაც ვფლობდით, ამის სანაცვლოდ, აშშ-მა ერთგვარი კომპენსაცია გაგვიკეთა ლუგარის ლაბორატოორის სახით. რაც შეეხება თავდასხმას, ვფიქრობ, რომ ეს არის რუსული ნარატივი. რუსეთი ნერვიულობს ამ თემაზე და ამას არც მალავენ. ეს თავდასხმები პიარ-პროპაგანდას უფრო გაქვს, რომელიც შესაძლოა, კრიტიკულ სიტუაციაში აგრესიის საბაბისთვის გამოყენებული იქნას საქართველოს წინააღმდეგ.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებებს, გვახსოვს, რომ 2003 წელს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პროექტი, მხარდაჭერილი იყო რუსეთის მიერ. რუსეთი დაეხმარა სააკაშვილს, რომ მოსულიყო ხელისუფლებაში. ისინი აგრძელებენ თანამშრომლობას და არ არის გამორიცხული, რომ ერთმანეთის გამხმოვანებლები იყვნენ. აქ არის რეალურად გეოპოლიტიკური ომი. ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული განვითარების ვექტორი და ეს, რა თქმა უნდა, რუსეთს არ მოსწონს. მისი მიზანია, თვითონ გააკონტროლოს სამხრეთ კავკასიის სივრცე“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

for.ge-სთან საუბრისას აღმოსავლეთმცოდნე სოსო ზაალიშვილი იხსნებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც აშშ–მა ჩათვალა, რომ უნდა დახმარებოდა საქართველოს, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო გამოირჩეოდა სტაბილურობით. მისი თქმით, იმ პერიოდში საუბარი იყო ბაქო–ჯეიჰანის მშენებლობაზე, რომელიც საქართველოში უნდა გასულიყო. ამისათვის საჭირო იყო სტაბილურობა საქართველოში, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით.

„უსაფრთხობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი ძირითადი მომენტია ბაქტერიოლოგიური და ვირუსული შეტევებიდან თავდაცვა. სამწუხაროდ, ისეთ რეგიონში ვართ, რომ ძალიან აგრესიული ქვეყნები გვესაზღვრება. ირანთან პირდაპირი საზღვარი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი მეზობლების მეზობელია და ამ ბაქო-ჯეიჰანის მშენებლობის დროს სავარაუდო საფრთხეებში განიხილებოდა ირანიდან მომდნარე საფრთხე.

ბაქტერიოლოგიური ვირუსული თავდასხმა რომ არ მომხდარიყო, ამერიკელებმა ჩათვალეს საჭიროდ, რომ რეგიონში აეშენებინათ ლუგარის ლაბორატორია, რომელიც დაიცავდა სავარაუდო შეტევისგან საქართველოს, როგორც ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორს“, - აცხადებს სოსო ზაალიშვილი.

მისი თქმით, რუსეთი თავიდანვე წინააღმდეგი იყო საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობის, რადგან თავიდანვე გასაგები იყო, რომ ამ ლაბორატორიის დანიშნულება, შესაძლოა, ყოფილიყო აგრესიული საგარეო კურსის მქონე ქვეყნების და მათი სატელიტების შესაძლო მოქმედების პრევენცია, მაგ. ირანის და სხვა ქვეყნების, რომლებიც, ჩვენდა სამწუხაროდ, რუსეთის მოკავშირეები არიან.

„ირანი რომ რუსეთის მოკავშირეა, ეს ყველამ ვიცით და არა მარტო ირანი, არამედ ირანთან აფელირებული ტერორისტული ორგანიზაციები. ასე რომ, შესაძლოა, იმ ხალხს, ვინც ამ ლაბორატორიის მუშაობას აკრიტიკიებს და ეწინააღმდეგება, ჰქონდეს გარკვეული ინტერესი და რუსეთში ეძებდეს მოკავშირეებს.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილება არ არის მარტივი. ჩვენ თუ გავიხსნებთ 2003 წელს სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლას, კარგად გვახსოვს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივანოვის განცხადების მერე გადადგა შევარდნაძე. ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება ხდება ისეთ სტრატეგიულ ქვეყნებში, როგორიც არის საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი და ა.შ.“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ზაალიშვილმა.

DDDzia ძნელი დასაჯერებელია, რომ ლაბორატორია მთელი ამ ხნის მანძილზე კორონავირუსის საკითხზე მუშაობს. ფაქტი სახეზეა - თუ მუშაობს, მაშინ შედეგიც უნდა იყოს, მაგრამ არავითარი შედეგი არაა. ე.ი. კორონავირუსის წინააღმდეგ მუშაობდნენ მთელი 25 წელი და შედეგი ვერ დადგა?
ის, რომ ამჟამად უკვე გავრცელებული კორონავირუსის გამოსავლებად გამოიყენება ამ ლაბორატორიის სიმძლავრეები, ვერ ამართლების მის არსებობას.
ამით აპრავებენ, მაგრამ ლოგიკურად ვერ ამართლებენ.
ლაბორატორიის უზარმაზარი შენობა მხოლოდ კორონავირუსით დაავადებულთა მონაცემებს იკვლევს?
ვინმეს სჯერა ამ პრიმიტივიზმის?
თუ ასე მარტივადაა საქმე, დაუშვან ექსპერტები ამერიკელებმა (და არა ჩვენებმა, რომლებიც ვითომ მართავენ ამხელა ლაბორატორიას) და მორჩება სპეკულაციები.
რუსები იტყვიან ხოლმე - нет дыма без огня.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მე საერთოდ ე.წ. მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს განვიხილავ როგორც სასიკვდილო საფრთხეს! მაგრამ ეს ლუგარის ლაბორატორია ერთადერთი ფასეული და საჭირო რამეა, რაც აშშ-მ საქართველოს გაუკეთა (მგონი არ მოუყიდიათ?!) აშშ-ს ბიოლოგიური იარაღის შექმნა-წარმოებისათვის უამრავი შესაფერისი ტერიტორია გააჩნია, და ამ ერთი ციცქნა საქართველოში არაფრად სჭირდება ასეთი საქმიანობის ჩატარება! თანაც რუსეთს 20 წუთში შეუძლია იმ ტერიტორიის სრული ოკუპაცია და იქ საკუთარი სამეცნიერო კონტიგენტის განლაგება! ამიტომ ვფიქრობ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს არადეკლარირებული, სახიფათო სამუშაოები!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამიტომ ვფიქრობ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში არ, არ, არ, არ ..... მიმდინარეობს არადეკლარირებული, სახიფათო სამუშაოები!
3 წლის უკან
DDDzia არადეკლარირებული, სახიფათო სამუშაოების ცნება ძალიან ფართოა.
არავინ ამბობს, რომ ამ ლაბორატორიაში მიმდინარეობს ქლორ-პიკრინის, ზარინის ან ზამანის შექმნა და მათი ადამიანზე ზემოქმედების შესწავლა.
მაგრამ, ამა თუ იმ ვირუსის ზემოქმედება ადამიანთა ჯგუფზე, გენომზე, ერთნაირი გენეტიკური თვისებების მატარებელ ეთნიკურ ჯგუფზე - ეს არც არადეკლარირებულია და არც სახიფათო ერთი შეხედვით (თუმცა აშშ-ში ასეთი სამუშაოების ჩატარება კანონით აკრძალულია).
ეს მანამდეა უხიფათო, სანამ არ გამოიყენებ და ამისი საშიშროება იმაშია, რომ თოფის ტყვიისგან განსხვავებით მაშინვე არ კლავს. კლავს მეორე, მესამე თაობაში, როდესაც აქტიურად გამოვლინდება ერთნაირი გენეტიკური კოდის მატარებელ ეთნიკურ ჯგუფზე ამა თუ იმ ვირუსის სასიკვდილო ზემოქმედება, რომლისგანაც არ არსებობს არც წამალი და არც იმუნიტეტი.
ჩვეულებრივი გრიპი, რომელზედ თეთრკანიანებს თანდაყოლილი იმუნიტეტი აქვთ, წითელკანიანებისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა და მთელი ამერიკის კონტინენტი გასუფთავდა მათგან. ოსპა, რომელიც თეთრკანიანებს მეტ- ნაკლებად იოლად გადაჰქონდათ მეცხოველეობის განვითარების გამო, მასიური გაჟლეტვის მიზეზად იქცა ინდიელებისთვის. ალკოჰოლი, რომელის ჩვენთვის ჩვეულებრივი და თითქმის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია, გენეტიკურად სასიკვდილოა აზიური გენის მატარებელ ეთნიკურ ჯგუფებში.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli არ გეკამათები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ ეს ფაქტები და კიდევ მრავალი სხვა ზედმიწევნით ვიცი. მაგრამ მაინც ჩემს აზრზე ვრჩები ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით! ისე საერთოდ თუ უარს ვიტყვით მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მიღწევებზე და ხელს მოვკიდებთ ნატურალურ მეურნეობას, აღვადგენთ ტრადიციულ პატრიარქალური ცხოვრების წესს, თავს დავანებებთ ნავთობის და გაზის მოპოვებას და ქიმიურ გადამუშავებას და ა.შ. ძალიანაც კარგი იქნება! ხმალში და თოხში მაგარი ვიყავით ქართველები!
3 წლის უკან
DDDzia Aburjga Tasmanieli
შენ გეტყობა ხუმრობის ხასიათზე ხარ.
იუმორით უფრო იოლია კარანტინის და ვირუსული ინფექციის გადატანა.
3 წლის უკან
trampi ძია
ეხლა წერა მეზარება...
ისე ყველაფერში მართალი ხარ..მაგ თემაზე აქ ადრე მე ძაან ბევრს ვწერდი ხოლმე(და რა მარტო მე)
ეგ ლაბორატორია ჩვენი სიყვარულისთვის რომ არ აუშენებიათ ეგ ხომ იცი??
ჰოოოოდა ....... ზნაჩიტ ბუდეა რაღა...........რად უნდა ამას ბევრი ლაპარაკი??
ადრე მაგ თემაზე ჯერფი სილვერმანიც ბევრს წერდა ხოლმე(გეხსომება--გეცოდინება---ყოფილ;ი ამერიკელი, ამჟამად ნორვეგიელი. მიშამ ერთი ორჯერ მაგრად რო დაბუთქა).....
3 წლის უკან