„ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისთვის არასასურველი დონალდ ტრამპი აღარ იყოს ხელისუფლებაში“

„ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისთვის არასასურველი დონალდ ტრამპი აღარ იყოს ხელისუფლებაში“

„გახსენით უჰანის ლაბორატორია... აუცილებელია, ყველა დეტალი გაირკვეს, დაავადების გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს“, - ამ სიტყვებით მიმართა მაიკ პომპეომ ჩინეთის მთავრობას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში ირწმუნებიან, თითქოს ამერიკელებთან პარტნიორობა სურთ, თუმცა უჰანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში ამერიკელებს ამ დრომდე არ უშვებენ.

გარკვეული მოსაზრებით, უჰანის ლაბორატორიაში ვირუსის წარმოქმნა უკავშირდება არა ბიოლოგიური იარაღის შექმნას, არამედ ჩინეთის მცდელობას, ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ ვირუსების გამოვლენისა და მათთან ბრძოლის უნარით აშშ-ს არ ჩამოუვარდებოდა, თუმცა ჩინელებს ვირუსი ლაბორატორიიდან „გაეპარათ“.

მართალია, აშშ-ის სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ ახალი კორონავირუსი არ არის ადამიანის მიერ შექმნილი, ან გენეტიკურად მოდიფიცირებული, მაგრამ გამუდმებით ჩნდება კითხვები კორონავირუსის ხელოვნურად გავრცელებასთან დაკავშირებით.

რამდენად არგუმენტირებულია ჩინელების დადანაშაულება ამ საკითხში? ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე ესაუბრა.

ჩინელების მიმართ უამრავი კითხვა დაგროვდა - რატომ გააქრეს ჩინელებმა ბლოგერები, ექიმები, რომლებმაც პირველად გააჟღერეს ინფორმაცია  ჩინეთში კორონავირუსის გაჩენის შესახებ? რატომ ფიქრობს ტრამპი, რომ ჩინელებს არ სურთ, მან განმეორებით არჩევნებში წარმატებას მიაღწიოს? ასევე, ჩნდება ეჭვი, რატომ არ უშვებენ ჩინელები უჰანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში ამერიკელებს? ეს კითხვები შემთხვევითია, თუ აქვს რაიმე საფუძველი?

- ცხადია, ეს კითხვები არ არის შემთხვევითი. ეს არის ომი არა კონვენციური, სამხედრო საშუალებებით, არამედ იდეოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური,  ჩინეთსა და აშშ-ს შორის,რასაც თანამედროვე ჰიბრიდულ ომს უწოდებენ. ეს ომი დაიწყო ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლასთან ერთად. კონკრეტულად განვიხილოთ, რასთან არის დაკავშირებული ეს ომი. ჩინეთი მსოფლიოს სახელოსნო გახდა,  ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა თავიანთი საწარმოო ბაზები მთლიანად გადაიტანეს ჩინეთში, იქ დაბანდდა უზარმაზარი ფული ტრანსნაციონალური ბანკების მიერ. ამან ჩინეთის ეკონომიკის საოცარი გაძლიერება, აღმავლობა გამოიწვია. ამას თან სდევდა სავაჭრო ხელშეკრულებები, რომელიც მომგებიანი იყო ჩინეთისთვის და წამგებიანი -დასავლეთისთვის. ჩინეთი გახდა აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის უმეტესი ქვეყნების მთავარი სავაჭრო პარტნიორი. მსოფლიოს სამი უდიდესი ბანკი ჩინურია, ჩინეთმა შეისყიდა დედამიწის სასარგებლო წიაღისეულის ლონის წილი. ამუ, იმის მაგივრად, რომ ინვესტიციებით და საწარმოო ბაზის გადატანით  მიებათ დასავ;ლეთისთვის და ჰყოლოდათ თვინიერი და  მორჩილი ჩინეთი, რისი გათვლაც ჰქონდა ზოგიერთ ამერიკელ პოლიტიკოსს,  მივიღეთ გაღვიძებული და  გაძლიერებული ჩინური დრაკონი. ეს შეცდომა სრულიადაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან დასავლურ ცივილიზაციას და რუსეთის იმპერიას ჩინეთთან შეხება მისი სისუსტის პერიოდში მოუხდა და ძლიერი ჩინეთი მისთვის სრულიად მოულოდნელი რეალობა აღმოჩნდა.

ამ მდგომარეობის შექმნა განაპირობა.იმ ფაქტმა,რომ  არსებობდა ორპოლუსიანი სამყარო-საბჭოთა კავშირი და შეერთებული შტატები. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ჩინეთთან თანამშრომლობა ჯერ ნიქსონმა დაიწყო, შემდეგ კისინჯერმა და ამერიკის ადმინისტრაციებმა გააგრძელეს. მოგვიანებით უკვე საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა, მაგრამ ეს ინერცია გაგრძელდა, ასევე, გაგრძელდა ამერიკის საწარმოო კაპიტალის გადატანა ჩინეთში.  სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ   პროცესი,რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან არის დაკავშირებული. ერთი საკითხია, იყო თუ არა ეს ვირუსი ხელოვნური, ამაზე გარკვეული პასუხი არავის არ აქვს, მეორე- მალავდა თუ არა ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს. არსებობს მეტად საეჭვო წინააღმდეგობები  ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტის განცხადებებში. ეს წინააღმდეგობები მნიშვნელოვანია, რადგან ჩინეთის ჯანდაცვის კომისიამ ხან 40%-ით განსაზღვრა ინფიცირებულთა რიცხვი, ხან შეამცირა, მერე კიდევ გაზარდა. ის,რომ ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი პირდაპირ აფრქვევს ასეთ უცნაურ განცხადებებებს, დასავლეთს აძლევს დამატებით საფუძველს, რომ ჩინეთის მიმართ მკაცრი კურსი გაატაროს.

რაში გამოიხატება მკაცრი კურსი?

- მოგეხსენებათ, ჩინეთი აგროვებდა თავის პროფიციტს, მოგებას, აბანდებდა ამერიკის მთავრობის სახაზინო ობლიგაციებში და იქიდან იღებდა პროცენტს. ეს თანხა დაახლოებით 6 ტრილიონია. ასევე, აშშ-ს აქვს ჩინეთის ვალი, ტრილიონ 750 მილიონი. სენატში უკვე შევიდა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, აშშ წყვეტს პროცენტის გადახდას ჩინეთისთვის. მთელმა რიგმა ქვეყნებმა უკვე მოამზადეს და შეიტანეს სასამართლოში სარჩელები ჩინეთის წინააღმდეგ, ისრაელმა 110 მილიარდი დოლარის ოდენობით, გერმანიამ 179 მილიარდის ოდენობით, შეერთებულმა შტატებმა 2 ტრილიონი დოლარის ოდენობით. კიდევ სხვა ქვეყნებიც უერთდებიან ამ სარჩელს ჩინეთის წინააღმდეგ. ანუ დასავლეთი და არა მარტო დასავლეთი ერთიანდება ჩინეთის წინააღმდეგ. ამ ფონზე ჩვენ არ ვიცით ჩინეთის პასუხი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩინური პასუხი არ იქნება რბილი.

ამ ეტაპზე ჩინეთის პასუხი ცნობილია მხოლოდ დონალდ ტრამპის მიმართ. ჩინელები ირწმუნებიან, რომ მათ აშშ-ის არჩევნები არ აინტერებთ და ტრამპის განცხადება აბსურდია.

- გასაგებია, ჩინეთი ამას აცხადებს, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთს პრობლემები შეექმნა სწორედ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. მისი სლოგანი „Make America Great Again“ სწორედ იმას ნიშნავდა, რომ მას  ამერიკისთვის დაებრუნებინა საწარმოო სიმძლავრეები და ის კვლავ მწარმოებელი ქვეყანა გაეხადა. თავიდან, სანამ კორონავირუსი გამოჩნდებოდა, ამერიკის ეკონომიკა საოცარი ტემპით ვითარდებოდა. ამ პოლიტიკას აქვს კიდევ სხვა ასპექტებიც. კერძოდ, ჩინეთის ფინანსურ-ეკონომიკურ ელიტას უზარმაზარი აქტივები აქვს შეერთებულ შტატებში, თუნდაც იმავე კალიფორნიაში. ისინი თავიანთ ფულს ინახავენ დოლარებში, ანუ დოლარის მილიარდერები არიან. ბუნებრივია, ამერიკელებთან ასეთი დაპირისპირება და იმ სამყაროს დანგრევა, სადაც დოლარს აქვს გაბატონებული მდგომარეობა,  არ აწყობს ჩინურ ელიტის ამ ნაწილს. აქ უნდა გვახსოვდეს ისიც,რომ ჩინეთი ჰომოგენური ქვეყანა არ არის, ჩინეთი ძალიან განსხვავდება თავისი პროვინციების ეკონომიკური და კულტურული განვითარების თვალსაზრისით.

პროვინციას ვეძახით, თორემ, სინამდვილეში, ეს დიდი ქვეყნებია. მაგალითად, ხუბეის პროვინციაში, სადაც არის უჰანი, დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ჩინეთში უამრავი პროვინციაა, რომელთა ეკონომიკაც უფრო დიდია, ვიდრე საფრანგეთის და სხვა ქვეყნების ეკონომიკა. ქალაქი შანხაი უზარმაზარი ეკონომიკური სიმძლავრისაა. ამ პროვინციებს თავ-თავიანთი წარმომადგენლები, ლობისტები ჰყავთ ჩინეთის ცენტრალურ ხელისუფლებაში. ზოგიერთი მათგანი აკონტროლებს არმიას, ზოგი -ეკონომიკის საექსპორტო სფეროებს, ზოგი - ენერგეტიკას. ამ გიგანტი ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოწყობა ძალიან რთულია, რომელზეც მუშაობისა და მანიპულირების დიდი გამოცდილება აქვს დასავლეთის სპეცსამსახურებს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ ამ შებრძოლების, შერკინების ახალ პერიპეტიებს. ბრძოლა მთელ დედამიწაზე მიმდინარეობს დომინირებისთვის.

თუკი ამერიკელებს არ შეუშვებენ უჰანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში, ჩინეთთან მიმართებით დაახლოებით ისეთივე ღონისძიებების გატარებას უნდა ველოდოთ, როგორც ამერიკამ ირანთან მიმართებით გაატარა სანქციების სახით?

- რა თქმა უნდა, ზუსტად ანალოგიური იქნება, თუ კიდევ უფრო მკაცრი არა. იმდენად რთული სიტუაცია შეიქმნება კორონავირუსის შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები, ამის პროგნოზირება სარისკოა. ვფიქრობ, შეიქმნება პოლუსები, ფინანსურ-ტექნოლოგიური ზონები, ერთ ზონაში იქნება ჩრდილოეთ ამერიკა (შეიძლება სამხრეთ ამერიკის ნაწილიც შევიდეს ამ ზონაში), კანადა, ინგლისი, ავსტრალია, ახალი ზელანდია. ეს ზონა ანგლოსაქსური დომინირებით იქნება, მეორე უდიდესი პოლუსი იქნება ჩინეთი, მაგრამ, ამავე დროს, თავისი პარამეტრების შესაბამის ადგილს იკავებს ინდოეთი, რომელიც მოსახლეობის რიცხვითა და ეკონომიკური მასშტაბით ნელ-ნელა უკვე უთანაბრდება ჩინეთს. ამ ახალ სამყაროში თავის ადგილს ეძებს რუსეთი და ევროკავშირი, ასევე, ახლო აღმოსავლეთი. ანუ არსებობს ორი უდიდესი ძალის ცენტრი, რომლებიც შეესაბამებიან ერთმანეთს და არის კიდევ რამდენიმე ისეთი ცენტრი, რომელსაც ასევე აქვს სუვერენობა, მეტ-ნაკლებად ამ ცენტრს შეიძლება მივაკუთვნოთ რუსეთი, საფრანგეთი.

ფაქტობრივად, ჩინეთის ლობისტად გვევლინება რუსეთი. ლავროვმა უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ აღელვებს ზოგიერთი ქვეყნის მცდელობა, კორონას გავრცელება დააბრალოს ჩინეთს. რას ნიშნავს ეს განცხადება? ნუთუ რუსეთს არანაირად არ ემუქრება ჩინეთი, თუნდაც დემოგრაფიული თვალსაზრისით? ან რუსეთს არ აქვს შიში, რომ ეს დიდი ქვეყანა გადაყლაპავს რუსეთსაც, თავისი აუთვისებელი შორეული ტერიტორიებით?

- სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთს ჩინეთის შიში არ აქვს, რადგან რუსეთს აქვს დიდი უპირატესობა ატომურ შეიარაღებაში. ცხადია, შეტაკების შემთხვევაში რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიოს დედამიწაზე ყველაზე მრავალრიცხოვან ჩინეთის სახალხო არმიას, რუსეთი წააგებს სახმელეთო შეტაკებებს, მაგრამ შემდეგ ამას მოჰყვება ჩინეთის განადგურება. რუსეთისა და ჩინეთის სარაკეტო და ატომურ შეიარაღებებს ჯერჯერობით ვერ შევადრით ერთმანეთს. გარდა ამისა, რუსეთის სავაჭრო ბრუნვა ჩინეთთან იზრდება. შესაბამისად, მცირდება ეს ბრუნვა ამერიკასთან. 750 მილიარდამდე იყო ამერიკისა და ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა, რუსეთის იყო მხოლოდ 115. დღეს კი რუსეთისა და ჩინეთის ვაჭრობა იზრდება. თვითონ რუსული მრეწველობა არ არის მზად ჩინეთში ექსპორტისთვის, თორემ რუსეთს ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი ჩინეთში. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩინეთის დღევანდელი ხელმძღვანელი არ განიხილავს რუსეთს თავის მთავარ კონკურენტად, ანუ იდეოლოგია არ არის მიმართული რუსეთის საწინააღმდეგოდ. სი ძინპინი თავისი წარსული წარმომავლობით რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულების მომხრეა, განსხვავებით სხვა დაჯგუფებებისგან. რუსეთს იმ შემთხვევაში შეიძლება დაემუქროს საფრთხე, თუ ჩინეთში მოხდება დესტაბილიზაცია და რუსეთთან მთელ პერიმეტრზე მოსაზღვრე 120-მილიონიანი ეკონომიკურად დეპრესიული რეგიონები გამოვა საერთო ჩინური წესრიგიდან, რაც ჩინეთში ხდება ხოლმე. შეგახსენებთ, ყველაზე დიდი და სისხლიანი აჯანყება კაცობრიობის ისტორიაში მოხდა ჩინეთში, ტაიპინელთა აჯანყება მე-19 საუკუნეში, სადაც 60 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. ანუ ჩინეთის დიდ სტაბილურობას ასეთივე მასშტაბით არასტაბილურობა მოჰყვება ხოლმე. დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში ამას არ შეიძლება არ მოჰყვეს მძიმე შედეგები მეზობლებისთვისაც. ამიტომ სტაბილური ჩინეთი რუსეთს აწყობს. მით უმეტეს, ჩინეთის ეს ხელისუფლება, რომელსაც ძალის ვექტორი გადატანილი აქვს ყვითელი ზღვისკენ, რუსეთისთვის მოსახერხებელი პარტნიორია და ჩვენ ვხედავთ, რუსულ-ჩინური სავაჭრო ურთიერთობები დინამიურად როგორ ვითარდება.

ანტიჩინური განწყობა თითქოს მთელ მსოფლიოში იწყება. ასეთ ფონზე მაინც მოახერხებს ჩინეთი, დონალდ ტრამპს ხელი შეუშალოს საარჩევნო კამპანიაში და ჯო ბაიდენის სასარგებლოდ დადოს ფსონი? პეკინს უფრო მეტი სავაჭრო პრივილეგია ელის ბაიდენის ხელში?

- ჩინეთი ყველაფერს გააკეთებს და მას გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, რომ მისთვის მეტად არასასურველი ტრამპის ადმინისტრაცია და არასასურველი ტრამპი აღარ იყოს ხელისუფლებაში. ჩინეთში არიან ძალები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან იმ ტრანსნაციონალურ კორპორაციასთან, რომლებიც „დემოკრატებთან“ არიან აფილირებულნი. საინტერესო რამეს გეტყვით, თითქმის ყველა მიკრობიოლოგიური კომპანიის შტაბ-ბინა განთავსებულია კალიფორნიაში, მაგრამ პრაქტიკული ლაბორატორიები განთავსებულია ჩინეთში, რადგან ამერიკის კანონმდებლობა კრძალავს ექსპერიმენტების ჩატარებას ცხოველებზე. ჩინეთში ასეთი აკრძალვა არ არის. გრანდიოზული ინტერესები აქვთ ტრანსნაციონალურ კორპორაციებს ჩინეთში. ამ კორპორაციებს არანაირი პატრიოტული გრძნობები არ აწუხებთ. ეს ე.წ. მომთაბარე ტრანსნაციონალური კორპორაციების კასტა, როგორც პარაზიტული არსება, ცირკულირებს მთელ დედამიწაზე, ქმნის ყველა პირობას პოლიტიკურს, ეკონომიკურს, რომ მოხერხებულად დაიმკვიდროს ადგილი, დიდ გავლენას ახდენს დედამიწის პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

თუკი ვირწმუნებთ, რომ ხელოვნურად გაჩნდა ეს ვირუსი ჩინეთში, მაშინ ხომ შეიძლება დაისვას ამის საპირისპირო კითხვებიც, რატომ იწყება ყველა ვირუსი ჩინეთში (სარსი, ფრინველის გრიპი)? რა წილი აქვს კორონავირუსის ბუნებრივად გაჩენაში იმ ფაქტს, რომ ჩინელები ველური ცხოველებით იკვებებიან?

- ჩინეთში ჩნდება ვირუსები, რადგან ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი ხალხი ცხოვრობს. ასევე, ჩინელების გასტრონომიული მიდრეკილებები შეიძლება თამაშობდეს ამაში გარკვეულ როლს. გარდა ამისა, ეს არის ეკოლოგიურად ძალიან დაბინძურებული ქვეყანა, სადაც ადამიანთა იმუნიტეტიც დაბინძურებულია. ჩინეთის ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფულია. იქ მხოლოდ მიწების 6%-ზე შეიძლება მოიყვანო ჯანსაღი პროდუქტი. ცხადია, არაჯანსაღი კვება ზემოქმედებს ადამიანის იმუნიტეტის დაცემაზე. საერთოდ, ვირუსის გავრცელება ხდება იქ, სადაც ადამიანებს იმუნური სისტემა უსუსტდებათ. რაც შეეხება კორონავირუსის ხელოვნურ გავრცელებას, დღევანდელ მსოფლიოში არაფერი გამორიცხული არ არის. კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ არავინ არაფერი იცის. ამ ვირუსის არსი იმდენად შეერია პოლიტიკას და იმდენად პოლიტიკური გახდა, სიმართლის დადგენა რთულია.

Katana . მე არ ვიცი, რა სანქციები უნდა დაუწესოს ამერიკამ ჩინეთს და რა უნდა უქნას, როცა ყვალაფერი, რაც შტატებში იყიდება: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი, ტ...საბურავი, ჭურჭელი, ავეჯი, ტექნიკა (თოხიდან კომპიუტერამდე) ... ყველაფერს, ყველაფერს აწერია Made in China!..
ოფიციალური მონაცემები არა მაქვს, მაგრამ ჩემი ვარაუდიდთ, მთელი სამრეწველო პროდუქციის 99% ჩინეთშია დამზადებული! (იაპონური, გერმანული, ინგლისური და სამხრეთ კორეული ავტომანქანების გამოკლებით).
კი, მთელი მსოფლიოს ბრენდები!.. მაგრამ დახედავ ბოლოში და... Made in China!
ათასში ერთხელ რაღაცა რომ შემხვდება, რასაც აწერია, თუნდაც, Made in Vietnam, გამიხარდება ხოლმე!
კიდევ კარგი, სასმელები მაინც შემოდის იმ ქვეყნებიდან, სადაც აწარმოებენ: ლუდის დიდი ასორტიმენტი - გერმანიიდან, ღვინოები - საფრანგეთიდან და იტალიიდან (თუმცა, მე კალიფორნიული მირჩევნია), ვისკი - შოტლანდიური, არაყი - ინგლისური, სკანდინავიური და ა.შ.
ასეთი უგუნურება, რაც იაფ მუშახელს გამოკიდებულმა ამერიკელებმა ჩაიდინეს თავის დროზე, გამაოგნებელია პირდაპირ!
და რა უნდა უქნას ჩინეთს, რომლის ხელის შემყურედაც არის ქცეული ამხელა ზესახელმწიფო?!
წარმოდგენა არა მაქვს!
3 წლის უკან