კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერ პოსტზე გამწესება საქართველოსა და უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა იქნება

კახა კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერ პოსტზე გამწესება საქართველოსა და უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა იქნება

თბილისის მერი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრეზიდენტად შესაძლო დანიშვნის შესახებ ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, უკრაინელი და ქართველი პოლიტიკოსები ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას უნდა გაუფრთხილდნენ.

„მე არაერთხელ მომიწია განცხადების გაკეთება ამ საკითხზე და ახლაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საქართველო-უკრაინის მეგობრობა არის მუდმივი და შეუძლებელია კითხვის ნიშნის ქვეშ მისი დაყენება. თავად ფაქტი სააკაშვილის კანდიდატურის გაწვევასთან დაკავშირებით, მხოლოდ მისი ოფიციალურად დადასტურების შემდეგ შემიძლია შევაფასო, რადგან ოფიციალურად ამასთან დაკავშირებით განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა. თუმცა, ერთი რამ არის ცხადი და მკაფიო - ჩვენ პოლიტიკოსები პირველ რიგში, ვალდებული ვართ, გავუფრთხილდეთ იმ ღირებულებებს, რაც ამ ორ ქვეყანას ერთმანეთთან აკავშირებს. ადრეც ვთქვი და ვიმეორე, იმედი მაქვს, უკრაინის მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ თემაზე საუბრისას ბოლო დროს პოლიტიკაში ჩართულმა ბევრმა ადამიანმა გამოავლინა საკუთარი რეალური სახე.

„მაგალითად, დღეს მოვისმინეთ მწვავე კრიტიკული განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილის დანიშვნის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინიდან ელჩის გამოწვევა თურმე უკიდურესად უპასუხისმგებლო საქციელი იქნება. ამ ყველაფერმა ერთი შემთხვევა გამახსენა, როდესაც იგივე ადამიანები, ვინც დღეს ზემოაღნიშნულ განცხადებას აკეთებენ, პირდაპირ მიესალმებოდნენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესებას იმ კომპანიის გამო, რომელმაც საქართველოსთან დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოშიც წააგო (საუბარი მაქვს კომპანია ფრონტერაზე). კარგად გვახსოვს ჩვენ ამ ადამიანების განცხადებები. ეს ყველაფერი რამდენიმე თვის წინ ხდებოდა. ეს ადამიანები უჭერდნენ მხარს ჩვენი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას მაშინ, როცა ამერიკული კომპანიის ირგვლივ მედიაში სრულიად უსაფუძვლოდ იყო ატეხილი აჟიოტაჟი. მე კარგად ვიცი, თუ რას აკეთებდა კომპანია "ფრონტერა" წლების განმავლობაში საქართველოში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად პრინციპული და რა ღირებულებების მქონე არიან ისინი. თვითონ სააკაშვილს რაც შეეხება, ვიცეპრემიერად კი არა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ნებისმიერ პოსტზე სააკაშვილის გამწესება იქნება საქართველოსა და უკრაინელი ხალხის შეურაცხყოფა “, - განაცხადა კახა თბილისის მერმა.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის მთავრობამ სააკაშვილის კანდიდატურა პარლამენტიდან გაიწვია. თუმცა უკრაინის პარლამენტში მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სააკაშვილის დანიშვნის საკითხი საკანონმდებლო ორგანოში არ დარეგისტრირებულა, შესაბამისად, მისი გაწვევა ვერ მოხდებოდა.