ქეთი ვასაძე:  როცა ერთად ვებრძვით კორონავირუსის პანდემიას და  ჩვენი მთავარი საზრუნავი ადამიანებია, ერთ-ერთი მედიასაშუალება ჩვენს მიერ ორგანიზებული დახმარების დისკრედიტაციით არის დაკავებული

ქეთი ვასაძე: როცა ერთად ვებრძვით კორონავირუსის პანდემიას და  ჩვენი მთავარი საზრუნავი ადამიანებია, ერთ-ერთი მედიასაშუალება ჩვენს მიერ ორგანიზებული დახმარების დისკრედიტაციით არის დაკავებული

ოზურგეთის საკრებულოს წევრი, ქეთი ვასაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასაშუალება " დეზინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, საკრებულო ადგილობრივი მაჟორიტარის მხარდაჭერით, უკვე 300-მდე ოჯახს დაეხმარა და აქციები გრძელდება.

"ძვირფასო ოზურგეთელებო, მაშინაც კი, როცა ყველანი ერთად ვებრძვით კორონავირუსის პანდემიას და მისგან გამოწვეულ შედეგებს და ჩვენი მთავარი საზრუნავი ის ადამიანები და ოჯახებია, ვისაც დახმარება სჭირდება – სამწუხაროდ, ჩვენს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი მედიასაშუალება "გურიის მოამბე", ჩვენს მიერ ორგანიზებული დახმარების დისკრედიტაციით, დეზინფორმაციით და "ფეიკ ნიუსის" გავრცელებით არის დაკავებული.

ჩვენ რეგულარულად ვაქვეყნებთ ინფორმაციას, თუ რას ვაკეთებთ ამ რთულ პერიოდში სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად, ვინ უერთდება ჩვენს აქციას და ვინ ეწევა ქველმოქმედებას. სოციალურ სამსახურებთან, მოქალაქეებთან და სოფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეძებთ შეჭირვებულ ოჯახებს, მობილიზებას ვუკეთებთ საკვებ და პირველადი მოხმარების პროდუქტებს და მიგვაქვს თითოეულ ოჯახში, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ერთ-ერთი ასეთი აქციის შესახებ ჩვენს მიერ სრული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც გვეწერა, რომ საქართველოში თურქეთის საელჩომ ოზურგეთისთვის გამოყო დახმარება (იხ. სქრინშოთები), "გურიის მოამბემ" დაიცადა რამდენიმე დღე და გამოაქვეყნა მორიგი ფეიკნიუსი, თითქოს თვითონ გაარკვია, რომ ეს პროდუქცია საელჩოს გამოგზავნილია და ცინიკურ კონტექსტში მოგვიხსენიებს. როგორც ჩანს "გურიის მოამბის" პოლიტანგაჟირებულ ჟურნალისტს და მის კორონაციონალ თანამოაზრეებს გულზე არ ეხატებათ რასაც ვაკეთებთ. მათი სტატია არის პოლიტიკური მოროდიორობის მაგალითი.

საზოგადოების და ჩვენი მაჟორიტარის მხარდაჭერით, უკვე 300-მდე ოჯახის დახმარება შევძელით. ჩვენს გვერდზე თავად შეგიძლიათ ნახოთ, რომ სრული ინფორმაცია ყველა სოციალური აქტივობის, სპონსორების და მხარდამჭერების შესახებ მაშინვე ქვეყნდება. განვაგრძობთ სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების დახმარებას! მორიგი აქცია ამ კვირაში გვექნება.

მადლობას ვუხდით ვინც უკვე შემოგვიერთდა სოციალური პრობლემების მქონე ოჯახების დასახმარებლად: კომპანია „შილდა", ფონდი „ქართული გალობა", ოზურგეთის მაჟორიტარის არჩილ თალაკვაძის ბიურო, თურქეთის საელჩო,"- წერს ქეთი ვასაძე.