ჩვენ თანდათან უნდა ვისწავლოთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად ცხოვრება, ისე რომ მისგან მივიღოთ მინიმალური ზიანი. ამიტომ ეს შემსუბუქებები უნდა იყოს ეტაპობრივი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ამირან გამყრელიძემ, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის ვადებზე განმარტება გააკეთა. „6 ეტაპია საქართველოს მთავრობის მიერ გაწერილი. ერთ-ერთ ეტაპზე აუცილებლად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. ეს ახალი ველოსიპედი არ არის.ასე აკეთებს ყველა ის ქვეყანა, ვინც გადავიდა შემსუბუქებით ღონისძიებებზე. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მოხდება ადრეულ ეტაპზე. მანამდე ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა სოციალური დისტანციის დაცვა, რადგან ამაზე მძლავრი იარაღი კორონავირუსთან ბრძოლოსთვის არ არსებობს.
საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში - 4833 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 571 ადამიანი რჩება.
საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.