ალექსანდრე გოგინავა: „პლაქვენილს“ გვერდითი მოვლენები აქვს, მაგრამ არა ისე ხშირად, როგორც ამბობენ

ალექსანდრე გოგინავა: „პლაქვენილს“ გვერდითი მოვლენები აქვს, მაგრამ არა ისე ხშირად, როგორც ამბობენ

„პლაქვენილს“ გვერდითი მოვლენები აქვს, მაგრამ არა ისე ხშირად, როგორც ამას ამბობენ. სანამ უკეთესი პრეპარატი არ გამოჩნდება, ამ ეტაპზე უნდა მივყვეთ იმ პროტოკოლს, რომელიც გვაქვს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„„პლაქვენილი“ არ გახლავთ ერთმნიშვნელოვნად ანტივირუსული საშუალება, რომელიც კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება, უბრალოდ პლაქვენილმა თავის დროზე სხვა პრეპარატებთან შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენა, რის გამოც ის აღიარებული იქნა ევროპის ქვეყნებში და ის გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება სამკურნალოდ სხვადასხვა ინსტიტუციების პროტოკოლსა და გაიდლაინში. წამყვანი ევროპული ქვეყნები თუ აშშ-ი მას წარმატებით იყენებს. ახლა გამოჩნდა ახალი კვლევები, სადაც „პლაქვენილის“ გვერდით ეფექტებზე და მის ეფექტობაზეა საუბარი. ჩვენ, ჩვენს პაციენტებთან, ვისთანაც ეს წამალი გამოვიყენეთ, (აღემატება 50-60 პაციენტს), არც ერთ გვერდითი ეფექტი არ განვითარებულა“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.