შალვა რამიშვილს ავარია მოუწყვეს?!

შალვა რამიშვილს ავარია მოუწყვეს?!

საქართველოში ბოლო დროს უცნაური ამბები ხდება. და შესაძლოა, სწორედ ამ უცნაურ ამბებს უკავშირდებოდეს ის ავტოავარია, რომელშიც ჟურნალისტი შალვა რამიშვილი მოყვა. საბედნიეროდ, არც ის და არც მასთან ერთად მყოფი ჟურნალისტები არ დაშავებულან. სამაგიეროდ, საზოგადოებაში ამ ფაქტმა ძალიან დიდი ეჭვები გააჩინა.

ამ ავტოავარიამდე ცოტა ხნით ადრე გაირკვა, რომ შალვა რამიშვილი ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობაზე დათანხმდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ისევ გადაიღებს "დარდუბალას" ახალ სერიებს.

ამ ინფორმაციას დიდი დარდუბალა მოჰყვა ხელისუფლებაში. ნაციონალები აღშფოთდნენ, შეშფოთდნენ და მსგავსი რამეები დაემართათ. არადა, როცა ედუარდ შევარდნაძე იყო პრეზიდენტი, "დარდუბალაზე" ახლანდელი ნაციონალები, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ეცემოდნენ. როცა იგივე პროექტი "202"-ზე გამოჩნდა, ნერვები მოეშალათ. აქ შალვა რამიშვილს ისინი უკვე მწარედ ჰყავდა გაკრიტიკებული.

ახლაც ხვდებიან, რა იქნება "დარდუბალაში" და ძალიან ნერვიულობენ. მოგეხსენებათ, რომ ნაციონალები მარტო ნერვიულობით არ კმაყოფილდებიან და სათანადო ზომებსაც მიმართავენ ხოლმე.

ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. როგორც კი გაირკვა "დარდუბალას" ამბავი, ხელისუფლებამ ხელები დაიკაპიწა და სხვადასხვა პირებზე ზეწოლის განხორციელება დაიწყო.

მათი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი სცენარისტი ზვიად ბლიაძე, იგივე ზვიო აღმოჩნდა. გავრცელდა ცნობა, რომ ხელისუფლება ზვიოზე ზეწოლას ახორციელებდა. რამდენიმე დღის წინ კი "დარდუბალას" სცენარისტმა პროექტი დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაცია თავად შალვა რამიშვილმა გაავრცელა, რომელიც წინა კვირაში ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.

ზვიად ბლიაძე იძულებული გახდა, პროექტი დაეტოვებინა. ამის მიუხედავად, "დარდუბალა" მაინც დაიდგმება, - განაცხადა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ რამიშვილმა.

მისი თქმით, მან და ივანიშვილმა შეხვედრაზე პროექტის ფინანსურ მხარეზე ისაუბრეს.

რაც შეეხება ზვიად ბლიაძეს, მან აღიარა, რომ პროექტი ხელისუფლების ზეწოლის გამო დატოვა.

- ჩემი ოჯახის წევრებზე, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობენ, ზეწოლა ხორციელდება და მათგან მოითხოვენ, ბლიაძეს "დარდუბალას" კეთებაზე უარი ათქმევინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სამსახურის დატოვებით ემუქრებიან.

კონკრეტული პირების დასახელება არ მინდა. პირადად მეც მითხრეს, რომ ჩემი ოჯახის წევრები უსამსახუროდ დარჩებოდნენ და მათი რჩენა მე მომიწევდა. როცა ადრე "დარდუბალას" ვაკეთებდი, ჩემი და-ძმა იმავე ადგილას მუშაობდნენ, თუმცა, მათზე მუქარა არასდროს ყოფილა. არ მეგონა, თუ ეს სერიალი ამხელა საფრთხე იყო, ამას ვერც წარმოვიდგენდი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ბლიაძემ.

ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებით, ახალი "დარდუბალა" თვე-ნახევარში, სავარაუდოდ, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გავა.

შალვა რამიშვილის განმარტებით, სერიალის მთავარი გმირები მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი იქნებიან.

ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მსგავსად, "დარდუბალას" ამბავმა გული გოგა ხაჩიძესაც აუფრთხიალა. გარემოს დაცვის მინისტრი "დარდუბალადან" ხეირის პოვნას აპირებას.

ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შალვა რამიშვილი "დარდუბალას" ახალ პროექტში ძველ "საუნდტრეკს" გამოიყენებს, რომლის ავტორიც გარემოს დაცვის ამჟამინდელი მინისტრი გოგა ხაჩიძეა (მუსიკოსი, ჯგუფის "სახე" ყოფილი წევრი), ეს უკანასკნელი ჰონორარს მოითხოვს. ამის შესახებ ხაჩიძე, "ფეისბუქით" გავრცელებულ განცხადებაში წერს:

- რაც შეეხება ძველი "დარდუბალას" ძველ მუსიკას, რომელიც ჩემი გაკეთებულია... თუ იმ მუსიკას ახალ "დარდუბალაში" გამოიყენებენ, რაღა თქმა უნდა, მოვითხოვ ჰონორარს (ამის კანონიერი უფლება მაქვს. საქ. კონსტ. მუხლი 81(2) ამ შემთხვევაში ვეცდები, ავიღო რაც შეიძლება მეტი თანხა და სრულად გადავუნაწილო იმ ბავშვთა სახლებსა და მოხუცთა თავშესაფრებს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი დღემდე არ დახმარებია (მერე რომ არ ითქვას: მაგათ აქამდეც ვეხმარებოდითო). ვფიქრობ, სამართლიანია. ფაქტია, რომ მუსიკა მე გავაკეთე და ისიც ფაქტია, რომ ახალი "დარდუბალას" შემკვეთი "უფულობას არ უჩივის", ხოლო თუ ვინმე შეეცდება იმის დამტკიცებას, რომ ეს "რაღაცნაირად" ასე არაა, მაშინ დარჩეს ძველი მუსიკა ახალ "დარდუბალას" უსინდისობის ჰიმნად, ან თუნდაც "ფეშქაშად". შეიძლება მარტივადაც მოგვარდეს ყველაფერი, დევიზით: "ვის რაში სჭირდება შენი გაკეთებული მუსიკა, ახალს გავაკეთებთ!"

ტექსტი ხომ მაინც გამოსაცვლელია, თუნდაც იმიტომ, რომ ახლა არც "11 თვის დაგვიანებული პენსია" არსებობს და არც "ქრთამია მთავრობის ყოველდღიური ცხოვრების წესი" (ციტატები ძველი ვერსიის ტექსტიდან), ამ შემთხვევაში, მე არაფერ შუაში ვიქნები და უბრალოდ, რჩევას დავტოვებ: "დარდუბალას" ქუდის ახალ მუსიკას თუ გააკეთებთ, რეპი აირჩიეთ, უფრო საოჯახო პროექტი გამოვა..., - ნათქვამია ხაჩიძის განცხადებაში.

ხაჩიძის განცხადებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით, "ფეისბუქის" მეშვეობით კომენტარი პროექტის ხელმძღვანელმა შალვა რამიშვილმაც გააკეთა. მისი განცხადებიდან ირკვევა, რომ მულტ-სერიალმა არა მხოლოდ "საუნდტრეკი", შესაძლოა სახელიც დაკარგოს.

- ძალიან მაგარი რაღაცები ხდება. "დარდუბალას" კეთება 2001 წელს დავიწყე ერთი ფირმის ეგიდით. ამ ფირმას ერქვა "ვაშა". 30-პროცენტიანი წილი ამ ფირმაში მე მეკუთვნის, 70 პროცენტის მფლობელი ჩემი ბავშვის ნათლიაა. პარლამენტის წევრი იყო უმრავლესობიდან. ახლა ბიზნესშია. გუშინ მოვიდა და მეუბნება: "დარდუბალაზე" საავტორო უფლებები ხომ ჩემი ფირმისააო?! ბიძინას ვუთხარი, რომ მივყიდი ამ უფლებებსო და თუ არ გამოვა ეგ გარიგება, სასამართლოში გიჩივლებო. არადა, 2005-შიც აკეთებდნენ "დარდუბალას" 202-ში და იმ დროს არ ჰქონია არანაირი პრეტენზიები ამ კაცს. აქეთ კიდევ ჩემი ყოფილი ქვისლი გოგა ხაჩიძე მიგზავნის მესიჯებს: თუ ჩემს მუსიკას გამოიყენებთ, გიჩივლებთ საავტორო უფლებების დარღვევისათვისო. მოკლედ, დიდი რია-რიაა ამ მულტ-პროექტთან დაკავშირებით, - წერს "ფეისბუქზე" რამიშვილი.

სააგენტო "მედიანიუსის" ინფორმაციით, რამიშვილმა, შესაძლოა, მულტ-სერიალს ახალი სახელი შეურჩიოს და პროექტის დასათაურებასთან დაკავშირებით, კონკურსი "ფეისბუქით" ჩაატაროს.

ხაჩიძე წილს ვეღარ მიიღებს. ისე კი, კარგი იქნებოდა, მინისტრს ცოტა გარემოს დაცვისთვისაც მიეხედა. მართალია, პენსია აღარ გვიანდება, მაგრამ ხალხი გაცილებით მძიმე დღეში ცხოვრობს. გარეული ცხოველები მოსახლეობას უკვე სახლებშიც უვარდებიან.

საქართველოში კუთხე არ დარჩა, რომელიც მგლებმა არ დააწიოკეს. მოსახლეობა ამაოდ ითხოვს შველას. გარემოს დაცვის მინისტრი, იმის მაგივრად, თოფი აიღოს ხელში და მტაცებლებს დაერიოს, მფრინავ თეფშზე უკრავს და "ფეისბუქზე" პოსტავს. სხვათა შორის, არც ის იქნება გასაკვირი ან მან, ან ნუგზარ წიკლაურმა დაგვიმტკიცონ, რომ მგლები სოფლებს კი არ შემოესივნენ, არამედ გატარებული რეფორმების ნახვა სურდათ. შეიძლება, ახალი გზები აინტერესებდათ, რომლითაც ასე ამაყობს ხელისუფლება. რაკი გზა ვახსენეთ, ბარემ მივამატებთ, რომ ამ გზების დიდი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის ფულებით გაკეთდა. ამით რა გამოდის, ივანიშვილი თუ პუტინის კაცია, პუტინურ გზებზე დავდივართ?!

ახლა, რაც შეეხება სკანდალურ რამიშვილს, ის ავტოავარიაში 26 ოქტომბერს მოყვა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, შალვა რამიშვილი, რომელიც გადაცემის "აკრედიტაციის გარეშე" გადასაღებად ახმეტაში მიდიოდა, ავარიაში მოყვა. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე ავტომანქანამ, რომლითაც "მაესტროს" ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ, ვეღარ დაამუხრუჭა და დაიმტვრა. მანქანაში მყოფთაგან არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, მანქანის მუხრუჭი მწყობრიდან მოულოდნელად გამოვიდა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ, შალვა რამიშვილი ახმეტაში მაინც ჩავიდა, სადაც სიუჟეტი გადაიღო პოლიტიკური ნიშნით ზაქარია ქინქლაძისა და მისი ოჯახის წევრების დევნის ფაქტზე.

ზაქარია ქინქლაძემ, რომელიც "რესპუბლიკური პარტიის" წევრია, ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი განცხადება 24 ოქტომბერს გაავრცელა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, იმავე საღამოს მას სახლში იმ ფართის მეპატრონის შვილი ესტუმრა, სადაც ქინქლაძეების ოჯახს საკანცელარიო მაღაზია ჰქონდათ განთავსებული.

- ფართის მეპატრონის შვილი გია ქისიშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. ფართი იჯარით მაქვს აღებული, ნოტარულად დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლამდე. მიუხედავად ამისა, 24 ოქტომბერს, საღამოს, გია ქისიშვილი ჩემთან სახლში მოვიდა და მაღაზიის დაცლა მომთხოვა. ვატყობდი, რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ვუთხარი, შენს მდგომარეობაში შევდივარ და რადგან მაგათ უნდათ, რომ მე შემოსავლის გარეშე დამტოვონ და ამით შემაშინონ, მაღაზიას დავკეტავ, ალბათ, ამით დაკმაყოფილდებიან-მეთქი. მეორე დღეს, დილით, ქისიშვილი მაღაზიასთან დამხვდა და მითხრა, ფართი სასწრაფოდ დამეცალა. მაღაზიის დაცლაზე დავთანხმდი, რადგან ამას სხვა რაღაცებიც დაერთო. ჩემი შვილი ლევან ქინქლაძე, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრში მუშაობდა და 24 ოქტომბრიდან შვებულებაში იმყოფებოდა, 25-ში დილით სამსახურში დაიბარეს, 15 წუთში ერთხელ ურეკავდნენ. საკოორდინაციო ცენტრის უფროსის ლევან ახალაურის მოადგილემ თეონა ქალდანმა მას სამსახურიდან წასვლაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა. მიზეზი, რის გამოც განცხადება უნდა დაეწერა, არ უთხრეს. ჩემი მეუღლე ახმეტის მეორე საჯარო სკოლაში მუშაობს, მაგრამ დღეს სამსახურში აღარ წავიდა, ავად გახდა. იცის, რომ გაათავისუფლებენ, - განუცხადა ზაქარია ქინქლაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

ზაქარია ქინქლაძე არ გამორიცხავს, რომ მასსა და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა სხვა ფორმითაც გაგრძელდეს.

ვერაფერს იტყვი, ქვეყანაში საინტერესო ამბები ხდება. ხელისუფლება აშკარად შეშფოთებულია. თუმცა, თავისას მაინც არ იშლიან.