პირველადი ტესტირებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექვს პაციენტს კორონავირუსი აღარ აღენიშნება

პირველადი ტესტირებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექვს პაციენტს კორონავირუსი აღარ აღენიშნება

ექვს პაციენტს მეორადი ტესტირება დღეს ჩავუტარეთ. პირველადმა შემოწმებამ გვიჩვენა, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ. თუ მეორე ტესტირების პასუხიც იქნება იგივე, მათ ხვალ სახლებში გავუშვებთ, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დღეისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშა 64 პაციენტია, აქედან 47 შემთხვევაში გვაქვს დადასტურებული კოვიდინფექცია. გუშინ დაგვემატა 7 ინფიცირებული პაციენტი. ორი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაეწერა“, - აღნიშნა საავადმყოფოს დირექტორმა.

საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში - 4833 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 571 ადამიანი რჩება.

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.