შეზღუდვების შემსუბუქება მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მყოფ მუნიციპალიტეტებს არ ეხება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
„ქვეყანაში მოქმედი რეჟიმის შემსუბუქება შეზღუდვების არ გავრცელდება იმ მუნიციპალიტეტებსა და იმ ადმინისტრაციულ ერთეულებზე, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმია დაწესებული. გარდა ამისა, მოქმედებს ყველა სხვა შეზღუდვა და მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც გულისხმობს გადაადგილების აკრძალვას საღამოს 21:00 საათიდან დილის 6:00 საათამდე“,- განაცხადა ჩიქოვანმა.
რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან და რას გულისხმობს 2 დღით დაშვებული საგამონაკლისო წესი, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.
საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.