პოლიცია თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რაიონულ ცენტრში, თეთრიწყაროში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები. პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.