დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ თეთრიწყაროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, აქ კორონავირუსის დაახლოებით 20 შემთხვევაა გამოვლენილი და დიდი ნაწილი მედპერსონალია.
პაატა იმნაძეს იმედი აქვს, სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, თეთრიწყაროშიც ინფექციას დროულად შეაკავებენ.
„თეთრიწყაროში გუშინ მთელი დღე იმუშავა ჩვენმა ჯგუფმა, გუშინდელი მუშაობის შედეგია ის, რომ გამოვლინდა იქ ინფიცირებულები. სამწუხაროდ, ჩვენი კოლეგები არიან ძალიან ბევრი. დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევაა თეთრიწყაროში. დღესაც მუშაობს იქ ჩვენი ჯგუფი, მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ და იმედია, რომ ისევ როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში მოხერხდა, ასევე მოხდება დროული შეკავება თეთრიწყაროშიც“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 485 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.