ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას უკრაინის მინისტრთა კაბინეტში თავად უკრაინული კანონმდებლობა კრძალავს. ამას ადგილობრივი მედია წერს „უკრაინის მინსტრთა კაბინეტის შესახებ" კანონზე დაყრდნობით.
უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელის" ცნობით, ხსენებული კანონის მე-7 თავის მიხედვით, უკრაინის მთავრობის წევრი ვერ გახდება ადამიანი, რომელიც გასამართლებულია, მაგრამ სრულად არ აქვს მოხდილი სასამართლოს მიერ დაკისრებული სასჯელი, ან ეს საჯელი ოფიციალურად გაუქმებული არ არის.
ამასთან, უკრაინას რატიფიცირებული აქვს სისხლის სამართლის საქმეეებზე სასამართლო გადაწყვეტილებების საერთაშორისო აღიარების შესახებ ევროპული კონვენცია და შეთანხმება საქართველოსთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებში იურიდიული დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ უკრაინის სახელმწიფო აღიარებს და სცნობს სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს.
შესაბამისად, სააკაშვილი უკრაინული კანონმდებლობითაც ითვლება პირად, რომელსაც სასამართლომ დააკისრა სასჯელი, თუმცა ეს სასჯელი არც მოხდილია და არც გაუქმებული.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე მიიჩვევს, რომ უკრაინაში სააკაშვილის მაღალ თანამდებობას დანიშვნის შესაძლებლობას ქართული მხარის მხრიდან ადეკვატური რეაქცია მოჰყვა, რადგან უკრანა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა.
„საქართველოს მხრიდან (აჟიოტაჟის ატეხვა) ალბათ იმიტომ იყო საჭირო, რომ სწორედ ეს დაწერილიყო უკრაინელების მხრიდან. ზოგადად, არც მთავრობის და არც პარლამენტის წევრად სისხლის სამართლის კოდექსით ნასამართლევი კაცი არ უნდა ირჩეოდეს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ გიგი უგულავას ამბავი, როდესაც ის კენჭს იყრიდა.
„ამით ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა არ მოხდება, მაგრამ ურთიერთობა აუცილებლად გაცივდება. ჩვენ ქვეყანაში მსჯავრდებულ და ძებნილს ვიცე-პრემიერად რომ ირჩევენ, თანაც მეგობარ ქვეყანაში, ეს არ ჯდება არანაირ ურთიერთობის ფორმატში," - აღნიშნა არველაძემ „რეზონანსთან".
ცნობისათვის, სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა მთავრობაში რეფორმირების მინისტრის მოადგილის თანამდებობაა. მან აღნიშნა, რომ იგი განიხილავდა ამ წინადადებას „დიდი პასუხისმგებლობით" და განაცხადა, რომ აპირებს პარლამენტს წარუდგინოს „გადაუდებელი ცვლილებების პროგრამა".
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ზელენსკი მართლაც შეხვდა სააკაშვილს. არაერთი უკრაინული მედია იტყობინება, რომ შეხვედრაზე სახელმწიფოს მეთაურმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოს ყოფილ ლიდერს „აქვს პოტენციალი, მხარი დაუჭიროს უკრაინის მინისტრთა კაბინეტს" და მოიწვია იგი, რომ გაეზიარებინა თავისი „ხედვა და საუკეთესო პრაქტიკა მთავრობასა და პარლამენტს".
პარასკევს, რადას რიგგარეშე სხდომამდე, საპრეზიდენტო ფრაქციის „სლუგა ნაროდას" („ხალხის მსახური") წევრები შეხვდნენ სააკაშვილს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი კანდიდატურა რადაში სავარაუდოდ 30 აპრილს განიხილავენ და კენჭს უყრიან.