კორონავირუსით გამოწვეული შოკის ფონზე დიდი დარტყმის ქვეშაა სოფლის მეურნეობა. საფრთხე იმდენად მასშტაბურია, რომ ამას აღარც მთავრობაში მალავენ.
უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის სექტორი სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომლებიც შიდა მოთხოვნას, მათ შორის, ტურიზმის სექტორის მოთხოვნას აკმაყოფილებდა. ამ საფრთხეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც ადასტურებს.
„ჩვენი სოფლის მეურნეობის ადგილობრივი ფერმერობის მოთხოვნის სტრუქტურა სრულად იყო დამოკიდებული ტურიზმზე, არა მხოლოდ ჩვენი შინამეურნეობის მოთხოვნაზე, არამედ რომელსაც აგენერირებდა ტურიზმი და რომელიც დღეს არ არის“, - განაცხადა ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის შემდეგ გახარიამ.
მისი განმარტებით, შიდა მოთხოვნილების ექსპორტით ჩანაცვლება მოკლე პერიოდში უკიდურესად რთული იქნება. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავალებული აქვს, ფერმერების დახმარების სპეციალური ღონისძიებების ნუსხა უახლოეს მომავალში წარუდგინოს მთავრობას.
„ჩვენი შემდგომი ყურადღების და დახმარების ობიექტი იქნება, რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობა და ფერმერობა. პირველი, როგორც მინიმუმ, ფასების რადიკალური ვარდნა იქნება მათ წარმოებულ პროდუქციაზე და საერთოდ გასაღებაც პრობლემა იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.
საშიშროება მართლაც სერიოზულია. შესაბამისად, მთავრობა სტიმულირების პროგრამებზე მუშაობს. პანდემიით შექმნილ ვითარებაში სურსათის წარმოებისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხარდასაჭერად, ევროკავშირმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (ფაო) საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს.
ფინანსური მხარდაჭერა ვრცელდება როგორც ბოსტნეულის, მარცვლეულის, კარტოფილის, ხორცისა და რძის პროდუქტების სექტორებში, ასევე თაფლისა და ღვინის წარმოების მიმართულებით. გრანტები საშუალებას აძლევს ფერმერებს, მწარმოებლებს და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ისეთი კაპიტალური ინვესტიციები განახორციელონ, როგორებიცაა ტრაქტორის ან სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა და სათბურის მოწყობა. დამტკიცებული ინვესტიციების მოცულობა მთლიანობაში 5 მილიონ ლარს აღემატება.
„დღეს მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმ რთული ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, რაც კოვიდ-19-ის გავრცელებამ გამოიწვია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემები არ შეექმნას. სამინისტრომ, საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭრით, საჭირო ცვლილებები შეიტანა პროგრამაში, რათ დავხმარებოდით ფერმერებს ისეთი პროექტების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვას და პირველადი წარმოების ზრდას“, - განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
გარდა ამისა, ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი ვითარებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღონ.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას. აღნიშნული ცვლილებით ფერმერები შეძლებენ სესხი გადაიხადონ იმ მომენტისთვის, როცა მიიღებენ მოსავალს.
გარდა ამისა, ძირითად საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი, არსებული წლიური 8%-ს ნაცვლად, იქნება 11%. სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს სესხს წლიური 11%-ის ოდენობით. ასევე, იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტი, ნაცვლად არსებული 9%-სა იქნება 12%.