უკრაინის ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა თბილისში, დიდი ალბათობით, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გადადგმულ არამეგობრულ და მიუღებელ ნაბიჯად იქნება აღქმული, - ამის შესახებ გამოცემა Интерфакс-Украина-ს საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ განუცხადა.
„თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოში სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი და მასზე ძებნაა გამოცხადებული. რამდენიმე წლის წინ საქართველომ უკრაინას სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადირების თხოვნით მიმართა და სისხლის სამართლის საქმეების დოკუმენტაცია გადაუგზავნა. გარდა ამისა, ამ ადამიანმა არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას კანონიერად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ. ამის ფონზე ვიცე-პრემიერად სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა თბილისში, დიდი ალბათობით, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გადადგმულ არამეგობრულ და მიუღებელ ნაბიჯად იქნება აღქმული“, - განაცხადა შარაშენიძემ.
მისივე თქმით, უკრაინული მხარისთვის საქართველოს პოზიციის შესახებ უკვე ცნობილია.
„ჩვენ ვაფასებთ უკრაინასთან მეგობრობას და იმედს გამოვთქვამ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სტრატეგიული პარტნიორი გაითვალისწინებს სააკაშვილისადმი და მისი დანაშაულებისადმი ქართული მხარის დამოკიდებულებას, რასაც სასამართლოს განაჩენებიც ადასტურებს“, - აღნიშნა დიპლომატმა.
თეიმურაზ შარაშენიძემ ასევე გაიხსენა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ვიზიტები უკრაინაში, რომელთა ფარგლებშიც საქართველო-უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო შეიქმნა. თუმცა, ელჩის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობა „ბევრს არ მოსწონს“.
„რამდენჯერმე დაფიქსირდა ჩვენს ურთიერთობებში განხეთქილების შეტანის მცდელობები, თუმცა, საბედნიეროდ, ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა.
ამ რეალობიდან, სად და რაზე დანიშნავენ, ეგეც თავიანთი გადასაწყვეტია.
ისე, სააკაშვილის ყოფნა ამ თანამდებობაზე, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება უკრაინისთვის... პირველ ეტაპზე მაინც! აი, მერე, მაგისი ბუნებიდან გამომდინარე, როგორ დამთავრდება უკრაინის მთავრობასთან მისი მეორე ქორწინება და მოუწევს თუ არა ისევ სახურავებზე სირბილი, ამისი რა მოგახსენოთ! :))