ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დღეს თუ გარკვეულ შეზღუდვებს ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ და ზეგ ამ შეზღუდვებს არ დავუბრუნდებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების მოხსნის ეტაპებს შორის იქნება ორკვირიანი ინტერვალი, რომელიც ვითარების შეფასების შესაძლებლობას იძლევა და რომელიც აჩვენებს, იყო თუ არა შეზღუდვების მოხსნა ეფექტური.
„შეზღუდვების მოხსნა პირდაპირ კავშირშია, თუ როგორ კეთილსინდისიერად შევასრულებთ იმ წესებსა და პირობებს, რომლებსაც ექიმები გვიწესებენ; შევძლებთ თუ არა ეკონომიკური აქტივობის გახსნისა და შეზღუდვების მოხსნის შემდგომ ეტაპზე გადასვლას. ეტაპებს შორის შუალედი იქნება ორი კვირა. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და ორი კვირა არის ის პერიოდი, რომელიც გვაჩვენებს, რა შედეგს მოგვიტანს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი - ეპიდემიოლოგიურად შევინარჩუნებთ დონეს, გაგვიუარესდება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თუ პირიქით. ამიტომ, ორი კვირა ქნება ის ინტერვალი, რომელიც ეტაპიდან ეტაპზე გადასვლის თვალსაზრისით გვექნება. ეტაპიდან ეტაპზე ყველა გადასვლა იქნება პროფესიონალებთან შეთანხმებით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სრული შეფასებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა კომპანიამ, რომ გარკვეული საქმინობებზე შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ საქმიანობები უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ეს ეპიდემიამდე ხდებოდა.
„ეს არის აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები, სხვა რეალობა და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების წინაშეა, რომ ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე, არამედ საერთოდ სოციუმის წინაშე პასუხისმგებლობაა, რამეთუ მოგეხსენებათ, რომ ეპიდემიის ერთ-ერთი გამომწვევი რისკი არის მისი მარტივი გადაცემა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.