წარსულისა და მომავლის პანდემიები:  ინტერვიუ ლეგენდარულ ვირუსოლოგთან, ნობელის პრემიის ლაურეატ დევიდ ბალტიმორთან

წარსულისა და მომავლის პანდემიები:  ინტერვიუ ლეგენდარულ ვირუსოლოგთან, ნობელის პრემიის ლაურეატ დევიდ ბალტიმორთან

არც ერთი პანდემია ერთმანეთს არ ჰგავს, მაგრამ თითოეული მათგანი ნამდვილად კარგი გაკვეთილია შემდეგისთვის. კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ყოფილი პრეზიდენტი, ბიოლოგიის პროფესორი დევიდ ბალტიმორი არის ვირუსოლოგი, რომელიც აივ ინფექციას სწავლობდა შიდსის პანდემიის ყველაზე მწვავე ეტაპზე, 1980-1990-იან წლებში.

1975 წელს ბალტიმორმა ნობელის პრემია მიიღო მედიცინის დარგში იმ ფერმენტის აღმოჩენისთვის, რომელსაც აივ-ისა და მისი მსგავსი ვირუსები იყენებენ თავიანთ რნმ-ისა და დნმ-ის კოპირებისთვის. ამ ე. წ. რეტროვირუსებს სამუდამოდ შეჰყავთ საკუთარი დნმ-ის ასლი მასპინძელი უჯრედის გენებში, რაც ინფექციისგან სრულად გათავისუფლებას შეუძლებელს ხდის. დაავადება COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი, მწვავე რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი 2, იგივე SARS-CoV-2 საბედნიეროდ რეტროვირუსი არ არის, მაგრამ მაინც გამოიწვია ყველაზე დესტრუქციული გლობალური პანდემია შიდსის პანდემიის პიკის შემდეგ.

ახალი კორონავირუსის პანდემიის პერსპექტივებისა და მომავლის სხვა შესაძლო პანდემიების შესახებ, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი სწორედ პროფესორ დევიდ ბალტიმორს ესაუბრა. ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.

პირველი რიგში, შეგიძლიათ გაგვაცნოთ შიდსის ეპიდემიის ქრონოლოგია?

შიდსის ეპიდემია ლოს-ანჯელესში დაიწყო რამდენიმე პაციენტზე დაკვირვებით, რომლებმაც ექიმს უცნაური სიმპტომებით მიმართეს; ყველა სიმპტომი იმუნური სისტემის კრახზე მიუთითებდა. ეს გახლდათ სინდრომი, რომელიც მანამდე არასოდეს გვქონდა ნანახი. კანის განსაკუთრებული დაავადებები, პირის ღრუს დაავადებები, კიდევ სხვა დაავადებები, ყველაფერი ერთად, არაფერს აზრი აღარ ჰქონდა.

ექიმებმა ამ შემთხვევების შესახებ ატლანტაში აცნობეს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს, რომელმაც ეს შემთხვევები უცნაურობას მიაწერა, მაგრამ სხვა ექიმები სხვადასხვა ადგილებში მიხვდნენ, რომ პაციენტებში ასეთ პრობლემებს ისინიც ხედავდნენ. ის უცნობი წარმომავლობის სინდრომი გახდა, დიდი ხანი დასჭირდა იმის დადგენას, რომ სინამდვილეში საქმე ვირუსთან გვქონდა, რომელსაც შემდეგ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ — HIV) ეწოდა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეს ვირუსი იყო, ცხადი გახდა, რომ ის ინფექციური დაავადების სახით გავრცელდებოდა ადმიანიდან ადამიანში. ეს კი წარმოუდგენლად დაგვეხმარა ამ პრობლემის მასშტაბის შეფასებაში, მაგრამ აშკარა იყო, რომ ეს აგენტი მანამდე არასოდეს გვქონდა ნანახი. აღმოჩნდა, რომ ის მიეკუთვნებოდა ვირუსების იმ კლასს, სახელად რეტროვირუსებს, რომლებთანაც მე 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება მქონდა. აღმოვაჩინე, რომ რეტროვირუსებს ჰქონდათ უნიკალური ფერმენტი, რომლითაც საკუთარ რნმ-ს დნმ-ის ასლად გადააქცევდნენ. ამისათვის, 1975 წელს მე ნობელის პრემია მომცეს. 1980-იანი წლების დასაწყისისთვის ვირუსების ეს კლასი უკვე კარგად იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ არავის არასოდეს ენახა, რომ ის ამ სახის დაავადებას იწვევდა.

თანდათანობით, აივ ვირუსის კვალმა მიგვიყვანა აფრიკის მაიმუნების ენდემურ ვირუსთან, რომელიც შიმპანზეებში გაჩნდა, შემდეგ ადამიანებში გადავიდა, თუმცა ადამიანებს შორის ცუდად, მაგრამ მაინც ეფექტიანად ვრცელდებოდა.ცუდად იმ გაგებით, რომ ის ძალიან ინფექციური ვირუსი არ არის. ეს ყველაფერი ნათელი გახდა 1980-90-იან წლებში.

ამასობაში, აივ ვირუსი, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში გავრცელდა. არის საკმაოდ ლეტალური, იწვევს დაავადების პანდემიას და სიკვდილს. საბედნიეროდ, ადამიანებმა ამ ვირუსის ინჰიბიტორები შევისწავლეთ და გამოჩნდა პრეპარატებიც, რომლებიც დაავადებას დაუყოვნებლივ აჩერებს. განსაკუთრებით ეფექტიანი აღმოჩნდა ერთ-ერთი მათგანი, სახელად AZT, მაგრამ ამ პრეპარატის არსებობა ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ვირუსმა მის წინააღმდეგ მუტაცია განიცადა. თუმცა, მან გადმოგვცა გასაღები, რომ ეს სწორედ ის მიმართულება იყო, რომლითაც პრეპარატების შექმნაზე უნდა გვემუშავა. სხვადასხვა ფარმაცევტულმა კომპანიამ დაამზადა ამ კლასის ბევრი პრეპარატი, საბოლოოდ კი მივიღეთ საკმაოდ კარგი ანტივირუსული საშუალებები.

ვირუსის ბუნების კვლევისას, სამეცნიერო საზოგადოებამ იპოვა მისი სუსტი წერტილები, რომლებიც მთავარი სამიზნე გახდა პრეპარატების შექმნისას. საბოლოოდ კი მივიღეთ ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატების ფართო სპექტრი. დღეისათვის, შიდსი კვლავ ინარჩუნებს ქრონიკული დაავადების სტატუსს, მაგრამ მისი ლეტალურობა დიდწილად კონტროლირებადია, სულ მცირე განვითარებულ მსოფლიოში, სადაც მისი პრეპარატები სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ახლა ჩვენ შიდსის ვირუსთან, აივ-თან ერთად ვცხოვრობთ, რომელიც ყველგან არის მსოფლიოში.

გამოდის, რომ შიდსის პანდემია საბოლოოდ პრეპარატებმა შეანელა და არა აივ-ის ვაქცინამ. რატომ არ გვაქვს ეს ვაქცინა დღემდე?

ეს ძალიან საინტერესო ამბავია, რადგან ვირუსების უმეტესობის პირველად გამოჩენისთანავე, ვიცით, რომ მის საწინააღმდეგო ვაქცინას შევქმნით. ისტორიულად, ვაქცინა შევქმენით ძალიან ფართო დიაპაზონის ვირუსების წინააღმდეგ — ყვავილი და პოლიო, წითელა, ყბაყურა, წითურა და ა. შ.  გამომდინარე აქედან, ვაქცინის შექმნას შიდსის წინააღმდეგაც ვვარაუდობდით.

1980-იან წლებში ამ ამბავში მეც ვიყავი ჩართული და ასე ვფიქრობდი; როდესაც ჩვენ ვირუსი შევისწავლეთ, ვნახეთ, რომ მას ჰქონდა მახასიათებელი, რომლებიც მიუთითებდა, რომ ვაქცინის შექმნა შესაძლოა, შეუძლებელი ყოფილიყო. ეს მახასიათებელი კი ის გახლავთ, რომ ვირუსს შეუძლია თავისუფლად მუტაცია და ასეც იქცევა, შესაბამისად, ის გამუდმებით წარმოდგენილია სხვადასხვა იმუნური პროფილით. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე მთელი მსოფლიოს ფარმაცევტულმა კომპანიებმა და უნივერსიტეტების მეცნიერებმა იმუშავეს, ვაქცინა მაინც არ გვაქვს. ნამდვილად არასოდეს გვქონია საქმე ასეთ დაუმორჩილებელ და ლეტალურ ვირუსთან. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ჩემი კოლეგა ვაქცინის შექმნაზე მაინც მუშაობს.

-სწორედ ასეთი წარსულის ფონზე გამოჩნდა COVID-19. რა განსხვავებებია ამ ორ პანდემიას შორის? მაგალითად, თქვენ ახსენეთ, რომ აივ ვირუსი სუსტად გადამდებია, COVID-19 კი ძალიან ძლიერ გადამდები ჩანს.

დიახ, ერთ-ერთი მთავარი განსხვავება მათ შორის ის არის, რომ COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი SARS-CoV-2 ძლიერ ინფექციურია, შიდსის გამომწვევი აივ ვირუსი კი სუსტად ინფექციური.

ამ ორ ვირუსს შორის არის სხვა მრავალი განსხვავებაც. პირველ რიგში, ისინი ვირუსთა ძალიან განსხვავებული ოჯახების წარმომადგენლები არიან. SARS-CoV-2 კორონავირუსია. აივ-ს კი ჩვენ რეტროვირუსს ან ლენტივირუსს ვუწოდებთ. მათ სრულიად განსხვავებული ევოლუციური ისტორია აქვთ და ძლიერ განსხვავებულია მათი მექანიზმებიც. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ვირუსია და იმდენად პატარა აგენტები არიან, რომ მხოლოდ უჯრედში შეღწევის შემდეგ იზრდებიან, ისინი ძალიან სხვადასხვანაირად იქცევიან.

თუმცა, ისინი ერთმანეთს ჰგვანან იმ თვალსაზრისით, რომ ორივე მათგანი ცხოველებიდან მოდიან. აივ-ის შემთხვევაში ეს მაიმუნები იყვნენ, SARS-CoV-2-ის შემთხვევაში კი ვფიქრობთ, რომ ღამურები. ორივე მათგანი ადამიანებისთვის ახალია. ამჟამად არ გაგვაჩნია კორონავირუსების საწინააღმდეგო არანაირი პრეპარატი, რადგან კორონავირუსები აქამდე დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა. ისინი პატარა კეროვანი პრობლემა იყვნენ იმ ვირუსების შემთხვევაში, რომლებმაც გამოიწვიეს დაავადება SARS-ი და MERS-ი; ორივე მათგანი კორონავირუსებია, მაგრამ მათი გავრცელების შეკავება შედარებით სწრაფად მოხერხდა.

როგორ ვმართავთ ამჟამინდელ პანდემიას? ფოკუსი პრეპარატების შექმნაზეა თუ ვაქცინის?

ამ მომენტისთვის, ვირუსის წინააღმდეგ ჩვენ უბრალოდ არაფერი გვაქვს. ვიმედოვნებთ მხოლოდ იმას, რომ სხვა მიზნებისთვის ჩვენ მიერ უკვე შექმნილი პრეპარატები შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს კორონავირუსების წინააღმდეგ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს ვაქცინა. ნულიდან ვიწყებთ. თუმცა, ამ მიმართულებით ჩატარებულია არაერთი სამუშაო. გვყავს კომპანიები, რომლებსაც დამზადებული აქვთ ვაქცინები მრავალი ვირუსის წინააღმდეგ, ასევე კომპანიები, რომლებმაც ასევე შექმნეს აივ-ის საწინააღმდეგო პრეპარატები.

სამეცნიერო საზოგადოება იმედოვნებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა შედარებით პირდაპირი იქნება. თუმცა, არ გვაქვს გამოცდილება. ჩვენ არასოდეს შეგვიქმნია სხვა რომელიმე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რადგან ამის საჭიროება არ ყოფილა. არც იმის გამოცდილება გვაქვს, რომ ვიცოდეთ, ამ კლასის ვირუსების იმუნოლოგიური მართვა ადვილი იქნება თუ ძნელი. იმედიანად ვარ განწყობილი, მაგრამ ვირუსი იმდენად წარმოუდგენლად ეფექტიანად ვრცელდება, რომ ბევრი დრო არ გვაქვს, თუ გავრცელებაზე გავლენის მოხდენა გვსურს.

შესაბამისად, ავირჩიეთ ის ერთადერთი გზა, რომელიც ვიცით, რომ ვირუსის გავრცელებას შეანელებს და ხალხს დაინფიცირებისგან დაიცავს. სხვა ვირუსთა მსგავსად, ეს ვირუსიც არსებობს მხოლოდ ადამიანიდან ადამიანზე გადადების გზით. ასეთი გავრცელება მოითხოვს ადამიანებს შორის ახლო კონტაქტს და სწორედ ამიტომ ვთხოვთ ხალხს ერთმანეთს არ მიუახლოვდნენ ორ მეტრზე ახლოს, ატარონ ნიღბები, დარჩნენ სახლში.

პრეპარატებისა და ვაქცინის არარსებობის პირობებში, გადადების შესაჩერებლად მსოფლიო იღებს იმ მასშტაბის ზომებს, როგორიც არასოდეს მიუღია. სხვა გზა არ გვაქვს, უნდა დავთანხმდეთ საზოგადოების რღვევას, ეკონომიკური თუ ინტელექტუალური საქმიანობის ნგრევას, ყველა ჩვეული ქცევის რღვევას.

ცნობილია, რომ ჩვეულებრივ გაციებასაც ხშირად ერთ-ერთი კორონავირუსი იწვევს; რატომ მას არ მივიჩნევთ პანდემიად?

ჩვეულებრივი გაციებაც პანდემიაა. თუმცა, ის სასიკვდილო არ არის. ჩვეულებრივ გაციებას ასობით სხვადასხვა სახის ვირუსი იწვევს, ზოგიერთი მათგანი კორონავირუსია, მაგრამ, როგორც წესი, მასზე სულ არ ვდარდობთ, რადგან მალე თავისით გადის. ისინი იწვევს მსუბუქ გაციებას, უფრო ხშირად კი ბავშვებში, შემდეგ კი თავისით მიდის.

ამ სახის კორონავირუსები სერიოზულ დაავადებას არ იწვევს და შესაბამისად, მათ შესახებ დიდად არც ვდარდობთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პანდემიას იწვევს, ანუ მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, რომელიც ცხვირში სრუტუნებს, მკურნალობას უბრალოდ ჩვენს იმუნურ სისტემას ვანდობთ.

სულაც არ არის კარგი, რომ ჩვენ ჩვეულებრივი გაციების ვირუსებს ვაიგნორებთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები ჩვეულებრივ გაციებას ხანდახან სწავლობენ, სულ მცირე, მისი ბუნებრივი წარმოშობის ისტორიას და მის გადანაწილებას, რამდენად ინფექციურია ის და ა. შ. თუმცა, მათ დიდ რესურსს არ ვუთმობთ, რადგან ის ჩვენი საზოგადოებისთვის რეალური გამოწვევა არ გახლავთ.

ჩვეულებრივი გაციების კორონავირუსებისგან განსხვავებით, რომელიც სასიკვდილო არასოდეს არის, COVID-19-ის კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1-5 პროცენტია. COVID-19-ის წინააღდეგ ჩვენ არ გვაქვს უკვე არსებული იმუნიტეტი, რადგან ადამიანებში ის აქამდე არასოდეს გამოჩენილა. ამჟამად ჩვენ მისი გავრცელების შეჩერებას ვცდილობთ, რადგან ის ხალხს კლავს და მისი გავლენა ჩვენს ყოველდღიურობაზე წარმოუდგენლად მძიმეა. 1918 წლის გრიპის ეპიდემიის შემდეგ, რომელიც დღეს ცოცხალმა ძალიან ცოტა ადამიანმა ნახა, პლანეტას მსგავსი არაფერი უნახავს.

არის თუ არა რაიმე, რაზეც ფიქრობთ, რომ ეპიდემიოლოგებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელებმა სხვანაირად გააკეთეს შიდსის პანდემიის აღმოსაფხვრელად და რაიმე, რაც სხვანაირად უნდა გავაკეთოთ ახლა, ამ პანდემიის დასამარცხებლად?

შიდსის პანდემია ძალიან სუსტად იმართებოდა. 1980-იანი წლების დასაწყისში, ის მიიჩნეოდა დაავადებად, რომელიც ძირითადად გეი მამაკაცებს აინფიცირებდა. მაშინ ჰომოსექსუალობა გადახრად მიიჩნეოდა. პრეზიდენტ რეიგანს ისიც კი არ სურდა, რომ გამოეყენებინა სიტყვა შიდსი, აივ-ი, გეი. შესაბამისად, ჩვენ ძალიან ნელა ვმოქმედებდით აივ-ის ეპიდემიის წინააღმდეგ, რადგან ამაში ხელს გვიშლიდა ჰომოფობია. თითქმის ორი ათწლეული დასჭირდა იმის აღიარებას, რომ ეს იყო ვირუსი, რომელიც მართალია ჰომოსექსუალ საზოგადოებაში უფრო ფართოდ იყო წარმოდგენილი, მაგრამ ხშირად გვხვდებოდა მის მიღმაც, განსაკუთრებით აფრიკაში.

უნდა გაგვეცნობიერებინა, რომ მისთვის უნდა გვემკურნალა როგორც საზოგადოების საფრთხისთვის და არა მხოლოდ ადამიანთა ერთი კლასის დაავადებისთვის. ამის შემდეგ ჩვენ გაცილებით ეფექტიანი გავხდით მის პრევენციაში, რადგან ვახდენდით კონტაქტის პრევენციას და პარალელურად შევქმენით პრეპარატებიც. თუმცა, ამ ყველაფერმა დიდი დრო წაიღო.

1986 წელს, მე გახლდით მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იმ კომიტეტის თანათავმჯდომარე, რომელმაც გამოსცა მოხსენება სახელწოდებით „შიდსის წინააღმდეგ“. ეს იყო აქტივობა, რომელიც ფედერალურ მთავრობას უნდა გაეტარებინა, თუმცა, მთავრობას მასთან შეხებისაც კი ეშინოდა. შესაბამისად, მისი შესრულება საკუთარ თავზე მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ აიღო და ქვეყნისთვის წარმოადგინა გეგმა ვირუსის შესასწავლად, საპასუხოდ და სამოქმედოდ. ფული კონგრესმა გამოყო და ჩვენც სერიოზული კვლევითი პროგრამა დავიწყეთ. თუმცა, ეს ყველაფერი ვირუსის ბუნების გარკვევიდან ხუთი წლის შემდეგ დაიწყო.

COVID-19-ის საწინააღმდეგო პასუხების დასაწყისი ძალიან ჰგავდა აივ-ის მიმართ ჩვენს პასუხს. ჩვენ მას რატომღაც მხოლოდ კონკრეტული ხალხის დაავადებად მივიჩნევდით, COVID-19-ს ჩინელი ხალხის და შიდსს – ჰომოსექსუალების. მსოფლიომ მისი დაიგნორება სცადა. სამეცნიერო საზოგადოებისგან ჩვენ ვიცოდით, რომ ვირუსი აინფიცირებდა არა მხოლოდ ხალხის ერთ რომელიმე ჯგუფს, არამედ ის ყველასთვის ვრცელდებოდა. როგორც კი შევიტყვეთ, რომ COVID-19 ინფექციური იყო, მაშინვე ვიცოდით, რომ ის მთელ მსოფლიოს მოედებოდა. ახლაღა გავიგეთ, რომ საშინელი ეპიდემია ნიუ იორკში სინამდვილეში თებერვალში დაიწყო, მაგრამ ყურადღება არავინ მიაქცია. თანაც, ის ევროპიდან მოვიდა და არა ჩინეთიდან.

სამეცნიერო საზოგადოება აცნობიერებს, რომ ახალი პანდემია პანდემიების ისტორიის ნაწილია და ის, რაც ერთხელ მოხდა, კვლავაც აუცილებლად მოხდება.

რა შეგვიძლია ჩვენ, როგორც საზოგადოებას გავაკეთოთ, რომ მზად ვიყოთ შემდეგი ვირუსული პანდემიისათვის?

რესურსები საკუთარი თავის დასაცავად უნდა მივმართოთ და შევქმნათ შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეპიდემიოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ვაქცინები, სწრაფი საპასუხო ზომები და ზოგადად, ვირუსის მეცნიერება.

ჩვენ უნდა გვყავდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კადრები, რომლებიც ამ პრობლემებს გამუდმებით შეისწავლიან, დააკვირდებიან ყველა სახის ვირუსს ბუნებრივ გარემოში და სათითაოდ იტყვიან, რა მოხდება, თუ რომელიმე კონკრეტული ვირუსი გავრცელდება, ამავე დროს, მოვამზადოთ საკუთარი თავები. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. სინამდვილეში, ეს არც ისე ძვირია, მაგრამ, პირველ რიგში ნიშნავს, რომ ამ მხრივ დამოკიდებული არ უნდა ვიყოთ ჩვენს ინდუსტრიებზე, რადგან ეს ეკონომიკურად არც ისე მიმზიდველია.

ეს ყველაფერი საზოგადოებამ უნდა გააკეთოს და ამისათვის ფული უნდა ჩაიდოს. მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, მუდმივად ვხედავ, რომ ეპიდემიის დროს ვამბობთ: „ახლა ჩვენ ის უნდა შევისწავლოთ და შემდეგისთვის მოვემზადოთ“. თუმცა, სულ რამდენიმე წელიწადში ეს შემართება ქრება, გამოყოფილი ფულის მიმართვა სხვა პრობლემებისკენ ხდება და ბუნებრივ გარემოზე ზედამხედველობასაც თავს ვანებებთ. ვეშვებით ვაქცინებსა და პრეპარატებზე მუშაობასაც; შედეგად, შემდეგი დაავადების გამოჩენისას ამ ყველაფერს თავიდან ვიწყებთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა ახლომხედველობა. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკის ყოველდღიური რეალობა გახლავთ.

ახლა, როდესაც მკვლევრები პრეპარატებსა და ვაქცინებზე მუშაობენ, დანარჩენი საზოგადოება კი ჩვენი საკუთარი გზებით ვცდილობთ მობილიზებას, ვრჩებით სახლში, ვიღებთ თავდაცვით ზომებს, არის თუ არა რაიმე ისეთი განსაკუთრებული, რის გაკეთებასაც გვირჩევდით?

გეტყვით, რომ ძალიან მოხიბლული ვარ იმით, რაც ახლა ხდება. ზოგმა კომპანიამ უბრალოდ თქვა, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად მთელი თავიანთი შესაძლებლობის მიმართვას იწყებენ ყოველგვარი ეკონომიკური მიზნების გარეშე. ვფიქრობ, ამ პრობლემას საკადრის პასუხს აუცილებლად გავცემთ, მაგრამ ეს პასუხი უკვე ძალიან გვიანია. ამ ეპიდემიამ დაგვანახა, რომ როდესაც ჯინი ბოთლიდან ამოვა, ის იმდენად ფართოდ და იმდენად სწრაფად ვრცელდება, რომ სანამ მთელ ჩვენს თავდაცვით საშუალებებს მწყობრში მოვიყვანთ, უკვე ძალიან გვიანია. ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ.

ეს კარგი გაკვეთილი უნდა იყოს. აშშ-ს უკვე უნდა ჰქონდეს ეროვნული პროგრამა, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც ასეთი რამ კვლავ მოხდება, დაუცველები არ ვიქნებით.

მომზადებულია caltech.edu-ს მიხედვით.