ჟურნალისტისა და უფლებადამცველის, კოტე ინაშვილის თქმით, ციხეებში აზარტული თამაშები განახლდა, რასაც პატიმრებს ციხის ადმინისტრაცია და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები აიძულებენ.
რას ნიშნავს ეს იძულება და რისთვისაა გამიზნული, ამას კოტე ინაშვილი "ალიასთან" აკონკრეტებს.
კოტე, როდის განახლდა ეს თამაშები და კონკრეტულად რომელი ციხეებიდან გაქვთ ინფორმაცია?
- მე ინფორმაციები მაქვს კონკრეტულ წყაროზე დაყრდნობით, თამაშის განახლება დაიწყო ახლახან გლდანის მერვე დაწესებულებაში. ქუთაისის ციხიდან დამიკავშირდა პატიმარი ვასაძე, რომელსაც გლდანის მე-8 ციხის დირექტორის მოადგილემ, ზურაბ მოდებაძემ კონკრეტულ პატიმარზე დავალება მისცა, რომ ფული მოეგო. ვასაძემ ფარულად გააფრთხილა მსხვერპლი პატიმარი, რომლისთვისაც ფული უნდა მოეგო და ამ დავალების შეუსრულებლობისთვის, ციხის ადმინისტრაციამ პატიმარი ვასაძე სასტიკად სცემა და გლდანის ციხიდან ქუთაისის ციხეზე გაამწესა. ის გლდანის ციხეში სცემა გიორგი ფიფიამ, რომელიც ადმინისტრაციაში მუშაობს. ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა გიორგი ინაური, უსაფრთხოების სამსახურის უფროსია გლდანში. ახალი ("ოცნების". - რედ.), უნიათო ხელისუფლება, სამოქალაქო ომის საფრთხეებს ქმნის. ყველა ხედავს, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაძარცული ქართველი ერი და მოპარული მილიარდები "ნაცკრიმინალების" ხელშია, რაც დამატებით საფრთხეებს ქმნის. ციხეებში პირადი ანგარიშსწორებებიც დაიწყო.
რას გულისხმობთ?
- "ზონდერი", ჯალათი და მსხვერპლი ერთად დადის ქუჩაში... ყველა "ზონდერი" დაწინაურებულია და არამარტო, შსს-ს მაღალ თანამდებობებზე არიან ისევ. სასჯელაღსრულების სისტემა ერთ-ერთი ბომბია, საიდანაც შესაძლოა, ეს არეულობა დაიწყოს... სასჯელაღსრულების დეპარტამენტში საკადრო პოლიტიკას აწარმოებს უშუალოდ დეპარტამენტის ხელმძღვანელი დიმიტრი დარბაისელი, ის თავისნაირებს ნიშნავს უწყებაში, რომ ადვილად მართოს ციხეები.
ამ თამაშების განახლების შესახებ სასჯელაღსრულების სამინისტრო თუ ჩააყენეთ საქმის კურსში?
- დიახ, ფაქტი ვაცნობე მინისტრის მოადგილეს, გიგა გიორგაძეს, მან მითხრა, რომ საქმე აღძრულია გენერალური ინსპექციის მიერ და გრძელდება გამოძიება. პატიმარი უკვე დაკითხულია და გადაყვანილია ქუთაისის ციხეში. ამ იძულებითი თამაშებით ხეირობს ციხის ადმინისტრაცია, რადგან მათ სჭირდებათ ე.წ. გაფუჭებული პატიმრები.
რას გულისხმობთ?
- პატიმრის გაფუჭებაში არის კონკრეტული ინტერესები. გაიხსენეთ, როგორ იქნა მოკლული ფარტენაძე. რატომ გადაიყვანეს გეგუთში სამუდამომისჯილი პატიმრები და მძიმე დანაშაულში ბრალდებულები? დახურული ტიპის დაწესებულებიდან ღია ტიპისაში რატომ გადაიყვანეს, რატომ ხდება ეს? ეს უნდა ვკითხოთ დიმიტრი დარბაისელს, რომლის უშუალო ბრძანებითაც მოხდა ამ პატიმრების შერევა. ამ ადამიანებს დასაკარგი არაფერი აქვთ, სამუდამო პატიმრობა აქვთ, ამიტომ კომფორტულად გრძნობენ თავს იქ, სადაც არიან, მათ აქვთ პირობები და შესაბამისად, ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელების დავალებას - კლავენ ხალხს, უგებენ ფულს და ა.შ.
კი, მაგრამ ფული ხომ არ შედის ციხეში და როგორ ხდება ე.წ. თავანის ჩაბარება? ოჯახებს ურეკავენ და ისინი იხდიან წაგებულს?
- არა, იქ ფული არაა მოძრაობაში, ბარათები აქვთ პატიმრებს, სადაც ერიცხება ფული და ამ "თავანს" სიგარეტის სახით, ან სხვა ფორმით აბარებს. მაგალითად, პროდუქტის სახით. ინფორმაცია არ მაქვს, არაა გამორიცხული, გარეთაც ვინმემ ჩაუბაროს. ვინც არ გადაიხდის, ის ცუდი სახელით სარგებლობს და ე.წ. გაფუჭებულ ადამიანად ითვლება, ასეთად ყოფნა კი არავის უნდა და იხდიან. დარბაისელი პირადად ერევა ყველა საკითხში, რაც ციხეებში ხდება.
კი მაგრამ, სუბარი რატომ არ იღებს გადაწყვეტილებებს, დიდი ხანია დარბაისელზე მიდის საუბარი მაინცდამაინც ხალხი უნდა გააუპატიურონ, რომ ჩაერიოს ამ საქმეში?
- სუბარი არის უთავმოყვარეო კაცი, არ ჰყოფნის იმდენი ვაჟკაცობა, რომ თქვას, ვერ ართმევს თავს მოვალეობას. დეპარტამენტს 12-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს, ვიდრე თავად სამინისტროს, შესაბამისად, დიმიტრი დარბაისელი უფროა მინისტრი, ვიდრე სუბარი. ის ისე იღებს გადაწყვეტილებებს, რომ არც კი ეკითხება მინისტრს. დარბაისელს შეუძლია, არც კი შეუთანხმოს მინისტრს გადაწყვეტილება, ავტონომია აქვს. იცით, რომ ის იყო სუს-ის ხელმძღვანელი და ისე დაუნიშნეს სუბარს, რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდია მინისტრი. სუბარს კი რა უნდა? იღებს ხელფასს, ზის სამინისტროში და სულ არ კითხულობს არაფერს, რადგან იცის, ხელიც არ მიუწვდება არაფერზე. რეალურად, მინისტრი დარბაისელია. სუბარს არ აინტერესებს სასჯელაღსრულების სამინისტრო გამართული სტრუქტურა იქნება თუ არა და სწორედ ეს არის საშიში ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის.
"ალიამ" იმის გასარკვევად, რა მოიკვლია გენერალურმა ინსპექციამ, რამდენიმეჯერ სცადა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან დაკავშირება, მაგრამ პრესსამსახურმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა.