„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს არც მოსახლეობა, არც მისი ჯანმრთელობა და არც მისი ეკონომიკა“

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს არც მოსახლეობა, არც მისი ჯანმრთელობა და არც მისი ეკონომიკა“

მსოფლიო კორონავირუსით  გამოწვეულ პანდემიას ჯერაც ებრძვის. საქართველოში, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ შემდეგი 2–3 კვირის განმავლობაში, შესაძლოა, ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკურ ფაზაში აღმოჩნდეს. შესაბამისად, მთავრობა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების წინადადებით მიმართავს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეზღუდვები 27 აპრილამდე გაგრძელდება. პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პიკის გადალახვის შემთხვევაში, მთავრობა შეძლებს დაიწყოს შეზღუდვების მოხსნის გეგმა ეკონომიკური აქტივობებისთვის.

for.ge–სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ თუ ეკონომიკა ვერ გადარჩა, მერე, უკვე, სხვა მიზეზით დაემუქრება ადამიანებს უბედურება.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გრძელდება. 24 აპრილს კი, ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტის წარდგენა მოხდება. როგორც პრემიერ–მინისტრის პრესსპიკერმა აღნიშნა, მოსახლეობა რაც უფრო ზუსტად და მკაცრად დაიცავს შეზღუდვებს, მთავრობას მით უფრო სწრაფად შეეძლება აღნიშნული შეზღუდვების მოხსნა. ეს შეზღუდვები რამდენად მძიმედ აისახება ქვეყნის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მით უფრო, რომ 2020 წელი არის საპარლამენტო არჩევნების წელი?

რამაზ საყვარელიძე: ხელისუფლებამ არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ გადასარჩენია ადამიანთა სიცოცხლეც და ეკონომიკაც. მაგრამ თუ ეკონომიკა არ გადაარჩინე, მერე უკვე სხვა მიზეზით დაემუქრება ადამიანებს უბედურება. ამდენად, საკითხი სრულიად სამართლიანი და გასაზიარებელია. ერთადერთი ოპტიმიზმის გრძობას მიჩენს ის, რომ საგანგებო მდომარეობა ძირითადად, ადამიანთა დიდ ჯგუფებად თავმოყრის თავიდან აცილებისთვის არის მოწოდებული.

დანარჩენი თვალსაზრისითაც, როგორც ვატყობ, ეცდებიან, აამუშაონ ეკონომიკის ჩავარდნილი პულსი. პრინციპში, ალბათ, შეძლებისდაგვარად ივლიან იმ გზით, რომ ეკონომიკა აამუშავონ ისე, რომ არ გაზარდონ ეპიდემიის საფრთხე. ანუ, აბსოლუტური საგანგებო მდგომარეობა, ალბათ, არ იქნება. იქნება შეფარდებითი საგანგებო მდგომარეობა.

რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის პოლიტიკურ მოტივს. ნაწილი ფიქრობს, რომ შექმნილი ვითარება არ საჭიროებს აკრძალვების ასეთ ზომებს, თუმცა თუ გადავხედავთ ევროპის მაგალითებს, იქ ზომები გაცილებით გამკაცრებულია, ვიდრე ჩვენთან. რამდენად სწორია ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის პოლიტიზირება, რასაც ვაკვირდებით ყოველდღიურად?

– სწორია. იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აინტერესებს არც მოსახლეობა, არც მისი ჯანმრთელობა და არც მისი ეკონომიკა. მათ ერთადერთი მიზანი აქვთ – შეინარჩუნონ აგრესიულად განწყობილი ამომრჩეველი. განვლილმა მძიმე დღეებმა და ამ მძიმე დღეებში ხელისუფლების მოქმედებამ, უკვე შეუქმნა საფრთხე „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ შეიძლება თავისი ამომრჩეველი დაკარგონ. პირადად ვიცნობ რამდენიმე ადამიანს, რომელიც „ოცნების“ მიმართ ძალიან კრიტიკულნი იყვნენ, მაგრამ ამ მძიმე დღეებმა შეუცვალა განწყობილება და იძახიან – რა ძლიერი ფიგურა ყოფილა გახარიაო. იმასაც იძახიან, რომ ამ „ნაციონალებს“ არავინ არ უყვართ, საკუთარი თავის გარდაო.

თუ ასეთი განწყობილება გაჩნდა იმ ხალხში, ვინც „ნაციონალებისთვის“ აპირებდა ხმის მიცემას, მათ უკვე ექმნებათ იმის საფრთხე, რომ ვერ აიღებენ იმ 10–12%–ს, რასაც ჩვეულებრივ იღებდნენ. ამიტომ, მათი საქციელი სწორია. სწორია არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი ინტერესებისა და მორალიდან გამომდინარე. მათი მიზანია შეინარჩუნონ ის თანხა, რასაც ბიუჯეტიდან იღებდნენ, როგორც ძირითადი ოპოზიციური ძალა. ამ ზნეობასთან გვაქვს საქმე და მათი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სწორია, რომ დაიწყონ ყველაფრის პოლიტიზირება.

მაგალითად, ხატია დეკანოიძე ამტკიცებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „StopCoV ფონდში“ 100 მილიონი ლარი ჩარიცხა, მაგრამ ფული გაათეთრა და საზოგადოება ამ დანაშაულის თანამონაწილე გახადა. ეს რა კლინიკაა?

– კლინიკის იარლიყი რომ ჩამოკიდო, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან უნდა გაანთავისუფლო. მაგრამ, სწორედ რომ, პოლიტიკური მოტივია, ძალაუფლება უნდათ, მეტი არაფერი. მერაბიშვილის ფრაზა – „ორი ტრუპი მჭირდება“, მაგათი ლოზუნგია. თუ დასჭირდებათ ადამიანების მსხვერპლი, წამსვლელი არიან, ერთი წუთით არ იტყვიან უარს. ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვნახეთ, რომ წამსვლელი არიან ამაზე. ამიტომ, დღეს იმაზე რეაქცია – მსხვერპლზე რატომ მიდიან, არ უნდა გაგვიკვირდეს. სხვა რამე მიკვირს, რატომ ვერ მიხვდნენ, რომ ამ სტილში, ამ სტრატეგიის ჩვენებით უფრო მეტს წააგებენ. რატომ ვერ მიხვდნენ იმას, რომ ადამიანებს დახმარებოდნენ, რადგან მათთვის შენდობის შანსი მეტი იყო. სიკეთით უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავდნენ.

რატომ ვერ აკეთებენ დასკვნებს? ვერ ვიტყვით, რომ ინტელექტი არ აქვთ...

– თუკი აგრესიული იქნები სხვების მიმართ, სხვაც შენდამი იქნება აგრესიული, ამას დიდი ინტელექტი არ უნდა. რატომ ვერ მოიშალეს ეს აგრესიულობა, ვფიქრობ, რომ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ეს სტილი დაიწყო სააკაშვილმა, აგრესიულია სააკაშვილი, როგორც პიროვნება და მერე უკვე, იმისათვის, რომ სააკაშვილის კარგი თანამებრძოლების, თუ კარგი მომსახურების შთაბეჭდილება დაეტოვებინათ, მისი მხარდამჭერებიც აგრესიულები გახდნენ.

რა უფრო მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიისთვის, განვითარდეს, ისწავლოს შეცდომებზე, რაც განაპირობებს ამომრჩევლის მხარდაჭერის ზრდას და მისცემს ხელისუფლებაში დაბრუნების შანს, თუ მნიშვნელოვანია სააკაშვილის კარგი თანამებრძოლის შთაბეჭდილება დაიტოვონ. რატომ ვერ გასცდნენ სააკაშვილის გარშემო ტრიალს?

– იმისთვის, რომ გასცდნენ სააკაშვილის გარშემო ტრიალს და ახალი დაიწყონ, ახლის დაწყების ინტელექტი უნდა ჰქონდეთ. არ აქვთ ამ ახლის დაწყების ინტელექტი. აკეთებენ იმას, რასაც შეჩვეული და რასაც ინტელექტი არ უნდა. ამაში ჩვენც ვართ დამნაშავე. მათ აგრესიას რომ ჩვენი მხარდაჭერა არ ჰქონდეს, გონს მოეგებოდნენ. აი, ჩვენში რომ აღმოჩნდა 10–12%, რომელიც მხარს უჭერს სააკაშვილს და მის პარტიას, ამიტომ არიან აგრესიულები.

როგორ ფიქრობთ, ეს მაჩვენებელი მოსახლეობაში ჩადებული აგრესიის ანარეკლია?

– რა თქმა უნდა, და მიზანია, რომ ამ აგრესიულობის ხმები თვითონ მიიღონ. ამაზე მუშაობენ. გამარჯვება მათ არ აინტერესებთ და არც ქვეყნის სათავეში მოსვლა. უფრო მარტივ მიზეზზეა ლაპარაკი, მათ აინტერესებთ მიიღონ ის ფული, რაც შეიძლება მიიღოს წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ და ამისთვის სჭირდებათ ადამიანების ის რაოდენობა, რომლებიც ყოველთვის აძლევდნენ ხმას. ახლა, როდესაც გაჩნდა საფრთხე იმისა, რომ შეიძლება ამ ადამიანების მხარდაჭერაც დაკარგონ, დაიწყეს ისევ თავის გახსენება და ისევ ძველის კეთება. ვიმეორებ, ახალის კეთება არ იციან და არც შეუძლიათ.

და არც აქვთ ინტერესი, რომ ისწავლონ ახლის კეთება...

– რატომ უნდა ისწავლონ ახლის კეთება? ახალი რომ დაიწყო, ნულიდან უნდა დაიწყო. ნულიდან დაწყება არ უნდათ. აგერ, მიშას გარეშე უნდათ ხმების აღება და მიშას მომხრეები ამასაც ვერ ხვდებიან, შედარებით დაბალი გაბარიტის მქონე ფიგურების სათამაშოები ხდებიან და ამათი ხეირისთვის იბრძვიან საარჩევნო ყუთებთან. აბრიყვენებ ამ ხალხს და მერე მაქსიმალურად იყენებენ.

სააკაშვილი ამტკიცებს, რომ აუცილებელია ემიგრანტების დაბრუნება, მაგრამ უკრაინის შემთხვევაში ამბობს, რომ ამ ვითარებაში როდესაც ქვეყანაში არის ეკონომიკური კრიზისი, შეცდომაა ემიგრანტების დაბრუნება. მაგრამ საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ, იმიტომ, რომ მმართველობაში არის „ქართული ოცნება“ და მთავარია ქვეყანაში ვითარება გახდეს უმართავი, ეს არის მიზანი?

– პირველი - მათი მიზანია სიტუაცია, რომ დამძიმდეს და მეორე - სააკაშვილი ემიგრანტების ხმებზე მუშაობს. ისინიც გაბრიყვებული არიან იმ მხრივ, რომ არ ჩამოიყვანა, მაგრამ ხომ „უნდოდა“ ჩამოყვანა. ამიტომ ბევრი მათგანი ხმას მისცემს სააკაშვილს და მის პარტიას. სააკაშვილს რეალობა არ აინტერესებს.

გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ეფექტური მართვა უზრუნველყო. გახარიას კრიზისების მართვა შეუძლია და ამას სააკაშვილის მხარდამჭერებიც კი აღიარებენ. 2012 წლის შემდეგ ყველა არჩევნები დამოკიდებული იყო ბიძინა ივანიშვილზე და მის რესურსზე. ამ თვალსაზრისით, 2020 წლის არჩევნები რამდენად იქნება გამონაკლისი, ივანიშვილის ფაქტორი იქნება გადამწყვეტი, თუ ხელისუფლების რეიტინგი?

– ხელისუფლების რეიტინგი იქნება მნიშვნელოვანი, მაგრამ გააჩნია არჩევნებისთვის როგორ წავა პროცესები, ასევე - როგორ წავა ეპიდემიის გამომწვევი შემდგომი პროცესები. ეკონომიკა ახსენეთ, მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ეკონომიკური პროცესები. ასევე, როგორ წავა მედია პროცესები. სამწუხაროდ, ამ პატარა ფრაგმენტებისაც კი, რასაც ნაციონალები ისვრიან, ძალიან კარგად ემსახურება მედია. კარგად უწევს მას ტირაჟირებას.

ნაციონალების მხარდამჭერი არ ვარ. მაშინაც კი, როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა მისი მრჩეველი ვყოფილვიყავი, მისი მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ ოპოზიციონერი აირჩია მრჩევლადო. ჩემი პოზიცია გაუგებარი არასოდეს არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვახო სანაიამ დაიწყო ჩემი ტელევიზიაში მიწვევა და „რუსთავი 2“ იყო მთავარი არენა, სადაც მალაპარაკებდა, მაგრამ როგორც კი „რუსთავი 2“– მა აიღო პოლიტიკური ორიენტაცია და გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო პოლიტიკის ინსტრუმენტი, მე მას შემდეგ „რუსთავი 2“–ზე არ ვყოფილვარ.

ასევე, ძალიან ხშირად მპატიჟებდა „TV პირველი“, მაგრამ შეწყვიტეს და მე მარტო არ ვარ ასეთ მდგომარეობაში. ვინც გააკრიტიკებს „ნაციონალურ მოძრაობას“, იმ ადამიანებს არ იკარებენენ. სამაგარიეოდ, ხელისუფლების კრიტიკის ტირაჟირება მიდის. ასე რომ, არჩევნებზე რა ჭკუაზე იქნება ამომრჩეველი ერთ–ერთი როლი აქვს ქართულ ჟურნალისტიკას. რისი ტირაჟირება უნდა მოახდინო, რა უნდა გააძლიერო და რა არა, ეს ნაციონალების ტელეარხებს აქვთ, მაგრამ არ აქვთ არანაციონალურ ტელეარხებს. ამან შეიძლება ძალიან ცუდი როლი შეასრულოს არჩევნების შედეგების ჩამოყალიბებაში.