როდის უნდა მოიხსნას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები?!

როდის უნდა მოიხსნას კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები?!

ჩვენი მოსახლეობა ცდილობს, გაგებით მოეკიდოს კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, თუმცა არიან ისეთნიც, რომლებსაც ვერ გაუგიათ კომენდანტის საათის არსი და შეზღუდვების შემცირებას ან მთლიანად გაუქმებას ითხოვენ.

განსაკუთრებული გაუგებრობა გამოიწვია ავტომანქანის წინა სავარძელში მძღოლის გვერდით ჩაჯდომის აკრძალვამ, ასევე, კითხვები გააჩინა იმან, რატომ უნდა ჩაჯდეს მანქანაში მხოლოდ სამი ადამიანი და არა თუნდაც ოთხი, ან ერთი ოჯახის წევრებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ ერთი მანქანით გადაადგილების უფლება?!

საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ, ასევე, გასაუქმებელია ასაკოვნებისთვის დაწესებული შეზღუდვა, რადგან, თუ ასაკოვნები გარეთ არ გავლენ, მათ საკვებს არავინ მიაწვდის.

დაწესებულმა შეზღუდვებმა, ასევე, უკმაყოფილო დატოვა ტელეწამყვანებიც. დავით აქუბარდიასთვის გაუგებარია, რისთვის არის საჭირო ასეთი აკრძალვები და რატომ არ მუშაობს თუნდაც საპარიკმახეროები?! „საპარიკმახეროები გახსენით, თმები მაქვს შესაჭრელი“, - ასეთია ტელეწამყვანის მოთხოვნა.

ცალკეული ქვეყნები შეზღუდვების თანდათანობით შერბილებას უკვე იწყებენ. კონკრეტულად, გერმანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები მომავალი კვირიდან ეტაპობრივად მოიხსნება. გერმანელები ჯერ მცირე ზომის მაღაზიებს გახსნიან, ხოლო მაისიდან ბავშვებს სკოლებში დააბრუნებენ. სხვა ძირითადი შეზღუდვები კი 3 მაისამდე დარჩება ძალაში. რაც შეეხება რესტორნებს, ბარებს, გერმანელები მათ ამ ეტაპზე არ გახსნიან. მასშტაბური ღონისძიებები (ფეხბურთის მატჩები, კონცერტები, ფესტივალები), სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე არ ჩატარდება. ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონასთან ბრძოლის პროცესში პროგრესი შეინიშნება, თუმცა ეს პროგრესი მყიფეა.

რაც შეეხება ამერიკას, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ამერიკის ზოგიერთ შტატში „კოვიდ-19“-ის შემაკავებელი შეზღუდვები უნდა მოიხსნას. „გაათავისუფლეთ ვირჯინია! ის ალყაშია მოქცეული“, - წერს დონალდ ტრამპი და ვირჯინიასთან ერთად მინესოტასა და მიჩიგანის შტატებსაც ასახელებს, სადაც შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ მიჩიგანში გასულ კვირას საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოსახლეობა დაწესებული ზომების შემსუბუქებას ითხოვდა.

გარკვეულ შეზღუდვებს ხსნის ესპანეთიც, რომელიც იტალიასთან ერთად კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალდა. ესპანეთში შეზღუდვების მოხსნას კატალონიის რეგიონული მთავრობა არ ეთანხმება, რასაც ეპიდემიის ხელახალი აფეთქების შიშით ხსნის.

აპრილის ბოლოს ცალკეული შეზღუდვის შემსუბუქებას ფიქრობს იტალიაც. შეზღუდვებს მოხსნიან ავსტრიაშიც. ეს პროცესი შეიძლება დაგეგმილზე ადრე დაიწყოს დანიამ.

ამავდროულად, ყველა აცნობიერებს, რომ შეზღუდვების ნაადრევად მოხსნის შემთხვევაში პანდემიის ხელახლა დაბრუნების საფრთხე არსებობს. ამიტომაც ევროკომისიამ ევროკავშირის წევრებს მოუწოდა, შემზღუდავი ზომების მოხსნისას ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაციაში იყვნენ, რათა მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები თანმიმდევრული იყოს.

როდის უნდა მოიხსნას ან შერბილდეს შეზუდვები საქართველოში?

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში დაწესებული შეზღუდვები შემოღებულია ეკლესიის გამო. როგორც კი სინოდი შეიკრიბა და ვერ მიიღო გადაწყვეტილება, მეორე დღესვე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მოგვიანებით კი, როცა ჩატარდა ზიარების პირველი კვირა და ლიტურგია, უკვე შემოიღეს კარანტინი და კომენდანტის საათი.

„ყველაფერში მიჰყვებიან ეკლესიის ნაბიჯებს. რადგან ეკლესიას ვერ უბედავენ მკაცრი ზომების მიღებას, ამით მთელ საქართველოს აზიანებენ. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, როგორც კი გადაივლის აღდგომის დღეები და ბრწყინვალე შვიდეული, სადღაც აღდგომიდან ერთ კვირაში, წესით, სულ ცოტა, უნდა მოიხსნას კომენდანტის საათი და ტრანსპორტი მაინც აღდგეს, მეტრომ მაინც იმოძრაოს. ხალხი ძალიან გამწარებულია. უმუშევრობა და სიღარიბეა. თუ შეზღუდვები არ შეარბილეს, კატასტროფა იქნება, მერე ხელისუფლებას ვერც ექიმები უშველიან და ვერც ეკლესია უშველის. ხელისუფლება დარჩება მარტო, ეკლესიის გარეშეც და მედიცინის გარეშეც და როგორ უპასუხებს ამ გამოწვევას, ამასაც ვნახავთ“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი For.ge-სთან საუბრისას.

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ჩვენს საზოგადოებას ღიად უნდა უთხრას სიმართლე, რომ თუნდაც არ აქვს შესაბამისი რაოდენობით სამედიცინო აპარატურა, არ არის მოგვარებული სასუნთქი აპარატის პრობლემა, არ გვყოფნის საავადმყოფოებში საწოლები. თუ სიმართლეს გვეტყვიან, მაშინ შეგნებული მოქალაქე ამ შეზღუდვებს აღარ ჩათვლის მასზე ზემოქმედებად და, პირიქით, თავის დაცვის საშუალებად მიიღებს.

„9 აპრილს ღამით 11 საათიდან დაწესდა კომენდანტის საათი. თბილისის ომის დროსაც, ასევე, 11 საათიდან იყო კომენდანტის საათი. თბილისის ჩაკეტვას რაც შეეხება, თუ თბილისს კეტავ, ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვს ინფორმაცია, რომ ქალაქში ბევრი ინფიცირებულია. აბა, ლოგიკურად, სხვა მიზეზით რატომ უნდა ჩაკეტო? მე არ ვარ ეპიდემიოლოგი, დიდ პატივს ვცემ და მადლობას ვეუბნები ყველა ექიმს, მაგრამ ქალაქის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ბევრი ინფიცირებულია. თუკი ბევრია ინფიცირებული, გვითხრან ამის შესახებ და ჩვენ სხვანაირად მოვიქცევით. თუ გვეუბნები, მსოფლიოში ყველაზე მეტად ჩვენ შევძელით კორონას შეკავება და მთელი მსოფლიო ტაშს გვიკრავსო, მაშინ რაღა საჭიროა თბილისის ჩაკეტვა? ეს გაუგებრობები წარმოქმნის წინააღმდეგობებს. ისევე, როგორც მუშაობს ერთი მაღაზია - „კარფური“ და არ მუშაობს სხვა მაღაზიები. რა პრინციპით? ყველაფერს თავი გავანებოთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მანქანები ხომ მოძრაობდა დედაქალაქში და არ იყო მანქანით გადაადგილება აკრძალული? მაშინ ვულკანიზაცია რატომ იყო დაკეტილი? ჩვენ ხომ არ აგვიკრძალავს ოჯახში ბევრი ადამიანის ერთად ყოფნა? მაშინ ოჯახს უნდა მივცეთ ერთი მანქანით გადაადგილების უფლება“,-აცხადებს მამუკა გიორგაძე ჩვენთან საუბარში და ამ შეზღუდვების გამო კონკრეტულ ზიანზეც საუბრობს.

მისივე განმარტებით, ონკანი რომ გაგვიფუჭდეს სახლში, არ შევაკეთოთ? ხელოსანს ვერ გამოვიძახებთ, ონკანს ვერ ვიყიდით, გამოდის, ან მეზობელი უნდა ჩავრეცხოთ, ან ამ გაგანია კორონავირუსის დროს უნდა გადავკეტოთ ცენტრალური ონკანი და მთელი კორპუსი დავტოვოთ წყლის გარეშე.

მამუკა გიორგაძე აქვე აზუსტებს, რომ მისი ნათქვამი სულაც არ ნიშნავს, ხელისუფლებამ ზომები არ მიიღოს, პირიქით, უნდა მოიძებნოს ისეთი ფორმები, რომელიც საშუალებას მოგვცემს თითოეულ ჩვენგანს, ნდობით აღვიჭურვოთ ხელისუფლებისადმი. თუკი ასეთი სიმკაცრეა, უფრო მეტი სოციალური დახმარება, უფრო მეტი წახალისება სჭირდებათ ადამიანებს. ამიტომ, საჭიროა, სხვა ნაბიჯების გადადგმაც, რომელიც ერთობლივად გადაგვატანინებს გაჭირვებულ მდგომარეობას. ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა მოხდეს.

დღეს კი, მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, გაამარტივებს თუ, პირიქით, კიდევ უფრო გაამკაცრებს შეზღუდვებს.

 

 

Katana . სწორია ეს უკმაყოფილო ხალხი!..
ყოველგვარ შეზღუდვას უნდა ჰქონდეს ზუსტი დასაბუთება - რატომ?

- რატომ 3 ადამიანი მანქანაში და არა 4?

- რატომ არ არის "კარფურის" მუშაობა საშიში და რატომ არის საშიში სხვა მაღაზიების მუშაობა?

- რატომ არის აკრძალული მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილება და რანაირ კავშირშია ტრანსპორტის ეს სახეობა კორონავირუსთან?

- რატომ არ არის შემზღუდავი რეგულაციები, სპეცსამსახურების გარდა, ყველასთვის ერთნაირად სავალდებულო?

და ა.შ.
4 წლის უკან
Katana . აგერ,ლალი მაროშკინას რეპორტაჟი ვნახე შემთხვევით - საჭმელი მიმაქვს დედაჩემისთვის და 5 კილომეტრი უნდა გავიარო ფეხით, რადგან მსუბუქი მანქანის გადაადგილება აკრძალულია და, ამ დროს, ნახეთ, რას დაშხუილებენ მანქანები ჩემს ირგვლივო!..
ბმული /> აბა, ვისთვის არის აკრძალული, ვინც ნაცნობი ვერ იპოვა?!
4 წლის უკან
4 წლის უკან