„აპარატიდან ავადმყოფის გათიშვა ჩემი სამუშაოს ნაწილია“

„აპარატიდან ავადმყოფის გათიშვა ჩემი სამუშაოს ნაწილია“

„კოვიდ19-ის მწვავე ფორმით დაავადებული ავადმყოფისთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე დროული მიერთება, ხშირ შემთხვევაში, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, თუმცა გადარჩენის გარანტიას არც ეს მოწყობილობა იძლევა და მედიკოსებს, მთელ მსოფლიოში, უწევთ მძიმე არჩევანის გაკეთება, როდესაც იმედი უკვე აღარ არის და იძულებულები არიან, ავადმყოფი აპარატიდან გამორთონ. აპარატის გამორთვა არის ემოციურად რთული და ძალზე მტკივნეული. ხანდახან მეჩვენება, რომ ვიღაცის სიკვდილის გამო პირადად მე ვარ პასუხისმგებელი“, - ამბობს ხუანიტა ნიტლა.

ხუანიტა სამხრეთ ინდოეთში დაიბადა და ბოლო 16 წელია ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში (NHS) მუშაობს, იგი ლონდონის საავადმყოფო Royal Free Hospital-ის რეანიმაციული განყოფილების უფროსი ექთანია. „აპარატის გამორთვა, როდესაც სხვა აღარაფერი დაგვრჩენია, ჩემი სამუშაოს ნაწილს წარმოადგენს“, - ამბობს 42 წლის ნიტლა.

ერთხელ, აპრილის პირველ რიცხვებში, როდესაც ხუანიტა დილის ცვლაში მუშაობდა, განყოფილების უფროსმა უთხრა, რომ კოვიდ19-ით დაავადებული პაციენტის მკურნალობის შეწყვეტა მას მოუწევდა. პაციენტი იყო 50 წელს გადაცილებული ექთანი. ხუანიტა მის ქალიშვილს დაელაპარაკა და აუხსნა, თუ როგორი იყო პროცედურა.

„შევეცადე გოგონა დამერწმუნებინა, რომ დედამისი ტკივილებს არ განიცდის და თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს, ასევე, ვკითხე, აქვს თუ არა ავადმყოფს უკანასკნელი, მათ შორის - რელიგიური ხასიათის, სურვილები. რეანიმაციის პალატაში საწოლები გვერდიგვერდ დგანან და ნიტლას მომაკვდავი პაციენტის გარდა იქ უგონო მდგომარეობაში მყოფი სხვა ავადმყოფებიც იმყოფებოდნენ. იმ რვასაწოლიან ბოქსში ყველა მძიმედ იყო ავად. ფარდა გადავწიე და ხელსაწყოებს ხმოვანი შეტყობინების სიგნალი გამოვურთე. მთელი მედპერსონალი რამდენიმე წუთით გაირინდა, რადგან ადამიანის ღირსება და პაციენტის კომფორტი ჩვენი უპირველესი ამოცანაა“, - ამბობს ნიტლა.

შემდეგ მან ტელეფონის ყურმილი მომაკვდავის ყურს მიადო და მის ქალიშვილს საშუალება მისცა, რომ დედას დამშვიდობებოდა.

„ჩემთვის ეს უბრალო სატელეფონო ზარი იყო, მისი ოჯახისთვის კი უმნიშვნელოვანესი რამ. ცხადია, მათ ვიდეოზარი ერჩიათ, მაგრამ, სამწუხაროდ, რეანიმაციაში მობილური ტელეფონების გამოყენება აკრძალულია“.

მომაკვდავის ახლობლების თხოვნით, ხუანიტამ კომპიუტერში მათ მიერ შერჩეული მუსიკალური კლიპი ჩართო, შემდეგ კი ხელოვნური სუნთქვის აპარატი გათიშა. „გვერდით ვიჯექი და, სანამ არ გარდაიცვალა, მისი ხელი მეჭირა“, - ყვება ექთანი.

გადაწყვეტილებას მკურნალობის შეწყვეტის შესახებ, ექიმთა ჯგუფი ავადმყოფის მდგომარეობის, სამედიცინო ისტორიის, ასაკის, მკურნალობის კურსზე რეაქციისა და გამოჯანმრთელების შანსების შეფასების შემდეგ იღებს.

„ხუთ წუთში გარდაიცვალა. ვხედავდი, როგორ აციმციმდა მონიტორზე განგაშის სიგნალი, შემდეგ კი, კარდიოგრამამ ეკრანზე სწორი, უწყვეტი ხაზი აჩვენა - გული გაჩერდა“, - გვიყვება ხუანიტა.

პაციენტის ქალიშვილმა არ იცოდა, თუ რა ხდებოოდა პალატაში და დედასთან საუბარს აგრძელებდა, ლოცვებს უკითხავდა. გულდამძიმებული ნიტლა იძულებული გახდა, ყურმილი აეღო და მისთვის ეთქვა, რომ ყველაფერი დასრულდა.

თუმცა, ხუანიტას თქმით, მისი მოვალეობები ამით არ სრულდება.

„კოლეგის დახმარებით, მიცვალებული დავბანე, თეთრ სუდარაში გავახვიე და სხეული სპეციალურ ტომარაში მოვათავსე, თუმცა მანამდე შუბლზე ჯვარი გამოვუსახე“, - ამბობს ექთანი.

კორონავირუსის ეპიდემიამდე თერაპიის შეწყვეტას პაციენტის ახლობლები ექიმთან ერთად განიხილავდნენ და უფლება ჰქონდათ, აპარატის გათიშვის მომენტში მომაკვდავის გვერდით ყოფილიყვნენ. შექმნილი სიტუაციის გამო ბევრ ქვეყანაში ამ პრაქტიკაზე უარის თქმა მოუწიათ. „მძიმეა იმის ყურება, როგორ კვდებიან ადამიანები მარტოობაში“, - ამბობს ნიტლა.

პაციენტების დიდი ნაკადის გამო საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილებაში საწოლების რაოდენობა 34-დან 60-მდე გაზარდეს. ახლა ყველა საწოლი დაკავებულია. რეანიმაციაში 175 ექთნისგან შექმნილი მთელი არმია შრომობს. ზოგიერთ მათგანს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და თვითიზოლაციაში გადავიდნენ. კლინიკა იძულებული გახდა, რეანიმაციაში სამუშაოდ სხვა პროფილის ექთნები გადაეყვანა.

„სანამ ცვლა დაიწყება, ერთმანეთს ხელს ვკიდებთ და ვამბობთ: „ყველაფერი კარგად იქნება“. ერთმანეთს ვუვლით, თვალყურს ვადევნებთ, რომ ხელთათმანი, ნიღაბი და დაცვის სხვა საშუალებები ყველას ეკეთოს“, - გვეუბნება ნიტლა.

კლინიკა ხელოვნური სუნთქვის აპარატების, ინფუზიური ტუმბოების, ჟანგბადის ბალონებისა და აუცილებელი მედიკამენტების ნაკლებობას განიცდის. საბედნიეროდ, Royal Free Hospital-ში ინდივიდუალური დაცვის საშუალებები საკმარისად აქვთ.

რეანიმაციულ განყოფილებაში, დღეში, საშუალოდ, ერთი ადამიანი კვდება. ეს გაცილებით ბევრია, ვიდრე ის საშუალო მაჩვენებელი, რომელიც პანდემიამდე იყო. „ძალიან დამთრგუნველია, - აღიარებს ხუანიტა, - ღამით კოშმარებს ვხედავ, ვერ ვიძინებ, მგონია, რომ დავსნებოვნდები. ყველას გვეშინია“.

შარშან, რამდენიმე თვის განმავლობაში იგი ტუბერკულოზმა გააწვალა და იცის, რომ მისი ფილტვების შესაძლებლობა ძალიან არის შეზღუდული, მაგრამ მას, როგორც უფროს ექთანს, შიშის გადალახვა უწევს:

„ხშირად მეუბნებიან, რომ სამუშაოზე არ უნდა გავდიოდე, მაგრამ პანდემიაა, იძულებული ვარ, ყველაფერი დავივიწყო და საკუთარი მოვალეობა შევასრულო. ცვლის დასასრულს სულ იმ პაციენტებზე ვფიქრობ, რომლებიც იმ დღეს გარდაიცვალნენ, მაგრამ როდესაც საავადმყოფოდან გამოვდივარ, ვცდილობ დავივიწყო და გადავერთო“

(მოამზადა ნიკა ასლანიძემ, For.ge)