„რატომღაც ითვლება, რომ ტაძარშია ღმერთი... სინამდვილეში, ღმერთი ყველგანაა... ვინც მორწმუნეა, ვინც აღიარებს ქრისტეს, ყველა მათგანი ეკლესიაა“

„რატომღაც ითვლება, რომ ტაძარშია ღმერთი... სინამდვილეში, ღმერთი ყველგანაა... ვინც მორწმუნეა, ვინც აღიარებს ქრისტეს, ყველა მათგანი ეკლესიაა“

კორონავირუსის პანდემიამ სასულიერო პირთა შორის აზრთა სხვადასხვაობა გაამძაფრა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პაატა იმნაძემ სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდა შემდეგი სიტყვებით, „ვართ საშიშროების წინაშე, დარჩით სახლში, თორემ იტალია განმეორდება“. პაატა იმნაძის ნათქვამმა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს 9 აპრილის ღამეს პატრიარქის მიერ ნათქვამი სიტყვები გაახსენა, საფრთხე რეალურიაო. მეუფე გრიგოლის განმარტებით, დღეს კვლავაც გავიგეთ მსგავსი სიტყვები, ამჯერად პაატა იმნაძისგან, რომ საფრთხე რეალურია და ჩვენ თვალწინ ვხედავთ უდიდეს მსხვერპლს მთელი მსოფლიოდან. ამიტომ უნდა დავუჯეროთ ეპიდემიოლოგებს.

პარალელურად, განსხვავებულად მოაზროვნე სასულიერო პირები შეახსენებენ საპატრიარქოს, რომ ქრისტიანობაში ადამიანის მცნება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტაძრები და არც ერთი ეკლესია არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის ფასად.

მეუფე პეტრე აცხადებს, „არსებობს ბოროტი მორჩილება და არსებობს წმინდა ურჩობა“ და მიანიშნებს, რომ სასულიერო იერარქების ნებისმიერი რეკომენდაცია არ უნდა შესრულდეს, თუკი ის ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.

სასულიერო პირთა ნაწილი, რომლებიც ოდესღაც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობდნენ, ამ დრომდე თავს იკავებენ საპატრიარქოსგან განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებისგან, თუმცა ზოგიერთი მათგანი კერძო საუბრებში აფრთხილებს საკუთარ მრევლს, რომ არ არის მაინცდამაინც სასურველი ამდენი ხალხის თავმოყრა ეკლესიებში, ამიტომ უმჯობესია, დარჩნენ სახლში.

ეკლესია არ აპირებს, მრევლს განსაკუთრებული თხოვნით მიმართოს, დარჩენენ სახლში, შინ ილოცონ და საგანგებო სიტუაციით გათვალისწინებული წესები არ დაარღვიონ, რაც შეიძლება ეპიდემიის მასშტაბური გავრცელების მიზეზი გახდეს.

პარალელურად, დროში გაიწელა ხელისუფლების მოლაპარაკებები ეკლესიასთან, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი შეზღუდვები დაუწესა მოქალაქეებს. 17 აპრილს დღის 12 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება სრულად აიკრძალა, სავალდებულო გახდა პირბადეების ტარება დახურულ სივრცეში.

ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლებამ კაპიტულაცია გამოაცხადა ეკლესიასთან მიმართებით და იმის გამო, რომ საპატრიარქოსთან შეჭიდების გამბედაობა არ ეყო, საკუთარ მოქალაქეებს დაუწესა მორიგი შეზღუდვები.

რთული დილემის წინაშეა ჩვენი ეკლესია და როგორი უნდა იყოს სიტუაციიდან გონივრული გამოსავალი, რათა დაინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში სახელმწიფოსთან ერთად პასუხისმგებლობა ეკლესიასაც არ დაეკისროს?! ამის შესახებ For.ge-ს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრა.

პაატა ზაქარეიშვილი: ასეთ დროს გონივრული გამოსავალი სახელმწიფოს პრინციპულობაშია. სახელმწიფომ არ უნდა ჩააგდოს ეკლესია რთულ მდგომარეობაში. ამ დროს კი სახელმწიფოს არ ჰყოფნის სითამამე, რადგან ვერ აურჩევია-მედიცინა, თუ არჩევნები. სახელმწიფოს თან უნდა, ჯანმრთელი იყოს ხალხი, თან უნდა, ამ ხალხმა არჩევნებში ხმა მას მისცეს და ეკლესია არ გადაიმტეროს, რადგან ამომრჩეველთა ნაწილი მრევლია. ამდენად, სახელმწიფო უხერხულ მდგომარეობაში აყენებს ეკლესიას, რომ მას აჰკიდოს პასუხისმგებლობა, იმის ნაცვლად, რომ თქვას მკაცრად და ცალსახად, მრევლი არ მივიდეს ეკლესიაში, ეკლესიები არ დაიხუროს, იქ იყვნენ მღვდლები, ჩაატარონ საღვთო ლიტურგია, ანუ აღდგომის საზეიმო წირვა, მაგრამ მრევლის გარეშე. ვიღაცამ უნდა თქვას, ხალხო, ტაძარში სიარული აუცილებელი არ არის. ზოგადად, ტაძარში სიარული კარგია, ბევრად უკეთესია, ვიდრე სახლში ჯდომა, მაგრამ, როცა არსებობს საფრთხე, მაშინ აჯობებს, სახლში ისხდეთ. რატომღაც ითვლება, რომ ტაძარშია ღმერთი, სინამდვილეში, ღმერთი ყველგან არის. ეკლესია ყოველი ჩვენთაგანია, ვინც მორწმუნეები ვართ, ვინც აღიარებს ქრისტეს, ყველა მათგანი ეკლესიაა. ქართული საზოგადოების მთელი უბედურება ის არის, რომ, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, ჩვენთან არ ყოფილა მსჯელობა იმის შესახებ, რა არის ეკლესია, რა არის რელიგია, რა არის ქრისტიანობა. ჩვენ მოვდივართ ათეისტური სახელმწიფოსგან - საბჭოთა კავშირისგან, ვიღაც მღვდელი რაღაცას იტყვის ეკლესიაში, ვიღაცა რაღაცას ასწავლის და ეს გვგონია ქრისტიანობა. სინამდვილეში, ქრისტიანობა მსჯელობაა, მუდმივი კამათია. ასე იყო ყოველთვის. ჩვენ ეს არ გამოგვივლია. ეკლესია ყოველთვის არსებობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მორწმუნე თაობა არ ყოფილა, ახლა ნელ-ნელა ყალიბდება, იჭედება ქართული მართლმადიდებლური საზოგადოება.

სხვათა შორის, ამის შესახებაც გამოითქმის მოსაზრება, რომ მითოლოგიური სწავლებით არიან დაკავებულნი დღევანდელი ცალკეული სასულიერო პირნი და ქრისტეს ნამდვილ სწავლებას არ გადასცემენ მრევლს.

- ეს ძალიან ცუდია. მე ერთ-ერთი პირველი პასუხისმგებელი ვიყავი რელიგიისა სკოლებში 1991-92 წლებში. აკადემიაში რომ ვსწავლობდი, პირველი მე გამიშვეს სკოლებში, რადგან მენდობოდნენ. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რა არის რეალურად რელიგია და, რასაც გვეუბნება მღვდელი, ის გვგონია ჭეშმარიტება. არ არის ასე, მღვდელი არ არის უზენაესი ჭეშმარიტების მქონე. მამა შალვა კეკელია აბსურდს ლაპარაკობს, როცა ამბობს, თუ საყდარში არ მიხვალ, რა ქრისტიანი ხარო? ასეთი რამ არსად წერია, კეკელიამ თავისი სახარება დაწერა?

სანამ ტაძრები ექნებოდათ, პირველი ქრისტიანები განსხვავებულად ლოცულობდნენ. მით უმეტეს, ქრისტეს უთქვამს, „როცა ლოცულობ, შედი შენს ოთახში, ჩაიკეტე კარი და ისე ილოცე“...

- რა თქმა უნდა, ქრისტე ჯვარს რომ გააკრა სინედრიონმა, ერთ-ერთი მთავარი ბრალდება ის იყო, ეკლესიას ანგრევსო. ქრისტე პასუხობს, დავანგრევ ამ ხელთქმნილ ტაძარს და სამ დღეში ხელთუქმნელს ავაშენებო. სინედრიონი, ფარისევლები ქრისტეს აბრალებდნენ, მას სურს დაანგრიოს, ხელთქმნილი ტაძარი და ხელთუქმნელი უნდა ააშენოსო. ანუ ქრისტე თავად იყო აშენებული ტაძრების წინააღმდეგი. მეტსაც გეტყვით, პირველი ქრისტიანები როცა გახდნენ ოფიციალურად, უკვე აღიარებული იყო ქრისტიანობა და აღარ იყო დევნილი, სად ლოცულობდნენ, იცით? სასამართლო დარბაზებში, პირველი ქრისტიანები არ შესულან იმდროინდელ წარმართულ ეკლესია-ტაძრებში, ადრე ბაზილიკაში იყო განთავსებული სასამართლო დარბაზი, ადმინისტრაციული დაწესებულებები. ანუ ქრისტიანები შეგნებულად არ აშენებდნენ ტაძრებს, რადგან მიაჩნდათ, ღმერთი ყველგან იყო. მართლაც, ღმერთი ყველგანაა და ეს მცდარი მოსაზრებაა, თითქოს ტაძარი ღმერთის სახლია. ღმერთის სახლი ადამიანია და არა შენობა.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით, მართლაც ადამიანის სხეული უნდა გავიგოთ ღვთის ტაძრად.

- ამიტომაც ქრისტე პირდაპირ ეუბნება მიმდევრებს, ვინ გგონივართ, ვინ ვარო მე? ზოგი რას პასუხობს, ზოგი რას. მაშინ პეტრე ჯერ კიდევ ის პეტრე არაა და ქრისტე მასაც ეკითხება, შენ რას ფიქრობო? პეტრე პასუხობს, შენ ხარ ძე ღვთისა, მაცხოვარი ჩვენიო. სწორედ ამ დროს ამბობს მთავარ სიტყვებს ქრისტე, „შენ ხარ კლდე, პეტრე, და მე შენზე დავაფუძნებ ეკლესიას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას“. ეს მართლაც ყველაზე ცენტრალური ადგილია სახარებაში. ეს ნიშნავს, რომ ქრისტემ კი არ შეარჩია პეტრე, არამედ პეტრემ შეარჩია ქრისტე, პეტრეს სარწმუნოებაზე დააფუძნა იესო ქრისტემ ეკლესია, ანუ კონკრეტულ ადამიანზე დააფუძნა ეკლესია, პეტრე ღმერთი არ ყოფილა.

ზუსტად პეტრემ, ანუ „კლდემ სიმტკიცისამ“ მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო იესო ქრისტე, რადგან ადამიანურმა ბუნებამ გადასძლია. თუმცა გულმხურვალე სინანულის შემდეგ სიცოცხლე მოწამეობრივად დაასრულა.

- ადამიანი ასეთია და პეტრემაც ადამიანური ბუნება გამოავლინა. ქრისტესაც შეეშინდა იმ ხვედრის, რაც ელოდა, ამიტომაც გეთსიმანიის ბაღში მიმართავს მამა ღმერთს, თუ შეიძლება, ამაცილე ეს სასმისიო. ჯვარზე გაკვრისას კი თქვა, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევე მე?! ეს ბუნებრივია. ამ დროს ჩვენს საშველად მოვიდა ქრისტე. ანუ ეკლესია ყოველი ადამიანია, ნუ გვგონია, რომ ეკლესია სადღაც წვერებიან კაცებშია, ნუ ატყუებენ, ნუ აბოლებენ ხალხს. საზოგადოებაში უნდა შემოვიდეს მსჯელობა, მათ შორის, მედიაშიც, ტელევიზიაშიც, ყველგან უნდა ისმოდეს საუბარი იმის შესახებ, რა არის 21-ე საუკუნის ეკლესია, ქრისტიანობა. 21 საუკუნეში ჩვენ დავფრინავთ თვითმფრინავებით, აღარ ვხნავთ მიწას გუთნით, ინტერნეტს ვიყენებთ, ბეტონით ვაშენებთ სახლებს, ქრისტიანობა კი დარჩა მე-9 საუკუნის. როგორც გაიყინა დოგმატებში, ისეა დღემდე. ჩვენთან არ არის 21-ე საუკუნის ქრისტიანობა, ჩვენ არ ვმსჯელობთ ამაზე, რუსეთის იმპერია როცა იყო, ანუ მართლმადიდებლური იმპერია, მაშინ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობდა, ქრისტეზე მსჯელობდნენ. ილია ჭავჭავაძეც მსჯელობდა და უამრავი ადამიანიც ამ თემის შესახებ. დღეს ჩვენ სახარებას აღარ ვეყრდნობით, სახარების ენით არ ვმეტყველებთ.

ზიარების წესის შესახებაც მინდა გკითხოთ, რომელიც ქრისტიანობის უდიდესი საიდუმლოა. ეკლესიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შიდსი და ცე ჰეპატიტი არ გადადის ზიარებით და ამდენად, არც კორონავირუსი გადავა. უფრო მეტიც, სასულიერო პირები საშინელი დაავადების მქონე ადამიანებს აზიარებენ, მერე თვითონ იღებენ ბარძიმიდან ზიარებას და არ ავადდებიან. რამდენად საფრთხილოა ერთი კოზვით ზიარების პრინციპი?

- საფრთხილოა, რადგან კორონავირუსი სწორედ ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. სასულიერო პირთა მხრიდან ასეთი რიტორიკა ერთგვარი დაბოლების ვარიანტია. სინამდვილეში, შიდსი გადადის მხოლოდ სექსით და სისხლით, ანუ ნემსით. სულ სხვა ფორმით იღებს ადამიანი შიდსის ვირუსს, კორონავირუსი კი ჰაერით გადადის.

ეპიდემიოლოგები ჯერჯერობით არ ადასტურებენ, რომ კორონავირუსი ჰაერით გადადის, მხოლოდ წვეთოვან გზას აღიარებენ, თუმცა ჩვენს საზოგადოებაში ჩნდება ეჭვი, რომ კორონავირუსი მართლაც ჰაერწვეთოვანი დაავადებაა.

- მე არ ვარ ექიმი, მაგრამ, რასაც ვკითხულობ და ვუსმენ, გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ ეს არის ჰაერწვეთოვანი დაავადება. დახურულ სივრცეში ადამიანი რომ დააცემინებს, მის მიერ გავრცელებული ვირუსი შეიძლება მოხვდეს მეორე ადამიანის ფილტვებში, ანუ დაცემინების შემდეგ ეს ვირუსი ერთ-ორ წამში აღმოჩნდება მეორე ადამიანის ფილტვებში.

მსოფლიომ გამოიარა შავი ჭირი, ისპანკა. სასულიერო პირები ირწმუნებიან, რომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ეს დაავადებები ზიარების დროს გადასულიყო. თქვენ რას ფიქრობთ?

- ეს საშინელი პროპაგანდაა. ქართველებს (და არა მარტო ქართველებს) გვიყვარს, როცა ისტორიას ან ბოლოდან ვიწყებთ, ან თავიდან, მაგრამ ისტორია ბოლომდე არ მიგვყავს. მაშინ ვიკითხოთ, რამდენი ადამიანი იღუპებოდა შავი ჭირით, როცა საყოველთაო ზიარება მიმდინარეობდა? წამიკითხავს ბევრი ამ სფეროში, რომ შავი ჭირის დროს ეკლესიები არ იხურებოდა და ზიარება მიმდინარეობდა. იმ პერიოდში ათასობით ადამიანი იღუპებოდა. კეთილი ინებონ და ბოლომდე მოყვნენ ისტორია, სამ წერტილს რატომ სვამენ? ახლა არავინ იღუპება, ეს არის მნიშვნელოვანი, წინ წავიდა პროგრესი და ეს მედიცინის მადლით ხდება. მოდით, კეისარს მივცეთ კეისრისა, ეკლესიას-ეკლესიისა და მედიცინას-მედიცინისა. დავუფასოთ მედიცინას წარმატება, რადგან თავის დროზე ისპანკამ წაიღო, სულ ცოტა, 40 მილიონი ადამიანის სიცოცხლე. რატომ 40 მილიონი? იმ პერიოდში სტატისტიკა არ იყო და პირველი მსოფლიო ომი დასრულებული არ გახლდათ, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც დაიღუპა, ითვლება, რომ დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის დროს და არა ისპანკის დროს, ანუ არ არის ზუსტად გამოყოფილი, მაგრამ, სულ ცოტა, 40-დან 80 მილიონი ადამიანი დაიღუპა ისპანკის დროს. ეს არის ბუნებრივი შედეგი, ბუნებრივი რეზულტატი, ბუნებრივი მსხვერპლი პანდემიისა. სად მაშინდელი მინიმუმ 40-მილიონიანი მსხვერპლი და სად ახლანდელი 200 ათასი კაცის დაღუპვა დედამიწის ზურგზე?! რამხელა განსხვავებაა. იგივე ეპიდემიაა დღესაც, იგივე პანდემიაა. კორონავირუსიც რომ მიეშვათ თავის ნებაზე, არაფერი არ ჩაეკეტათ, კარანტინი არ გამოცხადებინათ, ახლა მილიონობით მსხვერპლი გვექნებოდა და არა ასეულ ათასობით. საქართველოში სამი გარდაცვლილით არ შემოიფარგლებოდა და ათასობით მსხვერპლს მოიტანდა. ამიტომ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, მივყვეთ და დავუჯეროთ ექიმებს. მედიცინა ძალიან განვითარდა, ისპანკის შემდეგ გავიდა 100 წელიწადი და სულ სხვა შედეგები გვაქვს.

 

Aburjga Tasmanieli ვაქცინას რომ გამოიგონებთ, პირველად ამ კაცს აუცარით! რის ვაქცინას?! - ხო, რა ვიცი, ნებისმიერი წავა!
4 წლის უკან