მობილური კავშირგაბმულობის ბრიტანული პროვაიდერების გაერთიანება Mobile UK აცხადებს, რომ სააღდგომო უქმე დღეებში ფიჭური კავშირის ანძების დაწვის 20 შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
პროვაიდერთა მონაცემებით, დაზიანებულია ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში მდებარე ანძები. ერთ-ეთი მათგანი ემსახურება ბირმინგემის საავადმყოფოს, რომელშიც კოვიდ-ინფიცირებულებს მკურნალობენ.
ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი სამი მამაკაცი დააკავეს მას შემდეგ, რაც ცეცხლი მოედო მობილური კავშირის ანძას, რომელიც ლონდონის გარეუბანში, დაგენემშია განთავსებული.
ლონდონის პოლიციის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით მოხდა ახლომდებარე სახლების მცხოვრებთა ევაკუაცია, თუმცა შემდეგ მათ სახლებში დაბრუნების უფლება მიეცათ.
ასევე, დილაადრიან მოეკიდა ცეცხლი ანძას დასავლეთ იორკშირის ქალაქ ჰადერსფილდში.
ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლმა ის გადამცემი მოწყობილობა გაანადგურა, რომლითაც საავარიო-სამაშველო სამსახურები სარგებლობენ.
კავშირგაბმულობის ახალი თაობის 5G ანძების მიმართ ვანდალიზმი კორონავირუსის ეპიდემიამდე დაიწყო, მაგრამ ეს ტენდენცია, ბოლო დროს, მას შემდეგ გაძლიერდა, რაც გავრცელდა კონსპიროლოგიური თეორია, თითქოს ეს ანძები იწვევენ ან ხელს უწყობენ ახალი ვირუსის გავრცელებას.
„უსაფუძვლოა ის თეორიები, რომლებიც 5G-სთან დაკავშირებით ვრცელდება. ამ თეორიებს არანაირი მეცნიერული დასაბუთება არ გააჩნიათ“, - განაცხადა Mobile UK-ის წარმომადგენელმა.
„მობილური კავშირის ოპერატორები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მობილური კავშირი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე იყოს გამართული, მაგრამ ნებისმიერი უსაფუძვლო ბრალდება დიდ ზიანს გვაყენებს. მობილურ ინფრასტრუქტურაზე გახშირებული თავდასხმები, შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დაუჯდეს უამრავ ადამიანს მაშინ, როდესაც ბრიტანეთის ყველა საკვანძო დარგი ეპიდემიასთან ბრძოლაზეა კონცენტრირებული“, - აღნიშნულია Mobile UK-ის განცხადებაში.
კომპანია Vodafone UK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკ ჯეფრიმ დასძინა, რომ ერთ-ერთი დაზიანებული ანძა სწორედ ბირმინგემი საველე ჰოსპიტალს ემსახურებოდა.
„ისედაც გული მიკვდება იმის გამო, რომ ახლობლებს არ შეუძლიათ საწოლთან ჩამოუჯდნენ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს, მაგრამ კიდევ უფრო საშინელია, რომ ერთი მუჭა გაბრიყვებული კონსპიროლოგების გამო ადამიანს ვიდეო ან ჩვეულებრივი სატელეფონო ზარის განხორციელების უფლებაც კი ერთმევა, - წერ ნიკ ჯეფრი Linkedin-ში, - წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მშობლები, ბებია ან ბაბუა ამ საავადმყოფოში იმყოფებიან. წარმოიდგინეთ, რომ ვერ რეკავთ, რათა უკანასკნელად მოისმინოთ მისი ხმა, დაელაპარაკოთ, დაემშვიდობოთ... მხოლოდ იმიტომ, რომ სახიფათო ტყუილი დაიჯერეთ“.
ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილემ მსგავს ვანდალურ ქმედებებს იდიოტური და უპასუხისმგებლო უწოდა.
Mobile UK-მ განცხადება რამდენიმე საათში მას შემდეგ გააკეთა, რაც კავშირგაბმულობის საწარმოთა მარეგულირებელმა ორგანომ ტელეკომპანია ITV-ის წამყვანის, ეიმონ ჰოლმსის რემარკის შემოწმება დაიწყო, სადაც იგი კორონავირუსისა და 5G ტექნოლოგიის ურთიერთკავშირზე საუბრობდა.
ორშაბათს ჰოლმსმა ეჭვქვეშ დააყენა ბრიტანულ პრესის მიერ გავრცელებული რამდენიმე განცხადება, რომლებშიც კატეგორიულად იყო უარყოფილი მითი ასეთი კავშირის არსებობის შესახებ. თუმცა, სამშაბათს დილით მან დააზუსტა: „არ არსებობს არანაირი კავშირი ამჟამად ჩვენს ჯანდაცვაში შექმნილ სიტუაციასა და 5G ქსელს შორის და საწინააღმდეგოს მტკიცება იქნება არასწორი და სახიფათოც კი“.
5G-ს წინააღმდეგ მიმართული ვანდალიზმში ბრიტანეთი მარტო არ არის. გასულ შაბათს ჰოლანდიური გაზეთი De Telegraaf კვირის განმავლობაში ჰოლანდიის ტერიტორიაზე მომხდარ ოთხ მსგავს შემთხვევაზე იუწყებოდა. ერთგან ბოროტმოქმედებმა დაზიანებულ მოწყობილობაზე 5G-კავშირის საწინააღმდგო ლოზუნგიც დატოვეს. კვირას ორი ასეთივე ფაქტი დარეგისტრირდა ირლანდიაში, თუმცა, ირლანდიური მობილური კავშირის კომპანია Eir-ის ცნობით, დაზიანებული მოწყობილობა გამოიყენებოდა არა 5G სიგნალის გადასაცემად, არამედ იმ 4G სიგნალის გასაძლიერებლად, რომელიც უახლოეს საავადმყოფოს და მიმდებარე ტერიტორიას ფარავს.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, თითქოს სმარტფონის გამოსხივება სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, კონსპიროლოგიური თეორიები 5G-სა და კორონავირუსის კავშირის შესახებ მაინც ვრცელდება. დამოუკიდებელი საქველმოქმედო ორგანიზაცია Full Fact, რომელიც მედიის მიერ გავრცელებული ფაქტებისა და მონაცემების გადამოწმებით არის დაკავებული, ძირითადად ორ მცდარ თეორიაზე საუბრობს. ერთის მიხედვით, 5G გამოსხივება ადამიანის იმუნურ სისტემას აქვეთებს, ხოლო მეორე ამტკიცებს, რომ 5G რადიოტალღების დახმარებით ვირუსები ერთმანეთთან რაღაცნაირად ურთიერთობენ და ასე პოულობენ ახალ-ახალ მსხვერპლს, რაც ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას.
იმ დროს, რადესაც 5G, მობილური კავშირის უფრო ადრეული თაობასთან შედარებით, მართლაც სხვა რადიოდიაპაზონს იყენებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტალღების ეს დიაპაზონი ასევე მიეკუთვნება არამაიონიზირებელ სპექტრს, ანუ არ ფლობენ საკმარის ენერგიას იმისათვის, რომ მოშალონ ადამიანის დნმ-ს ქიმიური კავშირები და დააზიანონ უჯრედები.
2020 წლის დასაწყისში მაიონიზირებელი გამოსხივებისგან დაცვის საერთაშორისო კომისიის წევრებმა დაასრულეს ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელმაც მოიცვა ყველა სამეცნიერო მასალა, რომელიც ამ პრობლემას ეხება.
მათი რეკომენდაცია თავად მობილური გაჯეტების გადამცემ სიმძლავრეთა უფრო მკაცრ შეზღუდვაში მდგომარეობს, რათა გადახურების შედეგად მომხმარებელმა არ მიიღოს დამწვრობა. ამასთან, რაც მთავარია, კომისიამ ასევე დაასკვნა, რომ ვერც 5G კავშირი და ვერც მისი წინამორბედები ვერანაირად ვერ გამოიწვევენ კიბოს ან სხვა დაავადებებს.
მეორე თეორია, როგორც ჩანს, ერთი ბიოლოგის, ნობელის პრემიის ლაურეატის შრომებს ეფუძნება, რომელში გამოთქმული მოსაზრების მიხედვითაც ბაქტერიებს რადიოტალღების წარმოქმნა შეუძლიათ. თუმცა, ამ თეორიას სამეცნიერო წრეებში მარგინალური რეპუტაცია აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, Covid-19-ს იწვევს ვირუსი და არა ბაქტერია.
ამ ორი თეორიის კიდევ ერთი დიდი ხარვეზი არის ის უბრალო ფაქტი, რომ კორონავირუსი ფართოდ გავრცელდა დიდ ბრიტანეთში, სადაც ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებენ 5G ანძები, და ირანსა და იაპონიაში, სადაც ამ ტექნოლოგიებისთვის მწვანე შუქი არც არის ანთებული.
(მოამზადა ნიკა ასლანიძემ, For.ge)
მობილური ტელეფონების გარიჟრაჟია და, რუსეთის ერთ პატარა ქალაქშიც აღმართეს ესეთი ანძა...
გავიდა ცოტა ხანი და კომპანიის ხემძღვანელობამ მიიღო ქალაქის ბინადართა კოლექტიური წერილი: რაც ეს ანძა დაგვიდგით აქ, მკვეთრად გაიზარდა ჩვენთან სხვადასხვა ავადმყოფობები... იმატა გულ-სისხლძარღვთა, ჰიპერტონიულმა, იშემიურმა, ონკოლოგიურმა სნეულებებმა... რამდენიმე ორსულს ნაყოფიც კი მოეშალა... მოკლედ, გაუსაძლისი გახდა აქ ცხოვრებაო!
კომპანიიდანაც არ დააყოვნა პასუხმა:
- ჯერე სადა ხართ!.. თქვენ მერე ნახეთ, რომ ჩავრთავთო!!!