ბორჯომის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინფიცირებულია ახალდაბის მკვიდრი 30 წლის კაცი, რომელიც სავარაუდოდ საბაჟოზე მუშაობდა და ინფიცირებულთან ჰქონდა შეხება. ის რამდენიმე დღის წინ მშობლებთან თბილისიდან ჩავიდა, შემდეგ კი ბაკურიანის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები ახლა მისი კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ.

საქართველოში კორონავირუსი 336 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.