მოსახლეობის სახლში გამოკეტვის შემდეგ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

მოსახლეობის სახლში გამოკეტვის შემდეგ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება საგრძნობლად შემცირდა. შესაბამისად, თანდათან საჭირო აღარ არის ძვირი იმპორტის გამოყენების აუცილებლობა და მალე აღარც თბოსადგურების მუშაობა გახდება საჭირო.

„სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციითაც, 9 მარტიდან ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი საქართველოს მასშტაბით, თებერვალთან შედარებით, შემცირებულია 4%-ით, შარშანდელთან შედარებით, თვის ჭრილში, შემცირებულია 7,6%-ით, დღის ჭრილში კი - 14% პროცენტით.

„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დირექტორის ირინა მილორავას აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა, ეს შემდეგი გზით აისახება - ელექტროენერგიის შესყიდვის კალათა, პირველ რიგში, ძვირიანი ელექტროენერგიის წილი შემცირება. ძვირიანი ელ.ენერგიაა, პირველ რიგში, იმპორტირებული და შემდეგ თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული. შესაბამისად, წესით, ელექტროენერგიის შესყიდვის კალათა, როგორც ენერგეტიკულ საწარმოებს, ასევე დიდ მომხმარებლებს უნდა გაუიაფდეთ.

„რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს - გახსოვთ, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი ძირითადად ორი კომპონენტისგან შედგება - ეს არის ელექტროენერგიის პროდუქტის ფასი და მეორე, ინფრასტრუქტურის გადასახადი: განაწილების, დისპეტჩერიზაციის და განაწილების ტარიფები. თუ იმპორტირებული ელექტროენერგიისა და თბოსადგურების წილი მოხმარებაში შემცირდება, ეს აისახება ელ.ენერგიის შესყიდვის ტარიფზე, მაგრამ გარკვეული ცვლილებები იქნება აუცილებლად ინფრასტრუქტურულ ნაწილში. საბოლოოდ რა შედეგი დადგება სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით, ეს უკვე წლის ბოლოს გამოჩნდება“, - განმარტა ირინა მილორავამ.

ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დამფუძნებლის მურმან მარგველაშვილის აზრით, მოხმარების შემცირების შედეგად მოსახლეობისთვის, სავარაუდოდ, არაფერი შეიცვლება.

„მოსახლეობისთვის ფასი, სავარაუდოდ, არ შეიცვლება, თუმცა ვალუტის გაუფასურებამ, წესით, უნდა იმოქმედოს მისი გაზრდის მხრივ, მაგრამ როგორც სემეკმა გამოაცხადა, ისინი სამწლიან პერიოდებს (სამომხმარებლო ტარიფი სამი წლის ვადით არის დამტკიცებული) იცავენ. ამ შემთხვევაში, ტარიფი შეიძლება მაინც იყოს გადასახედი იმის გამო, რომ გაცვლითი კურსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. არ ვიცი, როგორი მოლაპარაკებები აქვთ გამანაწილებელ კომპანიებთან, შეუძლიათ თუ არა გამანაწილებლებს თავისი საქმიანობის უწყვეტად გაგრძელება ამ შეცვლილი კურსის პირობებში, მაგრამ ნომინალური ტარიფი მოსახლეობისთვის არ უნდა შეიცვალოს, რადგან სემეკს დადგენილი აქვს სამი წლით.

საერთოდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმედია, ეს დროებითი, რამდენიმეთვიანი მოვლენაა. ალბათ, ეკონომიკას გაუჭირდება სწრაფად დაბრუნება მის წინანდელ მოხმარების დონეზე და ბრუნვაზე, ამიტომ რაღაც პერიოდი იქნება შემცირებული მოხმარება, მაგრამ თუ ჩვენ განვითარება გვინდა, მოხმარების წინა მაჩვენებლებს უნდა დავუბრუნდეთ. გრძელვადიან პერსპექტივაში, მაინც მოხმარების ზრდას უნდა ველოდოთ და უნდა გვინდოდეს კიდეც და ამ შემთხვევაში, იაფი ენერგიის წილი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რაც იყო ამ ვირუსამდე“, - განუცხადა „ბიზნეს-მედიას“ მარგველაშვილმა.

ელექტროენერგიის მოხმარების და ღირებულების შემცირება როგორ აისახება გენერაციის ობიექტების შემოსავლებსა და საინვესტიციო გარემოზე, ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი საუბრობს. მისი თქმით, მოხმარების შემცირება ლოგიკურია და ეს სამომავლოდ, კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება, რადგან საწარმოების ნაწილი მუშაობას ვერ გააგრძელებს.

„საწარმოები აჩერებენ მუშაობას ან უკვე შეაჩერეს. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა შემცირდება. ეს კი ფასის ვარდნას გამოიწვევს, რაც ასევე არასასიამოვნო სიგნალია იმ ინვესტორებისთვის, ვინც ფიქრობენ ჩვენს ქვეყანაში, ენერგეტიკაში ინვესტირებას, ვინაიდან ახლა ხდება ბაზრის დერეგულირება, თუმცა, გასაგებია, რომ ეს ფორსმაჟორია.

ყურადღებაა მისაქცევი, რომ არ შეიქმნას გარკვეული პრობლემები, მათ შორის გადახდისუუნარობის ნაწილში, ანუ არ აღმოჩნდნენ ისეთი მსხვილი მომხმარებლები, რომლებიც ელექტროენერგიის დავალიანების დროულად დაფარვას ვერ შეძლებენ და აქედან გამომდინარე, ესკო-მ გენერაციისთვის ვერ შეძლოს თანხის გადახდა. ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია“, - განაცხადა აბრამიშვილმა.