ურუგვაის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა პაოლო მონტერომ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ზინედინ ზიდანთან ურთიერთობა გაიხსენა. გარდა ამისა, ურუგვაელმა „ბებერი ქალბატონში გატარებული პერიოდისა და ამჟამინდელი გუნდის შესახებ ისაუბრა.
„იუვენტუსში“ რომ გადავედი, გუნდს ჩემპიონთა ლიგა ერთი თვის, თვენახევრის მოგებული ჰქონდა. საოცარი ემოცია იყო ვარსკვლავების გვერდით ცხოვრება და ვარჯიში, იქ ვისწავლე თავმდაბლობა. დიახ, ზიდანთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა. ის და დელ პიერო თამაშების ბედს ჩვენს სასარგებლოდ ჩარხავდნენ. ზიზუ ყველაზე უბრალო და თავმდაბალი იყო, ვისაც შევხედრივარ, არაჩვეულებრივი ადამიანი. „იუვეში“ თავიდან გაუჭირდა და შეეძლო იანვარშიც წასულიყო, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ძალიან მორცხვი იყო, გასახდელში არაფერს ამბობდა, მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის. იტალიაში ბევრი დიდი ფეხბურთელის გვერდით მითამაშია, ზიდანი, დელ პიერო, დეშამი, ფერარა, პერუცი, ჩემს ეპოქაში და იმ დეკადში მსოფლიო დონის ფეხბურთელები იყვნენ.
იბრაჰიმოვიჩი ძალიან უცნაური, მაგრამ ერთგული ადამიანი იყო. ცოტას საუბრობდა და ბევრს საქმეს აკეთებდა. ედგარ დავიდსი გავდა უცნაურობაში. ორი-სამი თამაშის წაგება და დავიდსი ერთი თვე ხმას არ გვცემდა. გული მწყდება, რომ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოვიგეთ, ჩემს პერიოდში ფინალში სამჯერ გავედით და ყველაზე მეტად „რეალთან“ წაგებას ვერ ვხსნი, შემდეგ კი „დორტმუნდთან“.
ფინალის მოსაგებად იღბალიც საჭიროა, „იუვე“ „ბარსელონასთან“ ფინალის მეორე ტაიმში ნახევარი საათი დომინირებდა, მაგრამ ვერ გაიტანა და მეტოქის პირველივე ნორმალური შეტევა გოლით დასრულდა. იღბალს მნიშვნელობა აქვს, რადგან არიან გუნდები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგა დაუმსახურებლად მოიგეს.
ამჟამად „იუვენტუსს“ ორი ისეთი მცველი ჰყავს, რომლებიც უკვე გუნდის ისტორიაში არიან, ორიც კი მომავალში იქნება. დე ლიხტი ნადვილი ჩემპიონია და ყველაფერი აქვს მოსამატებლად. ისევე, როგორც დემირალს. მათ შეუძლიათ „იუვენტუსი“ მომავლის დაცვის ცენტრალური წყვილის შექმნა.
ყველა ყოფილი ფეხბურთელი ოცნებობს „იუვენტუსის“ მწვრთნელობაზე, მაგრამ ეს ძალიან შორეული ოცნებაა. ძალიან ცოტა ყოფილი მოთამაშეა, რომელმაც ეს შეძლო, მაგრამ ცხადია, რომ მომეწონება", - აღნიშნა მონტერომ.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი „იუვენტუსის“ ღირსებას 1996-2005 წლებში თამაშობდა და 278 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა. სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, „ბოკა ხუნიორსს“ „კოლონსა“ და „როსარიო სენტრალს“ წვრთნიდა, ხოლო ახლა „სამბენედეტეზეს“ თავკაცია.