ზვიად გამსახურდია - „პრეზიდენტი ვარ თუ პოლიციელი?“

ზვიად გამსახურდია - „პრეზიდენტი ვარ თუ პოლიციელი?“

(იბეჭდება შემოკლებით)

„ასავალ-დასავალის“ დღევანდელ ნომერში მრგვალ მაგიდასთან ცნობილი კრიტიკოსი და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მრჩეველი ერთა შორის ურთიერთობის საკითხებში, პროფესორი გიორგი გაჩეჩილაძე ისაუბრებს.

„ზვიად გამსახურდია და საქართველოს საგარეო პოლიტიკა“ - ეს იქნება ჩვენი საუბრის თემა...

ბატონო გოგი, თქვენ იყავით ზვიად გამსახურდიას მრჩეველი ერთა შორის ურთიერთობის საკითხებში. იყო თუ არა იგი შინაგანად მზად დასავლეთთან, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სათანამშრომლოდ?

- ზვიადის მთელი მოქმედება სწორედ დასავლეთზე იყო ორიენტირებული და განსაკუთრებით მას აშშ-ის იმედი ჰქონდა! იყო, რასაკვირველია, ლაპარაკი ევროპაზე, მაგრამ, რაკი წინა საუკუნეებში ევროპისგან არაერთხელ აღმოვჩნდით გაწბილებულნი, საუბრებში ბევრჯერ გაგვიმეორებია ცნობილი ფრაზა - ევროპა არის ბებერი მეძავი, რომლის იმედად ყოფნაც საქართველოს არაფერს არგებს! დიახ, ზვიად გამსახურდიას ამერიკის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, უპირველესად!...

 ბატონო გოგი, ბრძანეთ, რომ ზვიადს დასავლეთისა და უპირველესად, ამერიკის იმედი ჰქონდაო. როდის გაუწბილა პირველად გამსახურდიას ამერიკამ იმედი?

- 1889 წელს ილია ჭავჭავაძემ დაწერა უცნაური წერილი - „ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი“. ეს წერილი ილიას თხზულებათა ყველა კრებულშია შესული, მაგრამ არცერთ პოლიტიკოსს, ლიტერატორს თუ პუბლიცისტს მისთვის ჯეროვანი ყურადღება არ მიუქცევია. რა წერია ამ წერილში? წერია ის, რაც მოხდა და რაც ხდება - დედა ეტირება ევროპას, დედა ეტირება რუსეთს, მსოფლიოს მომავალი მეთაური იქნება ამერიკის შეერთებული შტატები! 1895 წელს, ამ წერილის დაწერიდან ექვსი წლის შემდეგ, ამერიკა ეკონომიკური მაჩვენებლებით პირველ ადგილზეა მსოფლიოში! გესმით, რა წინასწარმეტყველთან და გენიოსთან გვაქვს ილიას სახით საქმე?

ანდა ავიღოთ 1879 წელს ილიას მიერ გამოქვეყნებული წერილი, - „შინაური მიმოხილვა“, სადაც ამბობს - „ჩვენ, ქართველები საჭირონი ვართ არა ჩვენი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც“!... თუ არ იცი მსოფლიო გეოპოლიტიკა, შეუძლებელია ამ სიტყვების შინაარსს ჩასწვდე. ამას წერს კაცი იმ დროს, როცა საქართველო ფიზიკურად არ არსებობს, მხოლოდ ორი გუბერნიაა - თბილისისა და ქუთაისის, მაგრამ არსებობს ერთიანი საქართველოს განცდა, რომლის გარეშეც წინა აზიისა და კავკასიის კონტროლი წარმოუდგენელია. ეს წერილი - „ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი“ ზვიადს ჩემეული თვალთახედვით გავაცანი მაშინ, როცა მან სარეცენზიოდ გადმომცა ეკონომიკის სამინისტროში მომზადებული ერთი დიდი ტომი ნავთობსადენის საქართველოზე გატარების შესახებ. დავწერე ერთგვერდიანი რეცენზია, სადაც მივუთითე, რომ ეს ნავთობსადენი ევროპისა და ამერიკის კოლექტიური უსაფრთხოების სისტემისკენ მიმავალი გზა იქნებოდა, რაც დაადასტურებდა ილიას ასი წლის წინანდელ ნააზრევს - მსოფლიოს მომავალი ლიდერი იქნება ამერიკა!  აი, სწორედ მაშინ ვილაპარაკეთ მე და ზვიადმა ილიას ზემოხსენებულ წერილზე... ახლაც მახსოვს ზვიადის წამოძახილი - „ამინ“! გამომართვა კალმისტარი და მოაწერა ხელი.

 ერთ-ერთი მთავარი ბრალდება, რასაც ზვიადს უყენებენ, ის გახლავთ, თითქოს, გამსახურდია ვერ გამოვიდა დისიდენტობის რეალობიდან და ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკოსად. ამაზე რას იტყვით, გოგი?

- ეს არის დიასახლისის დონეზე მოაზროვნე „პოლიტიკოსების“ აზრი!... ზვიადი ბუნებით სიმართლის მატარებელი, სიმართლის მაძიებელი და გულწრფელად მორწმუნე კაცი იყო... ძალიან ხშირად ჩემი და ზვიადის საუბრის თემა იყო სიმართლის ძიებასა და სიმართლის განხორციელებას შორის არსებული უფსკრული...

სამწუხაროდ, ზვიადი იყო დღევანდელი დღის პოლიტიკოსი, უფრო ადრე დაბადებული, რომელმაც წინ გაუსწრო თავის ეპოქას და მისი უკლებლივ ყველა პოლიტიკური პროგნოზი სიტყვასიტყვით აუხდა, როგორც საქართველოს, ისე დანარჩენ მსოფლიოს!... მეწვრილმანე, დღევანდელი კვერცხის მაძებარ საზოგადოებას აღიზიანებდა ზეგინდელი დღის პრობლემატიკაზე მოლაპარაკე ზვიადი, ისევე, როგორც მე გამაღიზიანა მისმა ფრაზამ, - „თუ ისინი ტყვიებს გვესვრიან, ჩვენ ყვავილები ვესროლოთო“! მე თუ მკითხავთ, ჩემსა და ზვიადს შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კამათის ის გახლდათ, რომ რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მეჭირა შეიარაღებული პუტჩისტების მიმართ. როდესაც დააპატიმრეს რამდენიმე ე. წ. პოლიტიკური მოღვაწე, სუკის თანამშრომელი და აშკარა მოღალატე...

როცა ისინი დაიჭირეს, ზვიადის მდივანი - ლალი მაისურაძე დილით მირეკავს, - ზვიადი გიბარებსო! მივედი, შევიტყვე ამათი დაპატიმრების ამბავი და შევედი ზვიადის კაბინეტში.

პირველ ფრაზას ზვიადი მეუბნება, - გოგი, გამაგებინე, მე პრეზიდენტი ვარ თუ პოლიციელი? ვალტერის გასაგონად ვამბობ, ვალტერ, ზვიადს სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა ე. წ. „კარგი ბიჭობის“ კომპლექსი. დიახ, მას არ უნდოდა იმ ხალხის დაჭერა, ვისაც იცნობდა, ვისთანაც მეგობრობდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სახელმწიფო დამნაშავეები იყვნენ.

ზვიადის ფრაზამ გამაღიზიანა და პირდაპირ ვუთხარი, - დავით აღმაშენებლის ადგილი გიკავია და თუ არ შეგიძლია ამ ტვირთის ზიდვა, მაშინ დაანებე თავი და წადი შენს გზაზე! ქართველი ხალხის 87-მა პროცენტმა მოგცა ხმა, ქვეყანა შენს იმედზეა, შენ კიდევ მეუბნები, - „პრეზიდენტი ვარ თუ პოლიციელი“. თუ არ გაქვს შნო, წადი, ხოლო თუ გაქვს შნო, მაშინ ეს გააკეთე, სახელმწიფო დამნაშავეები დაიჭირე და მერე „გალობანი სინანულისანი“ დაწერე-მეთქი! გაეცინა... - ეგრე მოვიქცევი! - მითხრა.

ბატონო გოგი, ერთი სიტყვით, თქვენ იმის მომხრე იყავით, რომ საქართველოს მოღალატეებისა და შეიარაღებული პუტჩისტების ბუდე დროულად გაენადგურებინა პრეზიდენტს?

- დიახ, სხვანაირად სახელმწიფო არ იმართება! ზვიადის დროს საქართველოს ჰყავდა არა ოპოზიცია, არამედ კონტრელიტა, რომლის მიზანიც სახელმწიფოს დაშლა იყო.

თუ შეიძლება, უფრო კონკრეტულად!

- ქართველი მწერლები და პოეტები უმღეროდნენ ტრაქტორებსა და კომბაინებს, მაგრამ გელაპარაკებოდნენ ილიასა და ვაჟას სახელით. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ, როცა ერთმა მწერალმა რიხით განაცხადა, - მე ილიას გზას ვადგავარო, მეორემ უთხრა, - შენ მაშინ წიწამურთან უნდა იყო მოკლულიო!

საქმე საქმეზე როცა მიდგა, აღმოჩნდა, რომ კონფორმიზმი, პირადი კეთილდღეობა ისეთი მაცდური და გადაულახავი ბარიერია ელიტისთვის, რომ იგი უფრო მაღლა დგას, ვიდრე სამშობლოს თავისუფლება, ანუ, ძალიან კარგია ფილმის გადაღება სამშობლოს სიყვარულზე, მაგრამ ძალიან ძნელია, სამშობლოს სიყვარულისთვის ცოტა ხნით უარი თქვა „მოსფილმიდან“ დაფინანსებაზე.

დიახ, ხალხმა მხარი დაუჭირა ზვიადს! ვუთხარი კიდეც მას, - დავით აღმაშენებელს არ ჰქონია ისეთი მხარდაჭერა, როგორიც შენ გაქვს-მეთქი! დრო არის ქვიშის საათივით, დრო უნდა გამოიყენო მაქსიმალურად. ჩვენ გვქონდა დათვლილი დღეები, ზვიადმაც შესანიშნავად იცოდა ეს და არც მე ვარ ისეთი მიამიტი, რომ ეს არ მეგრძნო. ზვიადს წინ აღუდგა, იცით, ვინ? ვინ და, ვისი იმედიც ყველაზე მეტად უნდა ჰქონოდა-ელიტა! ელიტამ გაყიდა თავისი ერი! ელიტა მხარში ამოუდგა საკუთარ ქვეყანაში დამპყრობი ქვეყნის ჯარის შემომყვან ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებამაც ანუ შევარდნაძემ მადლობა გადაუხადა ქართულ ინტელიგენციას, რომელმაც იარაღი აიღო ხელში დემოკრატიის დასაცავად.