„თუ რუსეთმა, ყაზახეთმა, უკრაინამ ხორბალი არ მოგვაწოდა, სექტემბერ-ოქტომბერში პურზე რიგები დადგება“

„თუ რუსეთმა, ყაზახეთმა, უკრაინამ ხორბალი არ მოგვაწოდა, სექტემბერ-ოქტომბერში პურზე რიგები დადგება“

კორონავირუსის გადამკიდე, ბოლო დროს ადამიანები სოფელში დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ. უმრავი ხალხი ბრუნდება უცხოეთიდან და მათი დასაქმების ერთადერთი შანსი შეიძლება გახდეს არა ისევ უცხოეთში დაბრუნება, სადაც, სავარაუდოდ, საზღვრები ასე გაშლილი აღარ იქნება, არამედ საკუთარ სოფლებში დაბრუნება. რა პერსპექტივა აქვს ჩვენს სოფლის მეურნეობას ამ თვალსაზრისით? ამის შესახებ For.ge-ს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გაეროს სერთიფიცირებული ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილი ესაუბრა.

- კორონავირუსს უარყოფითთან ერთად აქვს დადებითი მხარეც. პირველი დადებითი მხარე ის არის, რომ დედამიწის, მათ შორის, საქართველოსა და კონკრეტულად თბილისის ჰაერი დაბინძურებისგან გაიწმინდა. საქართველოს მთავრობა და ხალხი მიხვდა, რომ სოფლის მეურნეობის დარგს უფრო მეტი ყურადღება სჭირდება, ასჯერ მეტი ყურადღება, ვიდრე ტურიზმს. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, სოფლის მეურნეობაში დაუმუშავებელი სახნავი მიწები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დამუშავდეს. მთავრობა იძულებული გახდება, რადიკალური ღონისძიებები მიიღოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოქტომბერში, შემოდგომაზე საქართველოში პურის შიმშილი იქნება.

ძალიან კარგია, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი დადის სუპერმარკეტებში და პროდუქტების ფასებს აკონტროლებს, რათა არ გაძვირდეს პროდუქცია, მაგრამ უკეთესი იქნება, მან იაროს სოფელ-სოფელ და შეამოწმოს, როგორ მიმდინარეობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების სამუშაოები, იხვნება თუ არა ნიადაგები, მზადდება თუ არა მიწა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დასათესად.

თქვენი ინფორმაცია როგორია, იხვნება მიწები საქართველოში?

- ვისაც დაველაპარაკე, ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან ცუდი ამინდებია დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად გურიაში და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები გაჩერებულია. ხალხი ისეა დაპანიკებული, მეზობელი მეზობელთან არ გადის, ტრაქტორისტი გარეთ არ გადის და როგორ დაიწყებოდა სამუშაოები?! ეს გურიის ერთი სოფლის მონაცემებია, სხვაგან არ ვიცი, რა ხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარტო თესვას კი არ უნდა მიხედოს, უნდა გაანალიოზოს, როგორ ჩაიარა მეცხოველეობის დარგში გამოზამთრებამ; პირუტყვი მომზადებულია თუ არა საგაზაფხულო საძოვრებისთვის. მთელი რიგი დარგებია შესასწავლი, მათ შორის, ისიც, ხდება თუ არა ვენახების დამუშავება. ტელევიზიაში 24-საათიან რეჟიმში გაიძახიან კორონა, კორონა. არავინ არ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობაში რა ხდება.

ყველაზე მეტი მიგრანტი საქართველოს რეგიონებიდან იყო წასული საზღვარგარეთ. როგორ ფიქრობთ, სამშობლოში დაბრუნებისას ამ ადამიანებს შეცვლილი სურათი დახვდებათ და სოფლისკენ გული გაუწევთ?

- ძალიან კარგია, რომ ქართველი ემიგრანტები დაბრუნდნენ. თუ ისინი სოფლებში დაბრუნდებიან, იქ გაჩერდებიან და უკან აღარ წავლენ, შესაბამისი პირობებიც უნდა დახვდეთ. თუ ხელი არ შევუწყეთ სოფელს, სოფლად გზა არ გავიყვანეთ, სინათლე არ მივეცით, გაზი და, რაც მთავარია, წყალი არ მივეცით, ისე არაფერი გამოვა. ადამიანი რომ ჩავა სოფელში და ნახავს, არც კლუბია, არც ამბულატორია, არც ექიმი, არაფერი არ არის, ცხადია, ვერ გაჩერდება. ამიტომ კარგია, რიკოთის გზის მშენებლობაზე მილიარდი რომ იხარჯება და კაპიტალურ ნაგებობებზე იხარჯება ფულები, მაგრამ ჯერ მივხედოთ სოფლის მეურნეობას, სოფლის ინფრასტრუქტურას, დავამაგროთ ხალხი სოფლად, რომ განვითარდეს ეს დარგი და მერე მივხედოთ გზებსა და კომფორტს.

როგორც ვიცი, ჰექტრობით მიწები სახელმწიფოს საკუთრებაშია. ეს მიწები ხომ არ უნდა გადაეცეს მსხვილ მეწარმეებს, რათა მათ მაინც უშველონ სოფელს? ზოგადად, რა თანხა უნდა ჩაიდოს სოფლის მეურნეობაში?

- სახნავი მიწების დიდი რაოდენობა უკვე კერძო საკუთრებაშია. რაც შეეხება თანხებს, მილიარდ ლარამდე უნდა ჩაიდოს სოფლის მეურნეობაში. ადრე ჩადეს მილიარდი და წყალში გადაყარეს ეს ფული, ამიტომ უთავბოლოდ არ უნდა ჩაიდოს თანხები. იმ ფერმერებს, რომელთაც დიდი ფართობები აქვთ, დახმარება უნდა გაუწიონ. სოფლის მეურნეობის დარგი უნდა განვითარდეს პროტექციონიზმის გზით. ძალიან კარგია მოცვი, მაყვალი, ჟოლო და ზეთისხილი, მაგრამ, პირველ რიგში, სტრატეგიულ კულტურას უნდა მივხედოთ - ხორბალს, მარცვლეულ კუტურებს, თორემ აგერ რუსეთმა განაცხადა, ჩვენ საკუთარი რეზერვები უნდა შევქმნათო. თუ რუსეთმა, ყაზახეთმა, უკრაინამ ხორბალი არ მოგვაწოდა, სექტემბერ-ოქტომბერში პურზე რიგი დადგება. გაიხსენეთ წინა წლები, დილის 6 საათზე ხალხი დგებოდა, ბაღლინჯოიან პურს ყიდულობდა, კომბინირებული საკვებით აცხობდნენ პურს. მარცვლეულში ყველაფერი შედის: ხორბალი, სიმინდი, ქერი, შვრია. ქერი და შვრია განავითარებს მეცხოველეობის დარგს. ამიტომ მთავარია მივხედოთ საქართველოს სტრატეგიულ კულტურას-მარცვლეული დარგის განვითარებას და მერე მივხედოთ მაყვალს, ჟოლოს, მოცვს, ზეთისხილს. მარცვლეული კულტურების დარგის განვითარება ხელს შეუწყობს მეცხოველეობის დარგის განვითარებას. აღარ დაგვჭირდება კომბინირებული საკვების ყიდვა დოლარებზე. როცა აღარ დაგვჭირდება ხორცისა და რძის ყიდვა საზღვარგარეთიდან დოლარებზე, თავისთავად ცხადია, გამოთავისუფლებული ფული უნდა ჩავდოთ ბოსტნეული კულტურების და მარცვლეული კულტურების განსავითარებლად, პირველ რიგში, კარტოფილის, პომიდვრის, ხახვის მოსაყვანად. ხახვი უკვე 2.5-ლარნახევარი გახდა. თურქეთიდან შემოტანილი ნიორი კი 25 ლარი გახდა.

         

 

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურიაში სახნავ სათესად ძალიანაც კარგი ამინდებია! მხვნელ-მთესველი არ ჩანს მხოლოდ! საღათას ძილს მოუცავს აქაურობა!
4 წლის უკან
DDDzia გურია რა მოსატანი არის ამ ტექსტში? როდის იყო, რომ გურიაში ხორბალი მოდიოდა?
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli " ვისაც დაველაპარაკე, ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან ცუდი ამინდებია დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად გურიაში და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები გაჩერებულია. ხალხი ისეა დაპანიკებული, მეზობელი მეზობელთან არ გადის, ტრაქტორისტი გარეთ არ გადის და როგორ დაიწყებოდა სამუშაოები?! ეს გურიის ერთი სოფლის მონაცემებია, სხვაგან არ ვიცი, რა ხდება. "
მე ამ პატივცემული კაცის ამ ნათქვამს ვუპასუხე.
ისე ხორბალი ბოლო 80 წელია არავის მოუყვანია (ადრე არ ვიცი რა ხდებოდა?) მაგრამ სიმინდი? სიმინდი დიდებული მარცვლოვანი კულტურაა! 1 მარცვალს დათესავ და 1 ძირი სიმინდი რომ ამოვა იმაზე 1 (2-3-ს არ ვამბობ) საშუალო ზომის ტარო რომ იყოს 500 ახალი მარცვალი იქნება!!! 500!!! 2 ტაროზე 1000 მარცვალი!!! ე.ი. 1 კილოგრამს რომ დათესავ თუ ნორმალურად მოუვლი და ამინდმაც მოგცა 750-1000 კილოგრამი მოსავალი უნდა მოგივიდეს! თუ სიმინდი გაქვს, გაქვს საკუთარი საკვები (მჭადი, ღომი), ქათმის, ღორია, საქონლის საკვები (ჩალა, კომბიკორმის მასალა). სიმინდი მაგარი რამეა, მაგრამ სამწუხაროდ ადამიანის გარეშე არ მოდის! ადამიანები კი თუ ვინმე დარცა ან ჟურნალისტია ან დიქტორი ან პოლიტოლოგი ან პოლიტიკას მიკედლებული, ან პარლამენტარი და ცხოვრობენ თბილისში!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სიმნდის ზეთი?! გამომრჩა! სიმინდის ზეთი მაგარია!
4 წლის უკან
ლაზი საგაზაფხულო სამუშაოებისათვის ნამდილად ცუდი ამინდია დასავლეთ საქართველოში. ეს ნამდვილად პრობლემაა. ხალხიც დაპანიკებული და დაბნეულია. თუ ქვეყანა არ გამოცოცხლდა და ხალხმა საქმის კეთება არ დაიწყო ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდებით, მაგრამ რუსეთი და ყაზახეთი რატომ არ მოგვაწვდიან ხორბალს გაუგებარია. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება თუ იქ ხორბალი დათესილი არ აქვთ, რაც ნაკლებად სავარაუდოა რადგან საშემოდგომო თესვის დროს არანაირი პრობლემა არ არსებობდა. ჩვენნაირი საყოველთაო უძრაობა იქ არც ახლაა გამოცხადებული და იმედია არც მოსავალს დატოვებენ აუღებელს. ვირუსი ხორბლის მოხმარებას ვერანაირად ვერ გაზრდის, მაგრამ თუ ყველა გულხელდაკრეფილი ვიჯდებით სახლებში და მიწას არ დავამუშავებთ, შარშანდელზე ორჯერ მეტი ხორბალიც რომ მოგვაწოდონ მაინც არ გვეყოფა, რადგან ქათამს ღორს და საქონელს ნაყიდი ხორბლით ვერ გამოვკვებავთ. უამისოდ კი შიმშილი გარდაუვალია.
დრო არ ითმენს. მთავრობა რატომღაც სოფლის საკითხს არ ააქტიურებს. დაზაფრული ხალხი კი "დარჩი სახლში"-ს ემორჩილება და შემდეგ მითითებებს ელოდება. ალბათ თვლიან, თუ სახლებში დაგვაჯინეს, ჩვენს გამოკვებაზეც ექნებათ ნაფიქრიო.
4 წლის უკან