იტალიის ნაკრების, „იუვენტუსისა“ და „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ ჯენარო გატუზოსა და კახა კალაძის პატარა ისტორია გაიხსენა. Sky Sport-თან ინსტაგრამზე ინტერვიუში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა განაცხადა, რომ ქართველმა რინოს ლოკოკინა აჭამა.
„რინოზე ხუმრობები დაუვიწყარია. ჩვენ ვხუმრობდით იმ თევზზე, რომელიც მილანელოზე მოიტანა და ვამბობდით, რომ ახალი არ იყო. ერთხელ ვარჯიშზე კალაძესთან სანაძლეო წააგო და მთელი ლოკოკინა შეჭამა“, - გაიხსენა ძამბროტამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ კალაძე-გატუზოს კიდევ ერთი ისტორია ინსტაგრამის პირდაპირ ეთერში მასიმო ამბროზინიმ და ანდრეა პირლომ გაიხსენეს.
ძამბროტა და კალაძე კი „მილანში“ თანაგუნდელები 2008-2010 წლებში იყვნენ, გატუზოსა და წაგებული ლოკოკინას ისტორიაც ამ პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს.