„არის რისკი, რომ საკვები შეიძლება მთელ მსოფლიოში დეფიციტი გახდეს“

„არის რისკი, რომ საკვები შეიძლება მთელ მსოფლიოში დეფიციტი გახდეს“

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ეპიდემიის გამო ტურისტულმა ბიზნესმა კრახი განიცადა, დღის წესრიგში დადგა ფერმერული მეურნეობების განვითარება. რა რესურსი აქვს საქართველოს ფერმერული მეურნეობის წასახალისებლად და, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, თუ აკეთებს სახელმწიფო რამეს ამ მიმართულებით?

ამის შესახებ For.ge-ს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ესაუბრა.

მიგრანტების დაბრუნების პარალელურად უფრო აქტუალური ხომ არ გახდება სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა?

- დაახლოებით მილიონნახევარი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა წასული უცხოეთში, მათი უმეტესობა სწორედ რეგიონებიდანაა და ბევრია ქალი მიგრანტი. ეს ადამიანები სულ მწერდნენ ხოლმე სოციალურ ქსელში, რომ, როდესაც დაბრუნდებოდნენ საქართველოში, პირველი, რასაც დაიწყებდნენ, ფერმერული მეურნეობის მოწყობა იყო. ჩვენი მიგრანტები ხვდებიან, რამდენად მნიშვნელოვანია ნატურალური და ხარისხიანი პროდუქტის წარმოება. მე არ ვიცი დღეს როგორ პირობებში ბრუნდებიან ემიგრანტები, ვიცი ის, რომ მათ დიდი ფინანსური გაჭირვება აქვთ, მაგრამ, თუ სახელმწიფო მათ მხარს დაუჭერს, განსაკუთრებით, ქალის როლს გააძლიერებს, მაშინ ბევრი აუთვისებელი მიტოვებული მიწა ამ ქალების წყალობით შეიძლება გადარჩეს. 90-იან წლებში ზუსტად ქალებმა გადაარჩინეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა.

თუ ეხმარება სახელმწიფო ფერმერებს ამ კრიტიკულ სიტუაციაში?

- ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ყოველდღიურ კომუნიკაციაშია როგორც ფერმერებთან, ასევე, ჩვენთან. ცხადია, ახლა უფრო მეტი ფერმერული მეურნეობა უნდა განვითარდეს. ერთადერთი გამოწვევა, რაც დღეს აქვთ ფერმერებს, ეს არის კაპიტალზე ხელმისაწვდომობა. ბანკები ისედაც რთულად აკრედიტებდნენ სოფლის მეურნეობას და ახლა უფრო რთულია ამის გაკეთება. ასევე, ფერმერებისთვის გამოწვევაა ისიც, რომ რამდენადაც კარგი ზამთარი გვქონდა, იმდენად სოფლის მეურნეობისთვის მძიმე ზამთარი იყო, რადგან არც თოვლი, არც წვიმა არ ყოფილა და გვალვებია მოსალოდნელი. ახლა მიმდინარეობს საგაზაფხულო ხვნა-თესვის პერიოდი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურადაა ჩართული, რომ შეფერხება არ მოხდეს. დაშვებულია გამონაკლისები და, რაც სოფლის მეურნეობის განვითარებას უწყობს ხელს, მათ შორის, პესტიციდების, გვარჯილის მაღაზიები, ისინი განაგრძობენ მუშაობას. მუშაობენ სასურსათო მაღაზიებიც. ეს ფერმერებს ხელს უწყობს, შეუფერხებლად ჰქონდეთ საგაზაფხულო ხვნა-თესვის პერიოდი.

30 მარტის დადგენილებიდან გამომდინარე, ფერმერული მეურნეობებისთვის იქნება საშვები, რადგან კონკრეტული ფერმერები მოშორებით არიან, პირუტყვი ჰყავთ მოსაწველი, ამაზეც იქნება გარკვეული შეღავათები, რომ არ შეფერხდეს ფერმერული მეურნეობები. ცოტა სხვაგვარად უნდა დაიწყოს სახელმწიფომ ხედვა სასურსათო უსაფრთხოების ნაწილშიც, უფრო მეტი ფულის კონსოლიდირება უნდა მოხდეს ხილისა და ბოსტნეულის შემნახველებში, სამაცივრო მეურნეობებში, რომ ქვეყანას თვითკმარი პროდუქტი, რეზერვი ჰქონდეს. საქართველო არ არის გამონაკლისი, მთელი მსოფლიო იწყებს ახლებურ ხედვას თავისი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, საკვები პროდუქტის უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ჩვენთან უნდა დაიწყოს ისეთი კულტურების მოყვანა, რომელიც ასეთი მძიმე სიტუაციის დროს გამოგვადგება. კარგია, რომ ჩვენც ფერხულს ვუწყობთ იმ განვითარებულ ქვეყნებს, რომლებმაც ცოტა სხვაგვარად დაიწყეს აზროვნება.

თუ გავითვალისწინებთ, რომ, სავარაუდოდ, იმპორტი უკვე შემცირდება, ეს ალბათ ჩვენს მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება.

- გამორიცხული არ არის, იმპორტი შემცირდეს, რადგან ყველა ქვეყანა უკვე თვითკმარი პროდუქტის წარმოებას იწყებს. ერთი დამამშვიდებელი მოსახლეობისთვის არის ის, რომ ახლა სასურსათო დეფიციტის ქვეშ არ ვართ, რადგან მომარაგებული იყო პროდუქტი, ვინაიდან იწყებოდა ძალიან დიდი ტურისტული სეზონი. შესაბამისად, ბიზნესებიც მზად იყვნენ, ფერმერებიც მზად იყვნენ. ცოტა სხვა კუთხით უნდა დავიწყოთ სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში ფიქრი იმაზე, როგორ უნდა განვითარდეს ფერმერული მეურნეობები, საერთაშორისო ტექნოლოგიები როგორ უნდა დაინერგოს უფრო სწრაფი რეჟიმით. ანუ იმაზე, რაზეც აქამდე ნელა ვფიქრობდით, ახლა სწრაფად უნდა ვიფიქროთ.

ექსპერტები ამბობენ, რომ უხარისხო პროდუქცია შემოდიოდა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, რაც ჩვენი გლეხების ნაწარმის დაკნინების ხარჯზე ხდებოდა. 21-ე საუკუნეში, როცა ბიოლოგიური ბრძოლის იარაღს ასე აქტიურად იყენებენ, რომელ ფერმერულ მეურნეობას ანიჭებთ უპირატესობას? სასურსათო უსაფრთხოება როგორ უნდა მოვიპოვოთ?

- ასე ვერ ვიტყვით, რომ პროდუქცია მხოლოდ თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან შემოდიოდა. ჩვენი ქვეყანა აწარმოებს თვითკმარ პროდუქციას, როდესაც ამის სეზონია, თუმცა მერე, როდესაც შემნახველები აღარ გვაქვს, უკვე ვიწყებთ პროდუქციის იმპორტს. სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია ხორბლის წარმოება, რომ გარდამავალი რესურსები იყოს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ხარისხიანი ხორბალი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ბოსტნეულის წარმოება, მათ შორის, აუცილებელია კარტოფილის, ძირხვენას წარმოება. სასურსათო უსაფრთხოებას რაც შეეხება, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნაწილში არის ფერმერთა აღრიცხვა. თუ ჩვენ არ ვიცით, რომელი ფერმერი რას აწარმოებს და მათი ექსპორტ-იმპორტის წილი რა არის, ძალიან გაჭირდება. დღეს ამ ინფორმაციას არ ვფლობთ. სტატისტიკის სამსახურს ფერმერები თავისი კეთილი ნებით აძლევენ ინფორმაციას, ამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის უწყებას სხვა ინფორმაცია აქვს, ჩვენ სხვა ინფორმაცია გვაქვს. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა აღრიცხონ ფერმერები და უნდა ვიცოდეთ, ვინ რას აწარმოებს.

დღეს ძალიან ძნელია იწინასწარმეტყველო, ვის რა პროდუქტი აქვს, რადგან არ არსებობს ამაზე ინფორმაცია. გარდა ამისა, აუცილებელია მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობის განვითარება. საჭიროა განათლების შეტანა, რომ არ იყოს გამოყენებული დიდი რაოდენობით პესტიციდი და შხამ-ქიმიკატი. ეს არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობას აუარესებს, არამედ მიწის დეგრადაციას იწვევს, ფიტავს მიწას და ერთ დღესაც ჩვენ ვეღარ ვაწარმოებთ ვერაფერს. ეს არის მერე შედეგი გლობალური დათბობის, ნარჩენების არასწორი მართვის, ახალგაზრდობის ჯანმრთელობის გაუარესების. დღეს აღარ არის მთავარი მხოლოდ ფერმერის განათლება და ფინანსური უზრუნველყოფა, დღეს უკვე არის რისკი იმისა, რომ ფიზიკურად საკვები შეიძლება მთელ მსოფლიოში დეფიციტი გახდეს. ამიტომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება უნდა შევძლოთ.

ჩვენი ფერმერები ყველა დროს მძიმე გამოწვევას და ქარტეხილს უძლებდნენ, მე მგონი, ახლაც ამ გამოწვევას გაუძლებენ, თუმცა ამის მერე ხედვები რადიკალურად უნდა შევცვალოთ.

როდესაც რაიონებში მოწესრიგებული არ არის მელიორაციის სისტემა, სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას რა აზრი აქვს?

- ამდენი დაუმუშავებელი მიწა არ უნდა არსებობდეს. სახელმწიფომ სამი რამ უნდა გააკეთოს - უზრუნველყოს ინფრასტრუქტურა, სარწყავ-საირიგაციო სისტემები, ასევე, უზრუნველყოს განათლება და სადაზღვევო მექანიზმები. დანარჩენი თვითონ ფერმერმა უნდა განსაჯოს, რა და როგორ გააკეთოს. ფინანსურ კაპიტალზე თუ იქნება ხელმისაწვდომობა და სარწყავ-საირიგაციო საშუალებები მოწესრიგდება, მერე ყველაფერი დალაგდება. წარმოუდგენელია, ფერმერებს მიწები ჰქონდეთ, მაგრამ სარწყავი სისტემა არ არსებობდეს. სათავე ნაგებობები მოშლილია. ამიტომ სახელმწიფოს მოუწევს აქტიურად ამაში ჩართვა. თანაც, ჩვენ საამისო რესურსი გვაქვს, ჩვენ არ ვიყავით ის ქვეყანა, რომელიც სულ იმპორტზე იყო დამოკიდებული. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როცა ძალიან მძიმე დროს, კომუნიზმის დროს ვიყავით ასპროცენტიან ექსპორტზე დამოკიდებული. კარგია, რომ აღარ არის კომუნიზმი, კარგია, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა და იმის პოტენციაც გვაქვს, ნედლეული ვაწარმოოთ. ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია, ხორბლის, ბოსტნეულის მოყვანა. კრიტიკულად მნიშვნელოვანია მეცხოველეობის განვითარება. თუ გვინდა ორგანიზმმა მიიღოს ჯანსაღი ვიტამინი, სხვა პროდუქტებთან ერთად რძე და რძის პროდუქტებიც აუცილებელია. ამისთვის არსებობს სახელმწიფო პროექტები და დონორებიც ძალიან ბევრს ზრუნავენ, მაგრამ მნიშვნელოვანია მეცხოველეობა განვითარდეს. ჩვენთვის საკმარისი ნედლი რძით წარმოებული პროდუქტები, ხორცი, ბოსტნეული და ხორბალი უნდა გვქონდეს.

რა თანხებია საჭირო იმისთვის, რომ თვითკმარი პროდუქციით უზრუნველყოფილნი ვიყოთ?

- გამიჭირდება ზერელედ თქმა, მაგრამ უკვე 1 მილიარდია ჩადებული სოფლის მეურნეობაში. ბევრ შემთხვევაში ამან შედეგი გამოიღო, ჩემი აზრით, დაახლოებით ერთი ამდენივე კიდევ ჩასადებია სოფლის მეურნეობაში. ზოგადად, მე სუბსიდიის მომხრე არ ვარ, მაგრამ არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს სოფლის მეურნეობა სუბსიდიის გარეშე.

 

ლაზი ახლა ყველა ეკონომიკური ექსპერტი გახდება, თანაც სასურსათო უსაფრთხოების სფეროში.
მსოფლიოში საკვები კი არ გახდება დეფიციტი, არამედ კვების პროდუქტების საყიდელი ფული.
ეკონომიკის უმეტესი დარგების წვრილი და მსხვილი საწარმოების გაჩერების გამო მოსახლეობას კვების პროდუქტების შესაძენი ფული არ ექნება. სწორედ ამიტომ ყველა მაქსიმალურად უნდა ეცადოს თავისი საკვები პროდუქტები თითონ აწარმოოს, თორემ თურქეთი რომ ნახევარ ევროპას ამარაგებდა პამიდორით, ახლა ყველას თითონ შეჭამენ და არავის მიჰყიდიან? თუ წარმოებას შეწყვეტენ?
ბაზარში პამიდორი იმაზე მეტი იქნება ვიდრე შარშან იყო, მაგრამ ახლა რომ სახლში ზის და ხელფასს ვერ იღებს ის ადამიანი იმ პამიდორს რით იყიდის? აი აქ არის პრობლემა. ამიტომ თითონ უნდა დარგოს რამდენიმე ძირი "პამიდორი" (პამიდორის უკან ყველა სახის კვების პროდუქტები იგულისხმება და ვისაც რა შეუძლია ის უნდა აწარმოოს) შიმშილის პრობლემა არ დაუდგეს.
მოკლედ, როცა სხვას ვერაფერს ვაკეთებთ, საკუთარი საკვების წარმოება მაინც უნდა მოვახერხოთ და გულხელდაკრეფილი არ უნდა ვიჯდეთ სახლებში. განსაკუთრებით, ქალაქში ნაქირავებ ან კრედითით ნაყიდ ერთოთახიანებში მცხოვრები, სოფლებში მიტოვებული საკარმიდამოების მფლობელი "ქალაქელები". ასეთია დღევანდელი ყოფის პროზაული ფილოსოფია.
4 წლის უკან
Katana . "ჩვენ არ ვიყავით ის ქვეყანა, რომელიც სულ იმპორტზე იყო დამოკიდებული. ჩვენ გვქონდა პერიოდი, როცა ძალიან მძიმე დროს, კომუნიზმის დროს ვიყავით ასპროცენტიან ექსპორტზე დამოკიდებული. კარგია, რომ აღარ არის კომუნიზმი, კარგია, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა"
?
რაღაც ვერ გავიგე...
ე.ი. კომუნიზმის დროს (სოციალიზმს გულისხმობს, ალბათ) იმპორტზე რომ არ ვიყავით დამოკიდებული და პირიქით, ექსპორტზე გაგვქონდა საკუთარი პროდუქცია, ეს იყო "ძალიან მძიმე დრო" და "კარგია, რომ აღარ არის კომუნიზმი, კარგია, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა", რადგან ახლა მთლიანად იმპორტზე ვართ დამოკიდებული?
4 წლის უკან