ოქრუაშვილი და ახალაია მატროსოვზე ერთ სართულზე სხედან

ოქრუაშვილი და ახალაია მატროსოვზე ერთ სართულზე სხედან

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი, სოზარ სუბარი, რომელმაც ჟურნალისტებს მის უწყებაში არსებული ვითარება გააცნო. თავდაპირველად სუბარმა სამინისტროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, უფასო იურიდიული სამსახურის პრობლემა იყო ის, რომ იგი ემორჩილებოდა პროკურატურას და არა კანონს და ამ სამსახურის ადვოკატების მთავარი მიზანი იყო ურთიერთობა კლიენტსა და პროკურატურას შორის ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოეგვარებინათ. სოზარ სუბარის განცხადებით, ეს პრობლემა მისი მინისტრად დანიშვნის დღიდანვე მოიხსნა და ერთადერთი, რასაც უფასო იურიდიული სამსახური ემორჩილება, არის კანონი და იმ ადამიანების ინტერესი, ვისაც ეს ადვოკატები სასამართლოში უნდა მოემსახურონ. ამასთანავე, მინისტრი ამბობს, რომ ამჟამად მისი უწყება ადვოკატთა ასოციაციასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ შეიქმნას საკანონმდებლო გარანტიები, რათა იურიდიული დახმარების სამსახური სამინისტროსგან მართლაც დამოუკიდებელი გახდეს.

ამასთანავე, სუბარის განცხადებით, მიდის მსჯელობა იმაზეც, თუ სად უნდა იყოს ეს სამსახური, ანუ უნდა ექვემდებარებოდეს თუ არა იგი რომელიმე სამინისტროს, თუ სრულიად დამოუკიდებელ უწყებად უნდა ჩამოყალიბდეს.

„მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამას აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, იურიდიული დახმარების სამსახური მის მუშაობაში დამოუკიდებელი იყოს და როგორც მოგახსენეთ, ამაზე სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

მისი თქმით, პრობაციის სამსახურის პრობლემაც არის ასევე დამოუკიდებლობა და გარდა ამისა, გადატვირთულობა, რადგან ერთ ოფიცერზე 250-დან 300-მდე პრობაციონერი მოდის. ასეთ პირობებში კი სრულიად შეუძლებელია იმის კონტროლი, თუ რამდენად ასრულებენ პრობაციონერები მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. მინისტრის თქმით, დღეს ამ სისტემის განტვირთვა ხდება. კერძოდ, ყველა იმ ადამიანის საქმეს, რომელსაც არ აქვს დარღვევები და სასჯელის ნახევარზე მეტი აქვს მოხდილი, პრობაციის სამსახური განიხილავს და ასეთ ადამიანებს პრობაცია გაუუქმდებათ. ამასთანავე, ამნისტიის შედეგადაც დაახლოებით 15 000 პრობაციონერს პირობითი მსჯავრი მოეხსნება.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ ყველაზე პრობლემური მაინც სასჯელაღსრულების სისტემაა და აქაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვითარება გაუმჯობესებისკენ წავიდეს. მინისტრის თქმით, ციხეებში რომ პატიმრებს აღარ აწამებენ, ეს სალაპარაკოც კი არ უნდა იყოს, რადგან ეს არის ავადმყოფობა, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო დანერგილი, მაგრამ პრობლემა არის ჯანდაცვა და ეს პრობლემა წლების განმავლობაში სულ უფრო მწვავდებოდა. მინისტრი აპირებს 15 დეკემბერს საზოგადოებას წარუდგინოს სრული გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცვლილებები იგეგმება ჯანდაცვის სფეროში და ამ გეგმაში ასახული იქნება ისეთი პრობლემური საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც მინისტრის განცხადებით, ამ სფეროს ექსპერტებისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო. ამის მაგალითად სუბარს „ცე“ ჰეპატიტის პრობლემა მოჰყავს. მისი თქმით, ამავე დროს ამოქმედებულია შიდა რეფერალის სისტემა და გარე ჯანდაცვის სისტემასთან ურთიერთობის სწორი ფორმა.

„პრობლემები, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში დაგვხვდა და რის გამოც ხშირად გვიწევს პატიმრების სამოქალაქო ჯანდაცვის დაწესებულებებში გადაყვანა, არის შემდეგი: პრაქტიკულად გაძარცვულია ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო. მაგალითად, რენტგენის აპარატურას აკლია რაღაც ნაწილი, რომელიც გერმანიიდან არის ჩამოსატანი. ამიტომ, როდესაც პატიმარს რენტგენის გადაღება ესაჭიროება, იძულებულები ვართ, ამისთვის სამოქალაქო ჯანდაცვის დაწესებულებაში გადავიყვანოთ. იგივე შემიძლია ვთქვა ექოსკოპიაზეც, როდესაც პატიმარს ამ ტიპის გამოკვლევა ესაჭიროება, ამასაც ადგილზე ვერ ვაკეთებთ. პატიმარს ელემენტარულად სისხლის ანალიზის გაკეთება თუ ესაჭიროება, ამის გაკეთების საშუალებაც არ გვაქვს. ამიტომ ვმუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღმოვფხვრათ ეს პრობლემები“, - აღნიშნავს მინისტრი.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების მიერ საზეიმოდ გახსნილი ტუბერკულოზის ცენტრი ვერ ფუნქციონირებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შენობა დაუსრულებელია. სოზარ სუბარი ამბობს, რომ ეს შენობა მართლაც მაღალი სტანდარტებით არის აშენებული, მაგრამ მას დასრულება სჭირდება, რაზეც ახალი ხელისუფლება მუშაობს. მისი თქმით, დაახლოებით ერთი თვე არის საჭირო შენობის დასამთავრებლად და კიდევ დაახლოებით იგივე დრო შესაბამისი აპარატურის შესაძენად და დასამონტაჟებლად. ამდენად, ტუბერკულოზის ცენტრი დაახლოებით იანვრის ბოლოსთვის სრული დატვირთვით ამუშავდება.

სუბარის თქმით, პრობლემაა ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადატვირთულობაც. ამიტომ, პრეზიდენტთან გაგზავნილია დაახლოებით 120-მდე პატიმრის სია, რომელთა მკურნალობა ციხის პირობებში მკურნალობა შეუძლებელია, რომლებიც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და პრეზიდენტი ამ ადამიანებს, სავარაუდოდ, მალე შეიწყალებს. აქვე მინისტრი განმარტავს, რომ თავიდან ასეთ პატიმართა რიცხვი 137 იყო, მაგრამ რამდენიმე მათგანი პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლდა, ხოლო ვისაც ეს შეღავათი ვერ შეეხო, მათ პრეზიდენტის შეწყალებით გამოუშვებენ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ახალ მინისტრს უწყებაში დახვდა, არის არასრულწლოვანთა დაწესებულება. აგვისტოში იქ მოხდა ამბოხი, რომლის დროსაც პრაქტიკულად მთელი დაწესებულება გადანდგურდა. მინისტრის განცხადებით, არასრულწლოვნები ისეთ პირობებში არიან გადაყვანილები, სადაც მათი ყოფნა დაუშვებელია. სუბარი ამბობს, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე წინა ხელისუფლებამ ამ შენობის რემონტი რატომღაც შეწყვიტა, მაგრამ ახლა არასრულწლოვანთა კოლონია რემონტდება, მუშაობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და საახალწლოდ ისინი ამ შენობაში შესახლდებიან. ამასთანავე, მინისტრის თქმით, ამავე არასრულწლოვანთა დაწესებულების გვერდით არის დაახლოებით 3500 კვ/მეტრი ფართობი, რომელთან დაკავშირებითაც სასჯელაღსრულების სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროს თხოვნა გაუგზავნა და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში, სასჯელაღსრულებას ეს ფართი გადაეცემა, იქ აშენდება სკოლა და არასრულწლოვნების საცხოვრებელი და სკოლა ერთმანეთისგან განცალკევებული იქნება.

მინისტრის განცხადებით, ამოქმედდა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემა. თუკი აქამდე თვის 5 რიცხვამდე ხდებოდა განცხადებების მიღება, ხოლო მისი განხილვა საბჭოების მიერ თვის ბოლომდე ხდებოდა, ახლა ეს სისტემა უფრო მოქნილი გახდა. სუბარის განცხადებით, სულ არის სამი საბჭო (აღმოსავლეთ საქართველოსი, დასავლეთ საქართველოსი და არასრულწლოვნების), ისინი ერთი კვირის განმავლობაში მუშაობენ და შემდეგ, თუკი საბჭოები ვინმეს პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარს ეტყვიან, ამ განცხადებებს უკვე მომდევნო კვირაში კომისია (რომელიც საბჭოს ზემდგომი ორგანოა) განიხილავს. მინისტრის განმარტებით, საბჭოს შემადგენლობაში ხუთი ადამიანი შედის, სასჯელაღსრულების სამინისტროს ორი თანამშრომელი, ერთი - თვითმმართველობის ორგანოდან, ერთი - არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და ერთიც - იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. რაც შეეხება კომისიას, მის შემადგენლობაშიც შედიან თავად სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პარლამენტის ორი წევრი (ერთი უმრავლესობიდან, ერთი - უმცირესობიდან).

მინისტრი აცხადებს, რომ უახლოეს დროში შედგება სპეციალური კომისია, რომელიც გადახედავს იმ დაავადებების სიას, რომელთა მეშვეობითაც ხდება პატიმრისთვის სასჯელის გადავადება, ან სასჯელისგან სრულად გათავისუფლება. სოზარ სუბარი ამბობს, რომ 2007 წლიდან მხოლოდ 11 ადამიანი დაექვემდებარა აქტირებას, ანუ მძიმე დაავადების გამო სასჯელისგან გათავისუფლებას და აქედან 2011-2012 წლებში არც ერთი გათავისუფლებულა. სუბარის თქმით, იმ კომისიაში, რომელიც შემდეგ აქტირების საკითხებს განიხილავს, სასჯელაღსრულების სამინისტროს ორი და ჯანდაცვის სამინისტროს ორი წარმომადგენელი იქნება, თავმჯდომარე კი იქნება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. სასჯელაღსრულების სამინისტროდან ამ კომისიაში წარმოდგენლი იქნება მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, რომელიც სამინისტროში ჯანდაცვას კურირებს. ამასთანავე, კომისიის ამ წევრებთან ერთად კომისიის მუშაობაში სხვადასხვა ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

სოზარ სუბარი ამბობს, რომ ვინაიდან ამნისტიის კანონპროექტი ჯერ ცვლილებებს გადის, ამიტომ ზუსტი რიცხვის თქმა ჯერ შეუძლებელია, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით ამნისტია დაახლოებით 3500 პატიმარს შეეხება. ესენი არიან ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები, თუმცა ამ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა სიიდან ამოღებულია ის მუხლები, რომლებიც საზოგადოებრივ საფრთხეს ქმნიან.

„შესაძლოა ვინმეს მიაჩნია, რომ ქურდობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული არ არის, მაგრამ როდესაც საუბარია რამდენიმე ასეულ ადამიანზე, რომლებიც ციხიდან გამოვლენ და არსებობს საფრთხე, რომ ისინი ამ დანაშაულს ისევ ჩაიდენენ, ამიტომ ასეთ დანაშაულებთან დაკავშირებით უფრო თავშეკავება გადავწყვიტეთ. ასე რომ, მაგალითად, ქურდობის მუხლის მეორე და მესამე ნაწილს ამნისტია არ შეეხება, თუმცა შეეხება პირველ ნაწილს, რომელიც არის ნაკლებად მძიმე, არ არის ჯგუფური, არ არის განმეორებითი“, - ამბობს სუბარი.

აქვე იგი იხსენებს, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ პირობით ვადაზე ადრე ციხიდან განთავისუფლდა 84 წლის ქალბატონი, რომელსაც ოთხი წელი მისჯილი ჰქონდა იმის გამო, რომ ღობე გადაწვა. მეორე შემთხვევა კი იყო, როდესაც 14 წლის ბავშვს ოთხი წელი 15 ლარის ღირებულების ნიგვზის მოპარვის გამო ჰქონდა მისჯილი. პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისას კი იგი უკვე 18 წლის ხდებოდა. ამიტომ სუბარის თქმით, იმის გამო, რომ აქამდე ასეთი მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა იყო, პარლამენტი მსჯელობს იმაზე, რომ ყველა პატიმარს სასჯელის გარკვეული ვადა ჩამოაკლოს და სავარაუდოდ, ეს ერთი მეოთხედი იქნება. ამდენად, დაახლოებით 3500-ზე მეტი ადამიანი ამ ფარგლებში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებას დაექვემდებარება, მაგრამ სოზარ სუბარი ყველას აფრთხილებს, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება უპირობოდ გათავისუფლებას არ გულისხმობს. მისი თქმით, ყოველ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში გათვალისწინებული იქნება, რამდენად უქმნის საფრთხეს საზოგადოებას ამ ადამიანის განთავისუფლება და რამდენად ემორჩილებოდა ის რეჟიმს. ამიტომ, მინისტრი ყველას მოუწოდებს, არსებულ წესებს დაემორჩილონ, მით უმეტეს, რომ დღეს ეს წესები ბევრად უფრო ლიბერალურია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს იყო.

სუბარი ამბობს, რომ გაიზრდება ხანგრძლივი პაემნების რაოდენობაც და დროც. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს ან 48 საათი (ნაცვლად 24 საათისა), ან შესაძლოა 72 საათიც კი. ამასთანავე, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პატიმრების კვებაზე 90-ის ნაცვლად 110 ლარის გამოყოფა, რაც მათი კვების ხარისხს გააუმჯებესებს. ამასთანავე, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის, რამდენად სწორად იყო ათვისებული თუნდაც ის 90 ლარი და ამ თანხიდან პატიმრებს საკვები ხომ არ აკლდებოდათ.

მინისტრმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ქსნის დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარი შიმშილობს და რამდენიმემ თვითდაზიანებაც მიიყენა. სუბარის განცხადებით, დღეში საშუალოდ 20-მდე პატიმარი იყენებს თვითდაზიანებას და ეს ასე იყო აქამდეც, უბრალოდ ადრე ეს ინფორმაცია არ ხდებოდა საჯარო, ახლა კი იგი საჯაროა და ამიტომ იქცევს ყურადღებას. რაც შეეხება კონკრეტულად ქსნის დაწესებულებას, მინისტრის თქმით, იქ შიდსით დაავადებულმა 12-მა პატიმარმა წამლების მიღებაზე უარი განაცხადა და გათავისუფლებას ითხოვენ. სუბარი განმარტავს, რომ გათავისუფლება შეეხებათ მხოლოდ იმ პატიმრებს, ვისი მკურნალობაც ციხის პირობებში შეუძლებელია. შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამები კი ერთიანია როგორც ციხეში, ასევე ციხის გარეთ. ამიტომ, ამ დაავადების მქონე პატიმრების მკურნალობა ციხეებში შესაძლებელია. სუბარი ამბობს, რომ გათავისუფლებები მოხდება მხოლოდ კანონის საფუძველზე და არა შიმშილობითა და თვითდაზიანებების მიყენების მეშვეობით.

სოზარ სუბარმა ასევე განაცხადა, რომ ე.წ. მატროსოვის ციხეში, ანუ N9 დაწესებულებაში გარემონტდა ერთი კორპუსი, რომელიც საშინელ მდგომარეობაში იყო. ამ შენობის რემონტი იყო ის მიზეზი, რის გამოც ბაჩო ახალაია ამ დაწესებულებაში არ გადაჰყავდათ, გუშინ კი იგი მატროსოვზე გადაიყვანეს. მინისტრი განმარტავს, რომ ახალაიას გადაყვანა მოხდა მისი წერილობითი თანხმობით და ამავე პირობით ხორციელდება მასზე მუდმივი თვალთვალი, ამასთანავე, მისი უსაფრთხოება ისევე დაცულია, როგორც ეს მეშვიდე საპყრობილეში იყო. გარდა ახალაიასი, სუბარის განცხადებით, გუშინ სასამართლო პროცესის შემდეგ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც და ისიც იმავე შენობაშია მოთავსებული, სადაც ახალაია.

სუბარის განმარტებით, შენობა ერთსართულიანია. ამდენად, ახალაია და ოქრუაშვილი ერთ სართულზე სხედან, მაგრამ მათ ერთმანეთთან კონტაქტის საშუალება არ აქვთ.