ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უახლოესი პერიოდის შესახებ აკეთებს პროგნოზს. მისი აზრით, საქართველო ეპიდემიის გავრცელების დამანგრეველ მასშტაბს გადაურჩება:
"ვინაიდან საქართველოში დაიწყო ინფექციის შიდა გავრცელების ეტაპი, ამიტომ გარდაუვალია შემთხვევათა მნიშვნელოვანი მატება, მაგრამ საქართველოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, მთელმა ვერტიკალმა - რიგითი ექიმით დაწყებული, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ჯანდაცვის სამინისტრომ, საქართველოს მთავრობამ, უპირველესად კი - პრემიერმა გიორგი გახარიამ (რომლის გადაწყვეტილებები იყო ძალიან დროული და შედეგიანი) მოახერხეს, ეპიდემიის ყველა ეტაპზე გაეტარებინათ ადეკვატური ღონისძიებები, რითაც საქართველომ მიაღწია იმას, რასაც მთელი მსოფლიო ხედავს და აღიარებს - ეპიდემიის შიდა გავრცელების ეტაპმა საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სამი-ოთხი კვირით დაიგვიანა. ჩვენ სამი-ოთხი კვირა მოვიგეთ.
ცხადია, შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არა ისე მასშტაბურად და კატასტროფულად, როგორც ევროპის ქვეყნებში. ვფიქრობ, საქართველოში მატება იქნება ისეთი, როგორიც არის ახლა. თუ ადრე დღეში სამი, ოთხი, ხუთი ადამიანი გვემატებოდა, ახლა, შიდა გავრცელების შემდეგ, ყოველდღიურად გვეყოლება 10-15-20 ახალი ინფიცირებული, მაგრამ ეს ამ სტადიისთვის ნორმალურია, ეს მოსალოდნელიც იყო. თუ ამ ტემპს შევინარჩუნებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან შეიძლება იყოს მხოლოდ რამდენიმე ასეული შემთხვევა, მაგრამ არა - ათასობით. მიმაჩნია, რომ ჩვენი ქვეყანა ეპიდემიის გავრცელების დამანგრეველ მასშტაბს გადაურჩება", - განუცხადა "კვირის პალიტრას" თენგიზ ცერცვაძემ.