ქრისტინა ორბაკაიტე - „გამარჯობა, თბილისო!“

ქრისტინა ორბაკაიტე - „გამარჯობა, თბილისო!“

6 იანვარს სასტუმრო „მეტეხში“ რუსული ესტრადის ვარსკვლავმა გრანდშოუ გამართა.

ბილეთი ასი ლარი ღირდა და სამი საათისათვის აღარც ერთი ბილეთი არ იყო დარჩენილი. სასტუმროს ფოიეში 7 საათისათვის ნელ-ნელა იკრიბებოდა საგანგებოდ მომზადებული მაყურებელი, თბილისის ელიტა.

შოუ ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. თავიდან ყველაფერი დინჯად, აუღელვებლად მიმდინარეობდა, საბანკეტო დარბაზის შესასვლელში საკარნავალო კოსტიუმებში გადაცმული თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები და დაცვის ბიჭები იდგნენ, რომლებიც მონდომებით ითვლიდნენ მოსაწვევებს და იქ მისულ ახალგაზრდებს მაგიდებთან ანაწილებდნენ.

ცოტა ხანში ისეთი საქმიანი ფუსფუსი და შეძახილები ისმოდა, რომ იქ მისული საზოგადოება ნელ-ნელა „დაბნეული ცხვრის“ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

საღამოს ორგანიზატორებმა ტელევიზიის წარმომადგენლები დარბაზში ყოველგვარი პრობლემის გარეშე  შეუშვეს. პრესას შობა-ახალი წელი გულთბილად მოგვილოცეს და კარი ცხვირწინ მოგვიხურეს. ჩვენ დავინტერესდით, რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა. დიდი წვალების შემდეგ აღმოვაჩინეთ, ერთი პატარა მყუდრო ოთახი, საიდანაც სცენაც და დარბაზიც ისე მოჩანდა, როგორც ხელის გულზე.

შოუ 8 საათზე დაიწყო. საღამო მიჰყავდა რუსთაველის თეატრის მსახიობ ნინო კავსაძეს. მან აღნიშნა, რომ მოდა ჩვენი ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია. შოუზე თავიანთი კოლექცია წარმოადგინეს ავანგარდული მოდის ასამბლეაზე გამარჯვებულმა მოდელიორებმა - თიკო ვაჩნაძემ, თეონა ბერძენიშვილმა და სხვებმა.

მომხიბვლელი მანეკენების გამოსვლის შემდეგ გამოცხადდა ახალგაზრდა ავანგარდული მხატვრების ნამუშევრების აუქციონი. წარმოდგენილი იყო ჯაფარიძის, ცეცხლაძის და ტიმჩენკოს ნახატები. პირველი ფორმატის საწყისი ფასი 1 200 ლარი იყო და ასეც დარჩა ბოლომდე. მხატვარი ნიკო ცეცხლაძე სურათების მხატვრულ ღირებულებებზე ლაპარაკობდა, მაგრამ ეს დარბაზში მყოფთ ნაკლებად აინტერესებდა.

რადგან კარგად აღზრდილი საზოგადოება შეიკრიბა, თითოეული წარმოდგენილი ნამუშევარი ზომიერი ღიმილით იქნა მიღებული და ასევე ღიმილითვე გაცილებული დარბაზიდან.

ნამუშევრების მინიმალური ფასი იყო 200 ლარი. სიტუაცია ისევ წამყვანმა ნინო კავსაძემ განმუხტა. მან ღიმილით წამოიძახა, „ნახატები თუ არ გაიყიდება, მათი დათვალიერება მაინც შეგვრჩებაო“.

შემდეგ ისევ მოდების ჩვენება მოეწყო. მაყურებელი რომ ხალისზე მოეყვანა, წამყვანმა ერთი მარტივი თამაში წამოიწყო. იგი ხმამაღლა კითხულობდა პოპულარული სიმღერების ტექსტებს და მაყურებელს მიკროფონში უნდა ემღერა მელოდია. გამარჯვებულებს საჩუქრად  შესრულებულ გრაფიკას ჩუქნიდნენ. ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ფეხბურთელი ტყუპისცალი არველაძე, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად იყო მოსული.

დარბაზში იმყოფებოდა აგრეთვე ნიკო ლეკიშვილი, რომელიც, მართალია, არ მღეროდა, მაგრამ ჩვეული სიდინჯით აკვირდებოდა ყოველივეს.

ქრისტინა ორბაკაიტე სასტუმროში 20.45 საათზე დაბრუნდა. იგი ორ მცველთან ერთად ღამის ქალაქის დასათვალიერებლად იყო გასული. მან ვარსკვლავისათვის დამახასიათებელი თავდაჯერებულობით გაიარა „მეტეხის“ გაჩირაღდნებული და მოკრიალებული ფოიე, რამდენჯერმე მზერა ზემოთ და ქვემოთ მოსრიალე ლიფტებსაც ესროლა და ერთ-ერთ კარში გაუჩინარდა. ეს ფაქტი მეორე არხის ოპერატორს არ გამორჩენია და მან კამერით სწრაფად დააფიქსირა იგი.

სწორედ ამ დროს ქანცგაწყვეტილი მაყურებელი მოუთმენლად ელოდა ალა პუგაჩოვას ერთადერთ ქერა ქალიშვილს. გამოცხადდა შესვენება.

ქრისტინა შავი მოკლე კაბით და გრძელი შეჭრილ-შემოჭრილი მოსასხამით გამოვიდა სცენაზე. ასეთმა ეფექტმა საბოლოოდ გამოაფხიზლა თითქმის მიძინებული მაყურებელი.

რიტმულმა მუსიკამ, პოპვარსკვლავის მომაჯადოებელმა, ოდნავ ეშმაკურმა ღიმილმა, თვალებზე ჩამოყრილმა მზისფერმა თმებმა, მომნუსხველმა გამოხედვამ და შეძახილმა “გამარჯობა, თბილისო!“ იმდენად იმოქმედა, რომ მაყურებლებმა ცეკვაც კი გაბედეს.

როგორც გავიგეთ, შოუ ღამის ორ საათზე უნდა დამთავრებულიყო და ამ საღამოს სრულ ვარიანტს საქართველოს ტელევიზია ალბათ მომავალში შემოგთავაზებთ.