ქვეყანაში პროდუქტები ძვირდება. სტატისტიკა ცოტათი განსხვავებულ სურათს აჩვენებს, თუმცა ყველა ამჩნევს, რომ სურსათზე ფასი გაზრდილია. ძველი ნიშნული ნარჩუნდება მხოლოდ მთავრობის მიერ დაზღვეულ 9 დასახელების საქონელზე, მაგრამ დანარჩენის ღირებულების შენარჩუნება ვეღარ ხერხდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტი შეადგინა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (ზრდა 9.6 პროცენტი), ხილისა და ყურძნის (ზრდა 8.9 პროცენტი), შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის (3.7 პროცენტი), ზეთისა და ცხიმის (2.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყლის, უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების (2.3 პროცენტი), პურისა და პურპროდუქტების (1.7 პროცენტი) გაძვირებამ. ფასები შემცირდა მხოლოდ რძის, ყველისა და კვერცხის (-1.3 პროცენტი) და თევზეულის (-1.2 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სტატისტიკური მონაცემები სამომავლოდ კიდევ მეტად შეიცვლება, რადგან გაუფასურებული ვალუტისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის დეფიციტის ფონზე სურსათი გაძვირებას დაიწყებს. პარალელურად გაიზრდება იმპორტირებული საქონლის ღირებულებაც, რასაც მთავრობა არ აზღვევს. ასეთი კი მხოლოდ 9 სახეობის სურსათია, რომლის ფასის რეგულირებაშიც ამჟამად მთავრობაა ჩართული.
ეროვნული ვალუტის მკეთრად გაუფასურების ფონზე, ბუნებრივია, პროდუქტები გაძვირდება. სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის“ პრეზიდენტი ივა ჭყონია ამბობს, რომ ფასები მოსახლეობაში პანიკური ვითარების ფონზე არის მომატებული.
„მოსახლეობა სურსათს პანიკიდან გამომდინარე იმარაგებს, რაც საფუძველსაა მოკლებული. რეალურად მიწოდების პრობლემა არ არსებობს, მათ შორის არც სასურსათო მარაგების. პრობლემა არც ერთ კონკრეტულ პროდუქტს არ შეეხება. სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ, რომ პრობლემა არც წარმოიშობა.
ფაქტია, რომ შოკური ფონი იწვევს მოთხოვნის გაზრდას. ამის შესაბამისად სადისტრიბუციო კომპანიებს უწევთ დამატებით პროდუქციის მობილიზება. როცა მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია, ტურიზმიდან თანხები არ შემოდის, გადმორიცხვები შეჩერებულია, ეს ძალიან მძიმედ აისახება ეროვნულ ვალუტაზე.
ამჟამად ფასი პირველადი პროდუქტის ღირებულების დათვლილია 2.80-82-იან კურსზე და ახლა თითქმის 3.20-მდეა, ანუ ეროვნული ვალუტა დაახლოებით 40 პუნქტით გაუფასურდა. ფასები იმის ფონზე კი არ იზრდება, რომ მოთხოვნაა მომატებული, არამედ იმპორტიორები იძულებული ხდებიან პროდუქტი გაზრდილი ღირებულებით შემოიტანონ“, - განაცხადა ჭყონიამ.
პრობლემები მხოლოდ იმპორტიორებს არ ექმნებათ. ადგილობრივი წარმოებაც საკმაოდ რთულ ვითარებაშია და ისინიც ფიქრობენ გაძვირებაზე. „კულას“ დამფუძნებელი ვანო გოგლიძე პირდაპირ ამბობს, რომ მაისის ბოლომდე ფასები არ შეიცვლება, მერე უკვე დამოკიდებული იქნებიან ლარის კურსსა და ნედლეულის ფასზე. მისი თქმით, ნედლეულის ნაწილი კომპანიას იმპორტით შემოაქვს, ლარის გაუფასურება კი წარმოებას აძვირებს.
„ჩვენს წარმოებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ლარის გაუფასურებამ და ამასთან, არასტაბილურობამ. იქიდან გამომდინარე, რომ ნედლეულის გარკვეული ნაწილი ჩვენ მაინც იმპორტით შემოგვაქვს, შესაბამისად, ვყიდულობთ დოლარში და ევროში, კონკრეტულად ეს პროდუქტები გაგვიძვირა. თუმცა, ამ ეტაპზე გამოვნახეთ შიდა რესურსი, რომ ფასები შეგვენარჩუნებინა. ჩვენი გამოთვლებით, მაისის ბოლომდე ფასები არ შეიცვლება. დარჩება იგივე, რაც იყო იანვარ-თებერვალში“, - განუცხადა მეწარმემ „ბიპიენს“.
ვანო გოგლიძე იმედოვნებს, რომ მაისში ვითარება დასტაბილურდება და კომპანია წამოებას, შემდეგ უკვე რეალიზაციას, ამჟამად არსებული საფასო პოლიტიკით გაგრძელებს.