დავით უსუფაშვილი „მანკიერი ტრადიციის“ წინააღმდეგ

დავით უსუფაშვილი „მანკიერი ტრადიციის“ წინააღმდეგ

მეშვიდე მოწვევის პარლამენტში პულტებით მანიპულირება გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა და კენჭისყრის შედეგების გაყალბების არაერთი ფაქტი ფიქსირდებოდა. მართალია, საპარლამენტო ისტორიაში „სხვისი პულტის გამოყენების“ მანკიერ ტრადიციას საფუძველი წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ჩაეყარა, მაგრამ მსგავსი პრეცენდენტი არც ქუთაისის პარლამენტისთვის აღმოჩნდა უცხო. კერძოდ, 21 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის დროს, უმრავლესობის წევრმა, გიორგი გაჩეჩილაძემ კოლეგის ნაცვლად ხმა მისცა, რაც მედიამ დააფიქსირა. მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნული ინციდენტი დაგმო და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს საკითხის გარკვევა დაავალა. ირინე იმერლიშვილის კომიტეტმა კი, გაჩეჩილაძეს ახსნა-განმარტება ჩამოართვა, რომელიც მეტად „სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს“.

გაჩეჩილაძის მტკიცებით, კენჭისყრის დაწყებამდე, მის გვერდით მჯდომ დეპუტატს მობილურმა დაურეკა, რის შემდეგაც, მან გაჩეჩილაძეს ხმის მიცემა სთხოვა და თავად დარბაზის გასასვლელისკენ წავიდა. პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ თურმე, უმრავლესობის წევრს იმ პიროვნების გვარი არ ახსოვს, რომელმაც ბარათი ხმის მიცემის სისტემაში დატოვა. მართალია, გაჩეჩილაძისეული განმარტება სარწმუნოდ თავად მისი კოლეგებისთვისაც არ ჟღერს და მათ ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, ბიუროს სხდომაზე გულიანადაც იცინეს, მაგრამ ფაქტია, რომ გაჩეჩილაძე კოლეგის ვინაობას შეგნებულად არ ამხელს და მას ფულადი ჯარიმის დაწესებისაგან იცავს, მაგრამ უპრიანი იქნება, რომ ამ პიროვნებამ ინციდენტზე პასუხისმგებლობა თავად აიღოს და ამ ნაბიჯით, უხერხული ვითარებიდან თავად „მსხვერპლი“ გამოიყვანოს. მით უფრო, რომ გაჩეჩილაძისეული ახსნა-განმარტებით დავით უსუფაშვილი ძალიან გაღიზიანდა და საკითხის გარკვევა საკუთარ თავზე აიღო.

პარლამენტის თავმჯდომარის პრინციპული პოზიციაა, რომ პრეცედენტი პრეცედენტად დარჩეს და მსგავსი ფაქტები მომავალში აღარ განმეორდეს.

„გაჩეჩილაძემ ვერ გაიხსენა - სამი კვირის მანძილზე მის გვერდით ვინ ზის და ეს საკითხიც ვერც კომიტეტმა გამოარკვია? მე, როგორც პარლამენტის წევრი ამ საკითხის გამორკვევას ვიწყებ და გავიგებ, მან ხმა თუ ვის ნაცვლად მისცა. რასაც ვისმენთ, სირცხვილია. ასეთი რამ, არც უმრავლესობას უკადრებია და არც უმცირესობას“, - აღნიშნა ბიუროს სხდომაზე სპიკერმა და ხუმრობით დასძინა, რომ საქმის შესწავლისთვის პროკურორებიც რომ დასჭირდეს, მზად არის მათ მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ დავით უსუფაშვილის მსაგვსად, უკმაყოფილება ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემაც გამოთქვა და განაცხადა, რომ ინციდენტის გარკვევისთვის სხდომის ვიდეო ჩანაწერი უნდა გადაიხედოს.

 „ეს ყველაფერი სირცხვილია და სჯობს, ან ერთმა თქვას სიმართლე, ან მეორემ“, - დასძინა კობახიძემ.

სანამ, დავით უსუფაშვილი ვითარებას შეისწავლის და იმ პირის ვინაობას დაადგენს, რომლის გამოც, „პოლიტიკურ მარწუხებში“ გაჩეჩილაძე მოექცა, საკითხის გარკვევა for.ge თავად გიორგი გაჩეჩილაძესთან შეეცადა, თუმცა, მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა და პირიქით გვისაყვედურა. „ეს საკითხი, რით ვეღარ ამოწურეთ?“, - დასძინა მან და ტელეფონიც გათიშა.

მართალია, გაჩეჩილაძე ამ ინციდენტის გახსენება-შეხსენებით ღიზიანდება, მაგრამ ფაქტია, რომ ის საპარლამენტო უმცირესობის ქილიკის ობიექტიც გახდა. იმ გუნდის, რომელთა წარმომადგენელს - პეტრე ცისკარიშვილს პულტზე თითის მიმჭერად ყოფილი დეპუტატის - გიორგი იმნაძის სახით, დამხმარე პერსონალი ჰყავდა. კერძოდ, წინა მოწვევის პარლამენტში, პეტრე ცისკარიშვილი დარბაზში თითქმის ყოველთვის იჯდა, მაგრამ ზოგჯერ, პულტს თითს თავად არ აჭერდა და ამ ფუნქციას, მისი გვერდით მჯდომი გიორგი იმნაძე ითავსებდა.

რაც შეეხება იმ საკითხს, დეპუტატის მიერ სხვისი პულტით სარგებლობა თუ რა სანქციებს გულისხმობს, რეგლამენტის 139-ე მუხლის თანახმად, ხმის მიცემის უფლებისა და ხმის მისაცემი ბარათის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია. ამ ნორმის დარღვევისთვის კი, ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. კერძოდ, რეგლამენტის 286-ე მუხლის მეექვსე პუნქტის თანახმად, თუ ერთი დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში, ან რეგისტრაციაში, მას  ხელფასის 20 პროცენტი დაუკავდება.