„ამ იარაღით არჩევნების შედეგის შეცვლა იგეგმებოდა“

„ამ იარაღით არჩევნების შედეგის შეცვლა იგეგმებოდა“

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ დიდი ოდენობით უკანონო შეიარაღება ამოიღო. როგორც თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, ეს იარაღი სამხედრო პოლიციამ, ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციასთან ერთად, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ამოიღო. 
ეს არის სხვადასხვა კალიბრისა და მოდელის მაყუჩიანი იარაღი, რომელიც რეგისტრირებული არსად არის. იარაღის საცავის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროსთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოქალაქემ თავდაცვის უწყებას მიმართა.

სამხედრო პოლიციის უფროსის, კახა ჩიხრაძის განმარტებით კი, ამოღებულია დაახლოებით ასი ერთეული იარაღი, მათ შორის მპ-5, მპ-3, მპ-5კ და ჰეკლერკოხის ავტომატური იარაღები. 

არჩევნების წინ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი სოზარ სუბარი აცხადებდა, რომ მაშინდელი შს მინისტრის, ბაჩო ახალაიასა და მისი ძმის დათა ახალაიას მიერ თბილისში 20-ზე მეტ ბინაში იარაღის საწყობები შეიქმნა, რითაც ხელისუფლება ფართომასშტაბიანი პროვოკაციების მოწყობას გეგმავდა.

როგორც სუბარი აცხადებდა, აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს ინფომირებულმა წყარომ მიაწოდა. სუბარი იმასაც ამბობდა, რომ წყაროს შესაბამისი ვიდეო მასალა გააჩნდა, რომელშიც აღწერილი იყო თუ როგორ შეჰქონდათ აღნიშნულ ბინებში იარაღი.

„ქართული ოცნების“ წევრი მამუკა არეშიძე თვლის, რომ ეს სწორედ ერთ-ერთია იმ 20 ბინიდან, რომელზეც „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე აცხადებდა.
„ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვიცოდით, რომ 20-ზე მეტი ბინა არსებობდა, სადაც ეს იარაღი ინახებოდა. მედიის საშუალებით ითქვა კიდეც ამაზე. ერთ-ერთი ბინა ვიცოდით, მაგალითად, რომ ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე იყო, მაგრამ ეს ამბავი ისე გახმაურდა მეზობლების მხრიდან, რომ მაშინვე დაცალეს.

პატარა ბავშვიც კი იოლად მიხვდება, რომ ეს ხდებოდა დაგეგმილი ძალისმიერი აქციებისთვის. სავარაუდოდ, ამისათვის უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც არ გამოვიდა.

ჩვენ მხოლოდ ვიცით ამბავი, 1 ოქტომბერის შემდეგ ზოგიერთი გადატრიალების გზით აპირებდა არჩევნების შედეგების შეცვლას. ამ საქმით მხოლოდ ერთი პირი არ იყო დაკავებული და ძალიან მალე გაიგეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, კერძოდ აშშ-ს საელჩოს მესვეურებმა. ამან გამოიწვია ის, რომ ეს გეგმა საერთოდ ჩაიშალა“,- აცხადებს მამუკა არეშიძე.

ჟურნალ არსენალის რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, თვლის, რომ ვერსიებზე საუბარი, რისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო განთავსებული ამ ოდენობის იარაღი, არ არის მიზანშეწონილი, რადგან ობიექტური გამოძიების ჩატარების შემთხვევაში ყველაფერი არც ისე რთულად დასადგენია.

„ყველამ ნახა ალბათ კადრებში, რომ ეს იყო საკმაოდ ძვირადღირებული და თანამედროვე იარაღი. რატომ და რისთვის იყო, ამას, ალბათ, გამოძიება დაადგენს. იარაღის გამოყენება ათასნაირი მიზნით შეიძლებოდა. საქართველოზე არავითარი საერთაშორისო სანქცია არ არის დაწესებული, რომელიც აუკრძალავდა რაიმე ტიპის შეიარაღების შესყიდვას. ერთადერთი, რაც საქართველოს არ შეუძლია, შეიძინოს, ეს არის 300 კმ რადიუსზე უფრო შორი მოქმედების რაკეტები და ბირთვული შეიარაღება. დანარჩენი ყველა ტიპის იარაღის იმპორტ-ექსპორტია დაშვებული, თუმცა ამ ცეცხლსასროლი იარაღის შესყიდვა ამ რაოდენობით, ვფიქრობ, კერძო პირს გაუჭირდებოდა. თანაც, ბევრ ქვეყანაში ავტომატური იარაღის გაყიდვა კერძო პირზე იკრძალება“,- აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

მამუკა არეშიძე თვლის, ამ ტიპის და ამ რაოდენობის იარაღის შესყიდვას კერძო პირები ვერ შეძლებდნენ და მხოლოდ სახელმწიფოსა და შესაბამის სტრუქტურებს შეეძლოთ მისი შეძენა. მისივე ვარაუდით, მაგავსი ტიპის იარაღი ფიგურირებდა ლაფანყურის სპეცოპერაციისას.

„მე ყველა ჩემს გამოსვლაში ვამბობდი, რომ ის იარაღი, რომელიც ნაჩვენები იყო რუსთავი2-ის ეთერში, ეს იყო საკმაოდ ძვირადღირებული იარაღი.  ეს არ არის ჩემი შეფასება. ეს არის ისრაელის სპეცნაზის ვეტერანების მიერ ჩატარებული ანალიზი, რომლის მიხედვითაც გამოყენებული იყო რამდენიმე მაღალტექნოლოგიური აპარატურა. მაგალითად, ღამის ხედვის ხელსაწყოები, ავსტრიული შაშხანები, რომელიც შეიარაღებაში მხოლოდ გრუ-ს სპეცნაზს აქვს და სხვას არავის ავსტრიელების გარდა. მათი დასკვნით, შეიარაღების ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, ეს იყო ელიტარული სპეცნაზის შეიარაღება. ესეც იმ კატეგორიის იარაღი იყო, რაც ლოპოტას ხეობაში ფიგურირებდა. ვფიქრობ, ასეთი იარაღი არ არის ქართულ შეიარაღებაში, ან თუ არის მცირე რაოდენობით“.

იპოვიან თუ არა იარაღის დანარჩენ საცავებს, ან არსებობს თუ არა კიდევ მსგავსი კონსპირაციული ბინები, ძნელი სათქმელია, თუმცა პოლიტიკოსები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სამხედრო პოლიციას მსგავსი ოპერაციის ჩატარება კვლავაც მოუხდეს.

„ჩემი ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში კიდევ არის მსგავსი სამალავები, როგორც მითხრეს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. ახლა, რა თქმა უნდა, მისი გამოყენების საჭიროება არ შეიძლება იყოს - იმ დღეებში უნდა გამოყენებულიყო. არ არის გამორიცხული, ინახებოდეს იმ ყბადაღებული 6-თვიანი ვადის გასვლისთვის, რომელზედაც ლაპარაკობს ყველა (ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება). თბილისში ამაზე ნაკლებად ლაპარაკობენ, თუმცა რეგიონებში ეს თემა აქტუალურია. ეს არის ერთგვარი გამამხნევებელი ტექსტი, რასაც ნაცმოძრაობის კოორდინატორები თავის მომხრეებს ეუბნებიან“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ დროისთვის არ სახელდება მოქალაქის ვინაობა და ბინის მისამართი. ვაკო ავალიანის განცხადებით, ძიება დაადგენს, თუ ვის მიერ და რა მიზნით მოხდა საცხოვრებელ ბინაში ამ არსენალის შეტანა. 

მამუკა არეშიძე თვლის, რომ ძალიან მარტივია მყიდველისა და გამყიდველის დადგენა, მისივე განმარტებით, ეს ისეთი ტიპის იარაღია, რომლის გადაადგილების მარშრუტის გამოაშკარავება არ არის რთული.