მშენებლობები აიკრძალა, თუმცა შეიძლება მაინც დაუშვან

მშენებლობები აიკრძალა, თუმცა შეიძლება მაინც დაუშვან

უნდა გაჩერდეს თუ არა საქართველოში მიმდინარე მშნებლობები, ეს საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის. 31 მარტიდან საქართველოში გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობა შევიდა ძალაში. ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ გამონაკლისი ეკონომიკური საქმიანობების გაგრძელება არის შესაძლებელი. ასეთი დარგების ჩამონათვალს შორის მშენებლობები არ შედის. შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ვადის ამოწურვამდე ეს ეკონომიკური საქმიანობა არ არის დაშვებული. ეს კი ნიშნავს, რომ ამ სექტორში დასაქმებული ათასობით ადამიანი დროებით უმუშევარი იქნება.

მთავრობის სპეციალურ დადგენილებაში განსაზღვრულია, რომ სახელმწიფოს გამონაკლისის წესით შეუძლია ცალკეულ კომპანიებს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცეს, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ სახელმწიფოს დაკვეთით მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაას. რეგიონული ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ნებისმიერმა კომპანიამ, რომელსაც საქმიანობის გაგრძელება სურს, უნდა დაამტკიცოს, რომ ის ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად იცავს უსაფრხოების ნორმებს.

„ჩვენ განვსაზღვრავთ მხოლოდ აუცილებელ სერვისებს, შესაძლოა საჯარო დაწესებულებებმაც დროებით უარი თქვან გარკვეულ მომსახურებაზე, რომლებიც ამ ეტაპისთვის არ იქნება მიჩნეული აუცილებლობად.

იგივე ეხება მშენებლობას. მსხვილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც მკაცრად კონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ყველა წესის უპირობო დაცვა, გააგრძელებენ მუშაობას, მაგრამ ასევე მოხდება კერძო სექტორთან მიმართებით და ის ორგანიზაციები, რომლებიც წარადგენენ მუნიციპალიტეტებში და ოპერატიულ შტაბებში დასტურს, რომ მათი სამუშაო პროცესი ორგანიზებულია ისე, რომ ეს შეესაბამება სრულად ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს, ასეთ სამშნებლო კომპანიებს მიეცემათ მუშაობის გაგრძელების საშუალება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქსტატის ინფორმაციით, მშენებლობის დარგი 2018 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 98 000 ადამიანს ასაქმებდა, ახლა აბსოლუტური უმრავლესობას უმუშევრობა ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ დეველოპერულ სექტორს აღნიშნული აკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მუშაობას აგრძელებს დეველოპერული კომპანია „არქი“. კომპანიაში ინფორმაციას შეზღუდვის შესახებ არ ფლობენ.

პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს „ანაგი დეველოპმენტშიც“, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მათი თქმით, „დღევანდელი მდგომარეობით, რეკომენდაციების გათვალისწინებით „ანაგი დეველოპმენტის„ მშენებლობები გრძელდება.

პირველი აპრილიდან საქმიანობის გაგრძელების უფლება, რომ არ აქვს, არ იცოდა ირაკლი როსტომაშვილმაც. „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს არავინ დაკავშირებია, ბოლო ინფორმაცია რაც მას აქვს არის ის, რომ დეველოპერებს მუშაობის გაგრძელება შეუძლიათ, თუმცა, რეკომენდაციების და კანონის სრული დაცვით.

ამ ეტაპზე საკოორდინაციო შტაბში მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელონ დეველოპერებმა მუშაობა. ამისთვის ეკონომიკის სამინისტრო გამოყოფს წარმომადგენელს, რომელსაც მეწარმე სუბიექტი დაუკავშირდება და დაუსაბუთებს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი კომპანიის მუშაობის გაგრძელება. სწორედ ამის მიხედვით გადაწყდება მიეცემათ თუ არა მათ საქმიანობის გაგრძელების უფლება. აღსანიშანვია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება როგორც მშენებლებს, ასევე მასალების მიმწოდებელ კომპანიებსაც.