ირაკლი კობახიძე: არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ზაფხულისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, არჩევნების ჩატარებას კი 31 ოქტომბერს შევძლებთ

ირაკლი კობახიძე: არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ზაფხულისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას, არჩევნების ჩატარებას კი 31 ოქტომბერს შევძლებთ

ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ შევჯერდით ყველაზე მჭიდრო ვადებზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია კონსტიტუციის კანონის მიღება და ეს არის დაახლოებით ორკვირიანი ვადა, როდესაც ამოიწურება საგანგებო მდგომარეობის პერიოდი.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იმედოვნებს, რომ ოპოზიციასთან ერთად კენჭს უყრიან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რაც იქნება იმის საშუალება, რომ საპარლამენტო არჩევნები სტანდარტულ ვადებში ჩავატაროთ.

„ეს ყველაფერი მთლიანობაში მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული - ეს დამოკიდებულია პანდემიასთან დაკავშირებულ ტენდენციაზე მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა არის ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ყველაფერი სათანადო დროში ჩაეტევა და ჩვენ შევძლებთ ამ ცვლილებების დამტკიცებას ზაფხულისთვის და იმედია, უფრო ადრეც. ასევე - შევძლებთ არჩევნების ჩატარებას 31 ოქტომბერს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, კონსტიტუციით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45 დღისა და არაუგვიანეს 60 დღისა.