პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოავლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა მონიტორინგის შედეგად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანამშრომლებმა 1-ელი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 204 მოქალაქე დააჯარიმეს. გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა. 1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.

„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.