პარალელები: პალესტინა-აფხაზეთი-სამხრეთ ოსეთი

პარალელები: პალესტინა-აფხაზეთი-სამხრეთ ოსეთი

პალესტინას, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის, გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის- საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო 9-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები.

სტატუსის გაზრდა პალესტინელებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის უფლებას აძლევს, ასევე ზრდის მათი მონაწილეობის ხარისხს გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოებში და საერთაშორისო სასამართლოში, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე საქმის კურსში არ იყო. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, გაეროში საქართველოს მისიის ცნობით, გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო უწყებამ მიიღო, თუმცა ამ დრომე ვერავინ ამბობს, რეზოლუციას გაეროში საქართველოს წარმომადგენელმა კახა ლომაიამ დაუჭირა მხარი, თუ მისმა მოადგილემ. თავად სახელისუფლო წრეებში არსებულმა ამგვარმა გაურკვევლობამ ქართულ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საზოგადოების გარკვეული ნაწილი თვლის, რომ საქართველოს მხრიდან ამ საკითხისადმი მხარდაჭერა საქართველოს კონფლიქტური რეგიონრების არაღიარების პოლიტიკას საფრთხეს შეუქმნის, ასევე ამერიკასა და ისრაელთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობის გამწვავებას გამოიწვევს. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით საქართველოს ხელისუფლებამ არაბულ სამყაროს ერთგვარი რევერანსი გაუკეთა იმისთვის, რომ ისინი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის მომხრეებად დარჩნენ.

ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ გააკეთა. მისი განცხადებით, პალესტინისთვის გაერო-ს არამუდმივი წევრის სტატუსის მინიჭებისთვის თანხმობის გადაწყვეტილება საქართველომ მოლაპარაკებაში მონაწილე ყველა მხარესთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო, კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაზე კონსულტაციები გაიმართა ამერიკასთან, ისრაელთან და ევროპულ სახელმწიფოებთან.

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩვენი საუკუნოვანი კავშირები. ასევე მეგობრობა და თანამშრომლობა ებრაელ ხალხთან. ამ რეგიონს ჩვენ მეგობრის თვალით ვუყურებთ და ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი ჩვენს გულისტკივილს იწვევს. ამ რეგიონში სტაბილურობის მიღწევა მოლაპარაკების გზით ჩვენი რეგიონის ერთ-ერთ ეროვნულ ინტერესად მიგვაჩნია. შესაბამისად, რეზოლუცია, რომელიც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იყო მიღებული, საქართველოს მიერ განიხილებოდა სწორედ ამ ჭრილში. გადაწყვეტილება მიღებული არ იყო ზედაპირულად, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ყველა მონაწილე მხარესთან. გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი, ეს ყველაფერი ჩვენი ეროვნული ინტერესებითა და ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევებით იყო განპირობებული. ჩვენი ურყევი პოზიცია და რწმენაა, მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით არსებული ფორმატით  ამ პრობლემის და ამ კონფლიქტის მოგვარება“, - განაცხადა ჯალაღანიამ.

მისი თქმით, საქართველო აგრძელებს იმ საგარეო პოლიტიკას, რომელსაც წლების განმავლობაში მიჰყვებოდა. ჯალაღანია ამბობს, რომ 1992 წელს პალესტინა აღიარებული გვყავს. გარდა ამისა, საქართველო უერთდებოდა გაერო-ს ასამბლეაზე წარმოდგენილ რეზოლუციებს, რომლებიც ხალხის ჰუმანურ ინტერესებს ემსახურებოდა.

„რაც შეეხება რეზოლუციას და მის ინტერპრეტაციას, ყოველგავრი სპეკულაციის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ გავაკეთეთ დათქმა, რომელშიც ჩვენი ხედვა განვსაზღვრეთ. ჩვენ იმედს ვიტოვებთ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობების გაფუჭებას არ გამოიწვევს, დარწმუნებული ვართ, რომ ამ ქვეყანასთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არ გაფუჭდება და დღემდე ისრაელის მხრიდან აღნიშნულ რეზოლუციასთან დაკავშირებით პროტესტის რაიმე ფორმა გამოხატული არ ყოფილა“, - აღნიშნა ჯალაღანიამ.

თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რეზოლუციას კონკრეტულად ვინ დაუჭირა მხარი, ლომაიამ თუ მისმა მოადგილემ.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავი უნდა შეეკავებინა. იგი ხაზს უსვამს, რომ ნახევრად ებრაელია და არ უნდა ამის გამო ვინმემ სუბიექტურობა დასწამოს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ თემის დრამატიზებაც არ არის საჭირო, რადგან ყველაფერი გამოსწორებადია. ექსპერტი იმედს გამოთქვამს, რომ ებრაული მხარე ჩვენს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება.

„მე ვფიქრობ, თემა არასათანადოდ იყო გაანალიზებული და ინფორმაციაც არასწორად იყო მიწოდებული. ჩემი აზრით, ყველაზე გონივრული თავის შეკავება იქნებოდა. ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, რომელსაც ასეთ გადაწყვეტილებებში აქტიური მონაწილეობა უნდა მიეღო. ჩვენთვის ორივე მხარე საპატივცემულოა“, - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო ისრაელთან თავისი ტრადიციული ურთიერთობისა და მისი მეგობრული ვალდებულებებიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ, ასეთი სახის რეზოლუციაზე მიერთებაზე თავს უნდა იკავებდეს.

„ისრაელის პოზიცია ჩვენთვის ცნობილია, რომ პალესტინის აღიარება უნდა მოხდეს, მას შემდეგ, რაც თვითონ ისრაელის და პალესტინის ხელისუფალნი შეთანხმებებს მიაღწევენ. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა სახის წინმსწრები რეზოლუცია, ან აღიარების მსგავსი ასეთი სახის წინმსწრები ფაქტები, თავისავად ისრაელის ხელისუფლებას აღიზიანებს და მას მხარს შეერთებული შტატები და ნაწილი ევროპის სახელმწიფოებისა უჭერს. მივიჩნევ, რომ საქართველო ისრაელთან თავისი ტრადიციული ურთიერთობიდან გამომდინარე, მისი მეგობრული ვალდებულებებიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ, ასეთი სახის რეზოლუციაზე მიერთებაზე, თავს უნდა იკავებდეს“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, აუცილებელია იმის გათვალისიწინება, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები, რომლებიც როგორც წესი, ასეთ საკითხებში კოორდინირებულად მოქმედებენ, ძირითადი ბირთვია იმ ქვეყნებისა, რომლებიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის გარანტად გვევლინებიან და აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის ლობირებას მთელს მსოფლიოში, პრაქტიკულად, ეს სახელმწიფოები ეწევიან. ამიტომ, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული რისკები გაჩნდა.

„ამერიკა თუ დაინახავს, რომ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ვუერთდებით რაღაც რეზოლუციებს, რომლებიც აშშ-ს ინტერესებს ეწინააღმდეგებიან, მან შეიძლება საქართველოს დაცვის მიმართულებით, თავისი ძალისხმევა შეასუსტოს. საუბარი იმაზე კი არ არის, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს, მაგრამ ჩვენი საქმეების მოსაგვარებლად, თავის დიპლომატიური რესურსის ხარჯვას შეამცირებს, არ გაიღებს ამხელა ენერგიას, როცა ნახავს, რომ ჩვენ ერთგული პარტნიორები არ ვართ“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, გოგი ხოშტარია აცხადებს, რომ ვინაიდან ამ გადაწყვეტილებას ამერიკამ და ისრაელმა მხარი არ დაუჭირეს, ამან იგი ცოტა შეაშფოთა, მაგრამ მეორეს მხრივ, პალესტინა ჩვენ უკვე აღიარებული გვყავს. მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ბევრი არაბული სახელმწიფო არსებობს, ჩვენ კი ძალიან მწვავედ გვიდგას ავტონომიების არაღიარების საკითხი. ამიტომ არაბული სახელმწიფოების პოზიცია ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

„მთელ რიგ ქვეყნებთან, რომლებიც შეიძლება სულ არ გვაინტერესებდეს, გარკვეულ რევერანსებს ვაკეთებთ, რათა მათ ჩვენი ავტონომიები არ აღიარონ. სხვა გამართლება ამ გადაწყვეტილებას არ აქვს, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენთვის ამერიკული და ებრაული მიმართულება უფრო ახლოს არის. მიმაჩნია, რომ ამერიკაც და ისრაელიც ჩვენს ამ გადაწყვეტილებას გაიგებენ და დიდ ყურადღებას არ მიაქცევენ. მე რამდენადაც ვიცი არჩევანი იყო და არაბს ვერ ეტყვი, გამიგეო. მით უმეტეს, ჩვენ უკვე აღიარებული გვყავს პალესტინა“, - აღნიშნავს ყოფილი მინისტრი.  

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხში, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, საქართველოს მხრიდან რატომ არ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავება. მისი თქმით, აუცილებელი არ იყო ამერიკისა და ისრაელისგან განსხვავებული პოზიცია დაგვეფიქსირებინა. ამიტომ თავის შეკავება ყველაზე მომგებიან სიტუაციაში ჩაგვაყენებდა.

„მე მინდა მოვისმინო მიზეზი, ასე რატომ მოვიქეცით. შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებას გამართლება აქვს, მაგრამ ჯერჯერობით, მე ის ვერ მოვისმინე“, - ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, ჩვენი ავტონომიების არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით საფრთხე, ჯერჯერობით, არ არსებობს, მაგრამ გამორიცხული არ არის, მომავალში ვინმემ პალესტინის პრეცედენტი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს.

„რა თქმა უნდა, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სიტუაცია პალესტინის სიტუაციისგან მკვეთრად განსხვავდება, თუმცა ასევე განსხვავებული იყო ის კოსოვოსგან, მაგრამ რუსეთმა ის მაინც სათავისოდ გამოიყენა. ამიტომ ვიმეორებ, ჩემი აზრით, უფრო ლოგიკური ამ გადაწყვეტილებისგან თავის შეკავება იქნებოდა,“ - აღნიშნავს შარაშენიძე.