„ინფრასტრუქტურული პროექტები ახლა ზედმეტია ხარჯია, ახლა ფულის დაზოგვის დროა“

„ინფრასტრუქტურული პროექტები ახლა ზედმეტია ხარჯია, ახლა ფულის დაზოგვის დროა“

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ შეხებია და ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მუშაობა. ამ დროს ბიუჯეტს უზარმაზარი ხარჯი აქვს ჯანდაცვის კუთხით და არანაკლები ელის სოციალური მიმართულებითაც. ქვეყანა კი თანდათან კრიზისში ეფლობა. რა საჭიროა ამ დროს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, როცა სასიცოცხლო მნიშვნელობა სულ სხვა პირორიტეტებს ენიჭება?

ეკონმოისტები მთავრობას ურჩევენ, სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს თავი დაანებოს და ბიუჯეტი სულ სხვა მიმართულებით გამოიყენოს, მით უფრო, რომ მისი შესაძლეობლობები მწირია, ხოლო ხალხი კი ურთულეს მდგომარეობაშია. ფინანსისტი აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მოსახლეობის იმ ჯგუფების დახმარებას აგვიანებს, რომლებმაც კორონავირუსის გავრცელების გამო სამსახური დაკარგეს.

„ხელისუფლება ნაბიჯების გადადგმას აგვიანებს, ეს პაკეტები უკვე მზად უნდა იყოს და საზოგადოებისთვის შეთავაზებული. არ შეიძლება ასე დაგვიანება, რადგან ყოველი დღე ძვირფასია და ყოველი მომდევნო დღე ისევ უფრო ამწვავებს ვითარებას.

დახმარების პაკეტები, ძირითადად, სოციალურად შეჭირვებული ჯგუფებისთვის უნდა იყოს, იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ზუსტად ვიცით, რომ სამუშაო დაკარგეს და მათ უახლოეს პერიოდში, ვერ იპოვნიან“, - განაცხადა ფინანსისტმა.

ამასთან, აკაკი ცომაია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ბევრი არასაჭირო ხარჯის შეკვეცა შეიძლება. ინფრასტრუქტურული პროექტებიც უნდა შეჩერდეს და ეს თანხა მიზნობრივ პროგრამებზე დაიხარჯოს.

„რესურსი უნდა გამოინახოს. ჯერ ერთი, ძალიან ბევრი არასაჭირო ხარჯია, რასაც მთავრობა ახორციელებს და არ გვინდა ამაზე პოლიტიკური დებატების გამართვა, მათ შორის, ბევრი კორუფციული ხარჯია ცნობილი. ასევე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც თუ კარანტინია, უნდა დაკონსერვდეს, გაჩერდეს ამ მომენტისთვის. ეს ცუდია, მაგრამ რესურსი ახლა უნდა გამოვიყენოთ ტრანსფერებისთვის, მიზნობრივი პროგრამებისთვის და წერტილოვნად უნდა განვახორციელოთ ეს დახმარება ზუსტად იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს“, - განუცხადა „ბიემს“ ცომაიამ.

მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებას ემხრობა, საკონსულტაციო კომპანია „პიემსიჯის“ გენერალური დირექტორი, ლექსო ალექსიშვილიც. მისი აზრით, არათუ ქართული, არამედ მსოფლიო ეკონომიკა მსგავსი კატასტროფის წინაშე არ ყოფილა და დღეს მდგომარეობიდან გამოსავლის რამე მზა რეცეპტი არ არსებობს. ამიტომ ალექსიშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ ასეთი კრიზისის ფონზე უმჯობესია, არავითარი სტიმულირება ან გადასახდების გადავადება არ მოახდინოს და მხოლოდ კრიზისის დაძლევაზე იფიქროს.

„ამ კონკრეტულ ყველაზე ექსტრემალურ ვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც წელს გვქონდა დაგეგმილი და ამაზე ვალდებულება ჯერ არ აგვიღია, არც ავიღოთ, რადგან შეიძლება ფული დაგვჭირდეს. სახელმწიფოს სჭირდება ფინანსური რესურსი, რომელიც ეფექტურად უნდა გამოიყენოს. მესმის, რომ ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია და ის, რაც დაწყებული გვაქვს უნდა დავასრულოთ, მაგრამ რომელიც ჯერ არ დაგვიწყია, მათი სასწრაფოდ განხორციელება საჭირო არ არის.

მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ასეთი არ ყოფილა არასდროს მსოფლიოში. ამიტომ ისევე, როგორც ჯანდაცვაში არ არსებობს რეცეპტი ამ ვირუსთან საბრძოლველად, ეკონომიკაშიც არ არსებობს კონკრეტული რეცეპტი, ეს როგორ უნდა დავძლიოთ. შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა შეიძლება კონტრპროდუქტიული გამოვიდეს“, - განაცხადა ალექსიშვილმა.

ჯერჯერობით კი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ შეხებია. კარანტინის პირობებში კი გრძელდება სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების მშენებლობა.