„საკონსტიტუციო ცვლილებებზე შუამავლები დაგვჭირდა, ქართველი ქართველთან ვერ პოულობს საერთო ენას და აფხაზთან და ოსთან იპოვის?“

„საკონსტიტუციო ცვლილებებზე შუამავლები დაგვჭირდა, ქართველი ქართველთან ვერ პოულობს საერთო ენას და აფხაზთან და ოსთან იპოვის?“

ოკუპირებულ აფხაზეთს, ახალი დე-ფაქტო პრეზიდენტი ჰყავს. არჩევნებში გამარჯვებული ასლან ბჟანია ჩატარებული არჩევნებიდან უკვე მეორე დღეს, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მათი ინტერესია, საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს. მისივე თქმით, ორმხრივი დიალოგი შეუძლებელია სწორედ იმის გამო, რომ საქართველო აფხაზეთს არ აღიარებს. ბჟანიას ასეთი ხისტი განცხადების მიუხედავად, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ დე-ფაქტო აფხაზეთთან, დიალოგისთვის შესაძლებელია ახალი პლტფორმების განხილვა. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკებზე, რომ პირდაპირი კონტროლის არქონის პირობებში რთულია, საქართველოს ხელისუფლებამ გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები ვირუსის შესაკავებლად. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for-ge-სთან ინტერვიუში ციხელაშვილის განცხადებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ დროა ქართულმა მხარემ ქმედითი ნაბიჯები რეალურად გადადგას, სწორედ ახლა ამისათვის კარგი შესაძლებლობა გვეძლევა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ასევე საყურადღებოა ასლან ბჟანიას განცხადებაც, რაც დადებითი კუთხით უნდა შეფასდეს:

- იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთიდან იყო მომართვიანობა, ჩვენ ვალდებულებიც ვართ დავეხმაროთ. პრობლემა ის არის, როცა აფხაზები არ მოგვმართავენ და არ აღიარებენ ჩვენს იურისდიქციას. აქ საუბარია იმაზე, ისინი ჩვენ მოგვმართავენ თუ არ მოგვმართავენ. ჯანდაცვის სფერო, ერთ-ერთი წარმატებული პროექტი არის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის, ამიტომ ისინი ინდივიდუალურად გადმოდიან, საკუთარი ნებით და მკურნალობენ. სახელმწიფოც ვალდებულია მათ გაუწიოს დახმარება, მაგრამ ახლა, ადამიანი ვერ გაიგებს წინასწარ არის თუ არა ამ ვირუსით დაავადებული, ამიტომ, ან ადგილზე უნდა დაუსვან დიაგნოზი და დაუწყონ შესაბამისი მკურნალობა, ან მიმართონ საქართველოს. ამიტომ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწევს გვთხოვოს დახმარება, ან რუსეთს სთხოვოს დახმარება. ფაქტია, აფხაზეთი რუსეთის ტერიტორიაზე ვერ გადაიყვანს ავადმყოფებს, იმიტომ, რომ რუსეთმა ის უკვე აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და შესაბამისად, რუსეთს არანაირი ვალდებულება არ აქვს. მოგეხსენებათ აფხაზეთში ამჟამადაც იმყოფებიან რუსი ტურისტები და ახლა გაყავს რუსეთს.

მთავარი საკითხია, დე-ფაქტო ხელისუფლება ამის ნებას მისცემს საკუთარ მოქალაქეებს, რომ დახმარება ითხოვონ?

- თუ არ დართავენ ნებას, მაშინ მოუწევთ თავის ტერიტორიაზე უმკურნალონ და აქვთ საშუალებები? ვფიქრობ, ამის საშუალება არ აქვთ. მაგრამ რუსეთი დაეხმარება მედიკამენტებით და ასე შემდეგ აფხაზებს, უბრალოდ მათ თავის ტერიტორიაზე გადასვლის საშუალებას არ მისცემენ.

ზოგადად, აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები ყოველთვის აქტიურად ხდებოდა განხილვის საგანი, იყო გარკვეული მოლოდინებიც, თუმცა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ აფხაზები დაინტერესებულები არიან, რომ თბილისმა აღიაროს, აქედან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება, პოლიტიკური ვექტორი კვლავ უცვლელი რჩება?

- თუ ომი არ არის, იქ არის მოდუნებული სიტუაცია. სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკა. ჩვენ, გახსოვთ, დავიწყეთ გარკვეული მოლაპარაკებები, გამოვიყვანეთ პატიმრები, რომლებიც პრაქტიკულად, გვაჩუქეს აფხაზებმა, ანუ ადგილი ჰქონდა გარკვეულ დინამიკას, მაგრამ, „ქართულ ოცნებაში“ მოხდა განხეთქილება, დაიშალა კოალიცია და მათ მიიღეს გადაწყვეტილება დაბრუნებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს, რომ რუსეთი არის ჩვენი მტერი და მასთან უნდა მოვაგვაროთ ეს კონფლიქტი, აფხაზები ვინ არიან? ანუ დღესაც, როდესაც ლაპარაკი მიდის დახმარებაზე, ვამბობთ, რომ ხალხს ვეხმარებით, ანუ ქართული ოფიციოზი ხაზს უსვამს, რომ აფხაზურ მხარესთან ყოველგვარი პოლიტიკური ურთიერთობები გამორიცხულია. თუ პოლიტიკა და პოზიცია არ შეიცვალა, არც არაფერი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს. სიმართლე გითხრათ, მე აფხაზებისგან არც არაფერს არ ველოდები, მაგრამ ჩვენთან უფრო ვხედავ პრობლებას. მათ თქვეს, რომ მზად ვართ პირდაპირი კონტაქტები გვქონდეს ქართულ მხარესთან. ბჟანიამ ცალსახად თქვა - ჟენევა საკმარისი არ არის.

ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მზად არიან აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგისთვის, ეს მორიგი არაფრისმთქმელი განცხადება იყო თუ რაღაც რეალური საფუძველიც შეიძლება არსებობდეს? და ზოგადად, საერთო პლატფორმაში რას გულისხმობდა, ხომ ვერ გვეტყვით?

- ეს მე კი არა მანაც არ იცის, რას გულისხმობს. ასეთი რაღაცეები ხდება ნათელი მოლაპარაკებების დროს, მთავარია, დაიწყოს ეს მოლაპარაკებები პლატფორმაზე. ბჟანიას წარმოდგენაც არ აქვს ამაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს აფხაზები და ქართველები შუამავლის გარეშე დასხდნენ და დაიწყოს საჭირბოროტო საკითხებზე ლაპარაკი.

ბჟანიას განცხადება, რომ „თბილისმა გვაღიაროს“, ეს თავშივე ხომ არ სპობს დიალოგის შესაძლებლობას?

- ომის დამთავრებიდან დღემდე აფხაზები სულ ამას გაიძახიან. ბჟანიამ ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ ყველაზე კარგი ვარიანტია ქართვეებმა გვაღიარონ, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ არ გვაღიარებენ და მაშინ არაფერი გავაკეთოთო? მან ამით მიმართა თავის ოპონენტებს. ასე რომ, საზოგადოებაში აზრებია გაყოფილი, ერთია, რომ ქართველებს არ ველაპარაკებით იმიტომ, რომ არ გვაღიარებენ, და მეორე - ბჟანიას პოზიციაა განსხვავებული, ქართველები სანამ არ გვაღიარებენ, მანამ უნდა ველაპარაკოთ. ასე რომ, ბჟანია მომხრეა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ გვაღიარებს, ჩვენ მაინც უნდა დაველაპარაკოთ სხვა საკითხებზე, გარდა აღიარებისა. ახლა რომ ამოვაყირაოთ ჩვენი კითხვა, - ვიდრე აფხაზეთი არ დაგვიბრუნდება და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ვაპირებთ მათთან ლაპარაკს... მე არ ვეთანხმები ამ პოზიციას. უამრავი სხვა საკითხია აღიარებამდე: ჰუმანიტარული, კულტურული, ეკონომიკური ადამინის უფლებები და სხვა. აი, აქ უნდა ვიმუშაოთ და კარგად უნდა მივიღოთ ბჟანიას განცხადება. მაგრამ, ვინ უპასუხა ბჟანიას ამ განცხადებას? უპასუხა უშიშროების სამსახურმა, რაც ჩემთვის გამაოგნებელი იყო. რა შუაშია აქ უშიშროების სამსახური და მათი პასუხი იყო - სალაპარაკოდ ჩვენ გვაქვს ჟენევის ფორმატი, და იქ გველაპარაკონო. ეს იყო პასუხიმგებლობის ძალიან უხეში ფორმით მოცილება. და ასეთი პასუხი ნამდვილად არ მომეწონა.

ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობის, ამერიკის ნების გარეშე ქმედით ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ, ასევე აფხაზეთი, რუსეთის ნების გარეშე ვერ დაგველაპარაკება ვერც ერთ საკითხზე...

- დასავლეთი დაგვეხმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ საერთო ენას გამოვნახავთ და დავაჯერებთ, რომ ერთ სახელმწიფოში ცხოვრება მათთვისაც და ჩვენთვისაც უფრო უკეთესია, ვიდრე ცალ-ცალკე. ჩვენ გვაქვს ერთი პლუსი, რომ აფხაზებს არ უყვართ რუსები, ეშინიათ მათი. არც ჩვენ ვუყვარვართ ფაქტია, მაგრამ მთელი მსოფლიო აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. მათ კარგად იციან, რომ მსოფლიო არ მიესალმება რუსეთის მიერ მათ ანექსიას და მსოფლიოსთვის ეს მისაღები არ იქნება. მსოფლიო ელოდება ჩვენგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, რომ მერე ისინი რუსებს დაელაპარაკონ რაც, რა თქმა უნდა, რთული იქნება. ვიდრე ჩვენ აფხაზებს არ დავაინტერესებთ, წინ ვერაფერი ვერ წავა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ და აფხაზებს ერთად ცხოვრების გამოცდილება არ გვქონია გარდა საბჭოთა პერიოდისა. ქართველებს ვეკითხები, როცა ვლაპარაკობთ ერთად ცხოვრებაზე, რომელ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ, შეგიძლიათ მითხრათ? გადამიარა მთელმა საქართველომ, ჟურნალისტებმა ცალკე, ოპოზიციამ ცალკე, ნუ ეს გასაგებია, შიგნით მთავრობაში გადამიარეს, მაჩვენონ, როდის გვიცხოვრია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ერთად, მანამდე იყო შუა საუკუნეები, ანუ, შუა საუკუნეებს ვთავაზობთ? მათ უნდა დაანახვო როგორ სახელმწიფოს ვთავაზობთ, თუ მათ რაიმე არ შევთავაზეთ, დასავლეთი ვერაფრით ვერ დაგვეხმარება. რაც შეეხებს რუსეთს, ის ყოველთვის ხელს შეგვიშლის იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, რომ საქართველოს არ შესწევს უნარი ჩამოაყალიბოს რა უნდა ბოლოს და ბოლოს აფხაზეთთან.

ფაქტია, რუსეთი ყოველთვის ივაჭრებს ამ ტერიტორიებით, რაც არ უნდა შევთავაზოთ..

- ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი - ან უნდა ვივაჭროთ, ან უნდა დაველოდოთ, რომ ვიღაცა ჩამოვა ციდან და აფხაზეთს დაგვიბრუნებს - არ მოხდება ეს. 30 წელი გავიდა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ კიდევ ბევრი 30 წელი გვაქვს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ძალიან ცდება. ჩვენ გვაქვს მაქსიმუმ ათი წელი. იმიტომ, რომ რუსეთი ძლიერდება, ნახეთ რას აკეთებს პუტინი, ცვლის კონსტიტუციას, გახდა აგრესიული, ნახეთ როგორ ააცალა უკრაინას ცხვირწინ ყირიმი, ასეთი დანაშაული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა მსოფლიოში. თანაც ხარ უშიშროროების საბჭოს წევრი და სახელმწიფო, რომელსაც ევალება წესრიგის დაცვა მსოფლიოში, ის არღვევს წესრიგს. მეორე, ბელორუსიას როგორ ეჭიდავება, ყაზახეთს, ახლა კორონა ვირუსმა შეუშალა ხელი თორემ კიდევ უფრო აგრესიული ხდება. რუსეთი ახლა აფხაზეთში ელოდება თავის სასარგებლო სიტუაციის წარმოქმნას. ახალი თაობა მოვა და იტყვის - დავიღალეთ, ჩვენგან არ გამოდის დამოუკიდებელი სახელმწიფო, არის კრიმინალი, კორუფცია, არ ვითარდება ეკონომიკა და მოდით, მიგვიერთოს რუსეთმა. მაქსიმუმ ათი წელი გვაქვს ჩვენ, ამიტომ უნდა ჩამოვაყალიბოთ, რას ვთავაზობთ აფხაზეთს, ეს არის ძალიან რთული საქმე. გეთანხმებით, რომ რუსეთი ყოველთვის ივაჭრებს. ოსები ეხვეწებიან რუსებს რომ მიიღოს და არ იღებს, რატომ? - იმიტომ, რომ რუსეთი არ აკეთებს ამას, ის სავარაუდოდ, სავაჭროდ იტოვებს ამ ტერიტორიებს. ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შუამავლები დაგვჭირდა, ქართველები ერთმანეთთან ვერ ჯდებიან მოლაპარაკებაზე, ამისთვის მათ უცხოელების ჩარევა დასჭირდათ, ქართველი ქართველთან ვერ პოულობს საერთო ენას და აფხაზთან და ოსთან იპოვის საერთო ენას? დრო ჩვენს სასარგებლოდ არ მუშაობს, დრო მუშაობს მხოლოდ რუსეთის სასარგებლოდ.

თქვენ ამ საკითხებზე ძალიან ბევრი წლებია ლაპარაკობთ, გამოიცვალეთ შევარდნაძის ხელისუფლება, სააკაშვილის ხელისუფლება, დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ საინტერესოა, რატომ ვერ იგებს ვერც ერთი ხელისუფლება ამ მარტივ ჭეშმარიტებას, ეს ყველაფერი ხომ ხელისგულზე დევს..

- სამწუხაროდ, ქართველი პოლიტიკოსებისთვის მთავარია ხელისუფლებაში ყოფნა და არა სახელმწიფოს ინტერესებზე ზრუნვა. როდესაც მოდიან ხელისუფლებაში, უკვე წასვლა აღარ უნდათ. ასე რომ, ხელისუფლებას აკლია სითამამე, არავის არ უნდა აუტკივარი თავი აიტკივოს.

ვფიქრობ, აქ პოლიტიკური უმეცრებაც არის სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად..

- გამოუცდელობა, არაკვალიფიციურობა, ყველაფერი უარყოფითი შეიძლება ჩამოვთვალოთ იმიტომ, რომ ჩვენთან არ არსებობს პოლიტიკური კლასი, რომელიც უნივერსიტეტში ისწავლის პოლიტიკას, შემდეგ წავა პოლიტიკურ პარტიაში და პოლიტიკური პარტიიდან იდეოლოგიით და პროგრამით მოვა ხელისუფლებაში. ჩვენთან მოდიან ლიდერები. პირველად საქართველოს ისტორიაში გვაქვს უნიკალური შანსი - არ გვყავს გმირი, ჩვენ უნდა ვიქექოთ ახლა პოლიტიკურ სანაგვეში. ანუ გვაქვს არჩევანი მხოლოს არსებული ვითარებიდან გამომდინარე. არავითარი თეთრ ცხენზე ამხედრებული გმირი ჩვენთან არ მოვა და არ გვიშველის. ეს კარგი სიტუაციაა, გვაქვს არჩევანი იმისა, რაც გვაქვს, 120/30-ზე და პარლამენტში მოვიდეს ისეთი ხალხი, თუ მოუწევთ კონკურენცია და არც ერთ პარტიას არ ექნება აბსოლუტური უმრავლესობა, მაშინ წამოვა უკვე პოლიტიკური კონკურენცია, მოუწევთ დანიშნონ პროფესიონალები, რათა სხვა პარტიებს გაუწიონ კონკურენცია. ანუ, ჩვენს სასარგებლოდ დრო არ მუშაობს და ეს დრო ჩვენ უნდა გამოვიყენოთ.

 

Katana . " ქართველი ქართველთან ვერ პოულობს საერთო ენას და აფხაზთან და ოსთან იპოვის საერთო ენას?"
და რა ვქნათ?
თქვენ რომ სრული თავისუფლება მოგცენ, რას ეტყოდით, რა "საერთო ენას" იპოვიდით, საინტერესოა?
კატეგორიულად გიცხადებენ: სისხლით მოპოვებულ (ხომ არ იტყვიან - რუსებისა და სომხების მიერ მოპოვებულ) დამოუკიდებლობას არ დავთმობთო, საქართველოსთან კვლავ ინტეგრაციაზე არც იოცნებოთ და სხვა რაზეც გინდათ, დავილაპარაკოთო!!!
სხვა რაზე უნდა ელაპარაკო, ანეკდოტებს ხომ არ მოუყვები არძინბასა და შევარდნაძეზე?!
ბჟანია იძახის, ვაღიარებთ საქართველოს დამოუკიდებლობას და მეტი რა გავაკეთოთო!..
ალბათ, მადლობა უნდა მოვახსენოთ, რომ აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და აფხაზეთის შემადგენლობაში ავტონომიის სახით შესვლას არ ითხოვს ჩვენგან!
ამდენი დიდი სახელმწიფო აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობას და საქართველო არ აღიარებსო! - ძალიან ნაწყენია ბ-ნი ბჟანია!
ამ პოზიციაზე მყოფს, გინდა ჟენევაში ელაპარაკე, გინდა მონტევიდეოში - რა აზრი აქვს!..
2 თვის უკან